News დაიჯესტი

თბილისმა დემოკრატიული სკოლების კონფერენცია-გამოფენას უმასპინძლა

ExpoGeorgia-ში დემოკრატიული სკოლების კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. ღონისძიება პირველად ჩატარდა და მისი მიზანი იყო  საქართველოს სკოლებში დემოკრატიული მართვის კულტურის გაძლიერება.

ღონისძიება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ გახსნა. ასევე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა და USAID/საქართველოს დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლიზა კოვაკმა.

თავის გამოსვლაში თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში დღეს ოთხ სკოლაში ფუნქციონირებს უკრაინული სექტორი: ”ჩვენ  დავასაქმეთ უკრაინელი მასწავლებლები, ფსიქოლოგები, რადგან იმ ბავშვებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირდათ, მეტ-ნაკლებად საკუთარ სახლში ეგრძნოთ თავი”.

მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, რომელიც პროფესიით ებრაისტია, გაიხსენა ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესის სიტყვები.

”მსოფლიო მოქალაქემ შიმონ პერესმა თქვა: ”როცა ისრაელს ვაშენებდით და ჩვენს ქვეყანაში ავდიოდით, დაგვხდა ორი რამ: უდაბნო და ბევრი კოღო. ჩვენ არ გვქონდა ნავთობი, არ გვქონდა არანაირი ბუნებრივი სიმდიდრე, მაგრამ დავინახეთ მთავარი -ადამიანი და უდიდესი განძი – მისი ცოდნა”. სახელმწიფო ისრაელი საკუთარი ხელებით  ააშენეს მისმა პატრიოტებმა, ცოდნით სავსე მოქალაქეებმა. ჩვენს ხელშია ჩვენი მომავალი”, – თქვა თამარ მახარაშვილმა.

ლიზა კოვაკმა ქართულ მხარესთან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.  „ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ პროგრამას. სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვთანამშრომლობთ 650 სკოლასთან და ეს დაეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობა… ჩვენ მადლობას ვუხდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მთავრობის წარმომადგენლებს, ყველას, ვისც წვლილი შეაქვს ბავშვების მომავალში“, – აღნიშნა ლიზა კოვაკმა.

ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა თემატური დისკუსიები სკოლაში გაზიარებული ლიდერობის, მოსწავლეთა თვითმმართველობის როლისა და დემოკრატიული მართვის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.

გამოფენა-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა საქართველოს ყველა რეგიონიდან. მათ შორის იყვნენ სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები, მოსწავლეთა თვითმმართველობების წევრიმოსწავლეები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და განათლების ექსპერტები.

პროექტში აქტიური მონაწილეობა თბილისის რეგიონმა მიიღო. USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის თბილისის კოორდინატორმა შორენა ტაბატაძემ ჩვენთან საუბრისასს აღნიშნა, რომ პროცესი გამჭირვალეა და შედეგზე ორიენტირებული.

”USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოფენა-კონფერენცია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისის პარტნიორი და არაპარტნიორი სკოლები. ეს პროცესი ხელს უწყობს სკოლაში დემოკრატიული კულტურის  განვითარებას, მოსწავლეთა ჩართულობას გადაწყვეტილების მიღბის პროცესში. ეს პროგრამა ძალიან გამჭირვალეა და შედეგზე ორიენტირებული. ბევრი კარგი პროექტი ხორციელდება. სკოლები იღებენ გადაწყვეტილებას მოსწავლეთა თვითმართველობის ჩართულობით, სხვადასხვა მხარეა ჩართული, მათ შორის მშობლები, მთელი სასკოლო საზოგადოება. მე  მოხარული ვარ, რომ თბილისის 182-ე სკოლა არის წლის ყველაზე დემოკრატიული სკოლა თბილისის რეგიონში”, – განაცხადა შორენა ტაბატაძემ.

USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

https://www.facebook.com/USAIDCEP?mibextid=LQQJ4d

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close