ფერიდე სანაია

რისთვისაა საჭირო წიგნების კითხვა ?

 

წიგნის კითხვა ამდიდრებს ლექსიკას, ავითარებს აზროვნებას, გხდის უფრო შემოქმედს, ეცნობი სხვადსხვა ქვეყნის კულტურას, ადამიანთა ხასიათებს, ეძებ და პოულობ კითხვებზე პასუხებს, იცვლები, ,,ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“.

წიგნის მოყვარულის თემაზე  უსათუოდ  გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძე მახსენდება,  ადამიანი, რომელიც ფიქრობს ლიტერატურაზე და ნებისმიერ თემასთან ლიტერატურას აკავშირებს.

როგორ  შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა? – დანიელ პენაკის სიტყვებით დავიწყებ: ,,ორი წინადადებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წიგნის კითხვა მოანდომო“.

,,რომანივით საკითხავი“ (მთარგმნელი ია ბერსენაძე) – ეს არის დინამიური, ემოციური, პრაქტიკული, კითხვისადმი საოცარი სიყვარულით სავსე მხატვრული ნაწარმოები. მისი ავტორი ფრანგული იუმორით გადმოგვცემს, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, ისე, რომ არ ვაიძულოთ (აუცილებლად წასაკითხი  მშობლებისა და მასწავლებლებისთვის! აქვე დავამატებ, დანიელ პენაკის ,,სკოლის სევდას“).

ზოგჯერ კითხვა ვალდბულებამდე დაჰყავთ მშობლებსა და მასწავლებლებს. პენაკმა ათი უფლება ჩამოწერა, რითაც თავისუფლება მიანიჭა  მკითხველს. იკითხე სადაც გინდა და როცა გინდა!

,,კითხვა ის მათრახია, რომელსაც ბავშვს ხშირად გადაუჭერენ ხოლმე. ჩვენი აზრით, მას ხომ კითხვის მეტი არაფერი ევალება. გასაგებია, რომ ბავშვი ნაკლებად ფიქრობს თავისი წამების იარაღის დახვეწაზე“, – ამბობს პენაკი, მაგრამ როგორ გადავუქციოთ ბავშვს კითხვა სიამოვნებად? – ,,კითხვა“ ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს, ამით ის ,,სიყვარულსა“ და ,,ოცნებას“ ჰგავს.

,,ვერასდროს  აუხსნით ბიჭუნას, რატომ უნდა შეწყვიტოს კითხვა ყველაზე საინტერესო ადგილას და დაიძინოს!“ ეს კაფკამ თქვა, პატარა ფრანცმა, რომლის მამასაც ნამდვილად ერჩივნა, რომ მის შვილს ღამეები კითხვის ნაცვლად ანგარიშში გაეტარებინა.

როგორც პენაკი ამბობს, სწორად წარმართული კითხვა ყველაფრისგან დაგვიცავს, საკუთარი თავისგანაც კი.

თუკი მოსწავლეს სურვილს, ცნობისმოყვარეობას  გავუღვიძებთ, საკუთრ მაგალითს მივცემთ, დავაინტერესებთ, მაშინ ყველგან და ყოველთვის წაიკითხავს. იმისათვის რომ  მოსწავლეებს კითხვის სურვილი გაუჩნდეთ,  მიეცით რჩევა,  თუ რომელი წიგნი წაიკითხონ ასაკის შესაბამისად.

დანიელ პენაკის თქმით, ზოგიერთი მასწავლებელი ძალიან მალე ხდება მოხუცი მასწავლებელი. იმიტომ კი არა, რომ ეს პროფესია სხვაზე უფრო დამღლელია, არა… იმიტომ, რომ ამდენ მშობელს უსმენს, რომელიც ამდენი შვილის (სინამდვილეში კი საკუთარი თავის) ცხოვრების ისტორიას უყვება:  გაყრის, ოჯახური პრობლემების, ბავშვების ავადმყოფობის, ხელიდან წასული ახალგაზრდების, ერთადერთ ქალიშვილთან დაძაბული ურთიერთობის, განცდილი მარცხის და გაზვიადებული წარმატების. ისმენს უამრავ საკითხზე გამოთქმულ უმარავ მოსაზრებას და მათ შორის, რა თქმა უნდა, კითხვის აუცილებლობაზე. ყველა ხომ ამით ამთავრებს!

ვინც ამბობს, რომ წიგნის კითხვის დრო არ აქვს, დანიელ პენაკი მათ პასუხობს, – ,,ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვის სურვილი არ აქვთ. იმიტომ რომ, თუ დავფიქრდებით, არავის აქვს კითხვის დრო, არც პატარებს, არც ახალგაზრდებს, არც დიდებს, ყოველდღიური ცხოვრება კითხვას არ გულისხმობს“.

დანიელ პენაკი სხვადსახვა ტიპის  მკითხველს განარჩევს: ისეთები, რომლებიც  არასდროს კითხულობენ და ძალიან რცხვენიათ ამის; ისეთები, რომლებსაც კითხვის დრო არ აქვთ და ამის გამო სინანულს გამოთქვამენ; ისეთები რომლებიც მხატვრულ ლიტერატურას არ კითხულობენ, სამაგიეროდ სასარგებლო წიგნებს ეტანებიან;  ისეთები, რომლებიც ყველაფერს განურჩევლად კითხულობენ; ისეთები, რომლებიც წიგნებით სულდგმულობენ და მათზე ლაპარაკისას თვალები უბრწყინავთ; ისეთები, რომლებიც კლასიკის გარდა არაფერს იკარებენ; ისეთები, რომლებიც წიგნების ,,გადაკითხვის“ მეტს არაფერს აკეთებენ…

აქვე ერთ საინტერესო რომანსაც გავიხსენებ, – ,,მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“ (ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა).ეს ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის რომანია,  სადაც ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის  Love-story-ს ჰყვება.           ,,…ვიღიმები, რადგან პორტფელში მიწყვია წიგნები, რომლებისგანაც მოველი, რომ დღეს საღამოს საკუთრაი თავის შესახებ რამე ახალს შევიტყობ, იმას რაც ჯერ არ ვიცი“. ჰანტა შეცვალა წიგნებთან ურთიერთობამ.

,,როცა ვკითხულობ, კი არ ვკითხულობ, არამედ ყოველ ლამაზ წინადადებას ნისკარტში ვიქცევ და კამფეტივით ვწუწნი, დიდხანს ვაგემოვნებ, თითქოს ლიქიორს ვსვამო, ვიდრე ალკოჰოლივით არ შეიწოვება ჩემში ამოკითხული ახალი აზრი და ეს იქმადე გრძელდება, სანამ წაკითხული მხოლოდ ტვინსა და გულს კი არა, ძარღვების გავლით უმცირეს კაპილარებსაც კი არ მიაღწევს“, – ამბობს, ,,მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“  გმირი, წიგნებზე შეყვარებული, მარტოსული და გარიყული, მაგრამ მაინც ბედნიერი  ჰანტა.

გუსტავ ფლობერმა თავის მეგობარს, ლუიზა კოლეს ასეთი რჩევა მისცა:  ,,იკითხეთ, რათა იცხოვროთ!“

ფერიდე სანაია

ჟურნალისტი, ფილოლოგი

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close