News დაიჯესტი

გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი

სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია – ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები“ გაიმართა.
კონფერენცია ათეას ვიცე-პრეზიდენტმა, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ გახსნა.

ჰიბრიდულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ბაია კვიციანმა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავმ.
ღონისძიების მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებას, ასევე დეტალურად გაეცნო დროის გამოყენების კვლევას საქართველოში და მის
მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში.
თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობა ადამიანის უფლებაა, ღირსეულად იცხოვროს ისეთ გარემოში, სადაც ხდება რესურსებისა და შესაძლებლობების თანაბარი განაწილება, ქალისა და მამაკაცის თანაბარი განვითარება. ძლიერია საზოგადოება, სადაც ქალები და მამაკაცები ერთნაირი უფლებებით, ერთნაირი რესურსებით და შესაძლებლობებით სარგებლობენ.

მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, საქართველომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, რაც პოზიტიურად აისახა არა მხოლოდ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში, ასევე, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში. ამასთან, თბილისის მერმა გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება.

„აღნიშნული ცვლილებები, ასევე, მოიცავს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელებას და კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ რჩება პრობლემები და ამ მიმართულებით არსებობს გამოწვევები, რომლებიც სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს, რისთვისაც აუცილებელია ქალთა გაძლიერება ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობის შექმნის გზით. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისთვის გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, შევქმენით გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რათა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე, თავად მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად. 2020 წლის დასაწყისში, ასოციაციამ, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ათეა-ს გენდერული თანასწორობის პლატფორმა, საქმიანობის რეგულირების დოკუმენტებში ინტეგრირდა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პრინციპები, შემუშავდა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების სახელმძღვანელოები მუნიციპალიტეტებისთვის“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მხარდაჭერით, ,,ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და კაცთა თანასწორობის შესახებ’’ ევროპულ ქარტიას კიდევ 5 ქართული მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

ამჯერად, დოკუმენტს ზუგდიდის, ზესტაფონის, ჩოხატაურის, სამტრედიისა და ბაღდათის თვითმმართველი ერთეულების მერებმა მოაწერეს ხელი, რითაცდაადასტურეს გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

ათეას ადვოკატირებით, ქარტიას სულ 26 თვითმმართველი ერთეული შეუერთდა,
თუმცა აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე ევროპულ ქარტიასთან მიერთების მზადყოფნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებმაც დააფიქსირეს.

ევროპული ქარტია, რომელიც ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს (CEMR) მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და კაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია, ეროვნული კონფერენციის – ,,გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები” ფარგლებში გაიმართა, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით მოეწყო.

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close