POSTS დაიჯესტი

“ეს არის კულტურა სოფლიდან ქალაქად ჩამოსული ადამიანებისა, რომლებმაც ქუჩა გაიხადეს სოციალიზაციის ადგილად”- გიგა ზედანია

“ძალადობის კულტურა ჩვენში ქუჩის კულტურაა. თავად ქუჩა კი არის ჰიბრიდი სოფელსა და ქალაქს შორის, რომელიც სინამდვილეში არცერთს არ ეკუთვნის ანუ არც სოფელია, თავისი ტრადიციული და მყარი კულტურული სტრუქტურებით და არც – ქალაქი, თავისი დინამიკური და მრავალფეროვანი პროცესებით. ეს არის კულტურა სოფლიდან ქალაქად ჩამოსული ადამიანებისა, რომლებმაც ქუჩა გაიხადეს სოციალიზაციის ადგილად. ქალაქის შინაგან მრავალფეროვნებას ისინი ახვედრებენ ჯგუფურობასა და ტრაიბალიზმს.

თბილისში ეს ამბავი საბჭოთა კავშირში დაიწყო, ურბანიზაციასთან ერთად, მაგრამ იგივე ხდებოდა სხვაგანაც, იტალიასა თუ აშშ-ში. ქუჩის მითოსი იქაც არსებობდა, ხანდახან კიდევ უფრო გამოკვეთილად, ვიდრე ჩვენში. არანორმალური პოპულარობა ლეონეს ფილმისა “ერთხელ ამერიკაში” პოსტ-საბჭოთა საქართველოში სწორედ ეს იყო – ქართული ქუჩის მიერ ამერიკული 20-იანი წლების ქუჩის ცნობა და შეცნობა.

ქუჩას მართავს პატივის კულტურა. პატივი, განსხვავებით ღირსებისაგან, რომელიც ადამიანს “შინაგანად” ეკუთვნის, შეიძლება წაგართვან. ის არსებითად მასკულინური კატეგორიაა და ქალის პატივის ბედიც კი მამაკაცებს შორის ბრძოლაში გადაწყდება.

არაფერი განსაკუთრებული ამაში არ იქნებოდა, ეს რომ იყოს თბილისური კულტურის მარგინალური ფენომენი. რაც ჩვენში სოციალური პათოლოგიის სახეს იღებს, არის ამ ქუჩის კულტურის “გამეინსტრიმულება” და “გაცენტრალურება”. ის, რომ დღევანდელი თბილისური კულტურის ცენტრში არსებითად არაქალაქური, არაურბანული წარმონაქმნია, სერიოზული გამოწვევა არა მხოლოდ თბილისასათვის, არამედ ქვეყნისათვისაც.

ამ გამოწვევის და მისი გადალახვის გზების არცოდნის ტრაგიკულ შედეგებს ვიმკით დღეს. თუ არსებობს ბოროტება მისი წმინდა ფორმით, ეს ალბათ ამ ორი მოზარდის სიკვდილია”.

გიგა ზედანია

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close