ALL დაიჯესტიბლიც ინტერვიუფერიდე სანაია

ვაჩე რაინდელი – უსამართლობაა, როცა ნიჭიერი ხელოვანი ჩრდილშია

ფერიდე სანაია

 

ვაჩე რაინდელი  იგივე  ილია ჭკადუა  პოეტი და ფოტოხელოვანია. როგორც თვითონ ამბობს, წერა  ადრეული ასაკიდან  დაიწყო. გარდამავალ ასაკში კი ფოტო გადაღებით დაინტერესდა. მიზანი ბევრი აქვს. სურს გამოსცეს  ალბომი, გაერთიანებული საქართველო ერთ წიგნად  _  თავისი ისტორიული თუ ოკუპირებული ტერიტორიებით. მართალია, ამ მიზნის განხორციელებას უკვე შეუდგა, სარისკო ნაბიჯებიც გადადგა, ფოტო-გამოფენა ,,დასაბრუნებელი ტერიტორიებიც” მოაწყო,  თუმცა წიგნის ბეჭდვის რესურსების მოძიება ვერ მოხერხდა, რის გამოც, ეს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამჯერად, ლექსთა კრებულის გამოცემაზე ფიქრობს. სამომავლოდ უნდა რომ  კინემატოგრაფიაშიც სცადოს ბედი, თუმცა ფიქრობს, რომ  ეს შორეული რეალობაა.

 

_ გვიამბეთ თქვენზე… 

ვაჩე რაინდელი:   ყველაფერი შთაგონებიდან განცდის გავლით დაიწყო, მომწყურდა შემექმნა და გადმომეცა, რაც ჩემს გულსა და გონებაში იხატებოდა. ინტერესი და სურვილი იმ დიდებულმა მწერლებმა გამიჩინეს, ვინც საქართველოსთვის იღვაწა და შექმნა კულტურული სიმდიდრე და ისტორია.

ადრეული ბავშვობიდან ვწერდი.  დაახლოებით 7 წლის ვიყავი,  რამდენიმე ლექსი დავწერე. აგრეთვე ვხატავდი, ძირითადად პორტრეტებს. გარდამავალ ასაკში ფოტო გადაღებით დავინტერესდი. ვიღებდი რასაც თვალი ხედავდა და გონება აღიქვამდა, რასაც შევიგრძნობდი, იქნებოდა ეს ბუნება თუ ადამიანი.

მოგზაურობა ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა  უკეთესად შემეცნო და მეგრძნო ჩემი შესაძლებლობები, შემეცნო ჩემი ქვეყნის არსი, ისტორია, კულტურა, სილამაზე და აღმებეჭდა როგორც ჩემს გონებაში, ასევე ფირზე და ფურცელზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვაჩე რაინდელის“  უმთავრესი მიზანია, მიუსაფართა და ხელოვანთა დახმარება. მოგეხსენებათ საქართველოში როგორი რთული მდგომარეობაა ამ კუთხით.

_ ვაჩე გრიგოლ აბაშაძიძის  პერსონაჟია ,,დიდი ღამიდან“.   რატომ აირჩიე ეს ფსევდონიმი?

_ არ ამირჩევია, წიგნის წაკითხვის შემდგომ ზეგავლენა მოახდინა ამ პერსონაჟმა.  ჩემი მეგობრები ასე მომმართავდნენ, შემდგომ ისე შესისხლხორცდა ჩემში, რომ დარჩა ეს სახელი ჩემს შემოქმედებაში…

_ ილია, მე მახსოვს თქვენი არაჩვეულებრივი ფოტო-გამოფენა ,,დასაბრუნებელი ტერიტორიები”, სადაც  აფხაზეთსა და შიდა ქართლში  გადაღებული ფოტოები, ასევე ტრაპიზონის, ტაო-კლარჯეთის, ლორესა და ჰერეთის  ფოტომასალები გამოიფინა.  რა ძალამ  გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი? როგორ გაგიჩნდა ეს იდეა და რა იყო მიზანი?

_ დასაწყისში დიდი იყო სურვილი, რომ საკუთარი თვალით მენახა, შემეცნო და მეგრძნო ის ისტორიული მიწა წყალი, რასაც ერთ დროს საქართველო ერქვა. შემდგომ დაიბადა იდეა, გამომეცა წიგნი ალბომი, გაერთიანებული საქართველო ერთ წიგნად _ თავისი ისტორიული თუ ოკუპირებული ტერიტორიებით. აღმებეჭდა ყოველი მნიშვნელოვანი ადგილი, რაც ადასტურებს ტერიტორიის ქართულობას და შემდგომ გამევრცელებინა ეს წიგნი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ითარგმნებოდა რამდენიმე ენაზე, სადაც ასევე შესული იქნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხისადმი მიძღვნილი ჩემი ლექსები და მხატვრული ჩანაწერები. წიგნის ბეჭდვის რესურსების მოძიება ვერ მოხერხდა და ეს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია.

_ თქვენმა გადაღებულმა შვლის ფოტომ პირველი  ადგილი აიღო ვიკიპედიის ფოტოკონკურსზე. მომიყევი  ამ კონკურსის შესახებ.

_ თავდაპირველად არაფერი  ვიცოდი ამ კონკურსის შესახებ, შემდეგ გზავნილი მივიღე ჩემს ფეისბუქ გვერდზე, სადაც ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვიკიპედიის ჯგუფიდან, დამიკავშირდა და მთხოვა, რომ მონაწილეობა მიმეღო. რამდენიმე ფოტო გავაგზავნე, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ შვლის ფოტო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში გადავიღე. შველი განსაკუთრებულად მიყვარს და მივიჩნევ ბუნების ყველაზე მშვენიერ არსებად.

_ თითოეულ  ადამიანს საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს, ზოგი კი გრძნობების გადმოცემას ანიჭებს უპირატესობა. თქვენი აზრით, რას უნდა ასახავდეს სურათი?

_რა თქმა უნდა ყოველ ადამიანს, საკუთარი, ინდივიდუალური და გამორჩეული ხედვა აქვს. ჩემს შემთხვევაში, სურათი ამბავს უნდა ასახავდეს და ეს იმდენად საოცრად უნდა იყოს გადმოცემული, რომ სრულიად გულგრილი მაყურებელი და შემფასებელიც კი დაატყვევოს.

ამ თემაზე ბევრი რამის დაწერა შეიძლება…

_ რა პრობლემებს აწყდებიან დღეს  შემოქმედები საქართველოში?

_ პირველ რიგში სახელმწიფო მოხელეების მხრიდან უყურადღებობა და ჯანსაღი მკითხველის, შემფასებლის, ნაკლებობაა. დღეს საქართველოში ყოველი მესამე, რომ წერს  და მღერის და ა. შ კარგია, თუმცა უსამართლობაა, როცა ნიჭიერი ხელოვანი თავისი შემოქმედებით ცხოვრობს და ჩრდილშია.

_ ,,მიწიდან ცამდე“ – ეს თქვენი პირველი ლექსების კრებულია.  რაზე წერთ ყველაზე ხშირად?

_ ეს კრებული, ძირითადად, უფრო სიყმაწვილის ასაკში დაწერილ ლექსებს მოიცავს, რომელშიც სჭარბობს სატრფიალო ლექსები. თუმცა ეს ჩემი პირველი კრებულია და მე ის ძალიან მიყვარს.

_ რა არის თქვენთვის პოეზია?

_ პოეზია ჩემთვის საუბარია სამყაროსთან… საუბარია უფალთან, ასევე დემონთან, ბუნებასთან, ახსნაა კანონზომიერებების, შემთხვევითობების, გრძნობების გაცნობიერების, ვნებების აღმატების, ქვეყნის მოფერებისა და უმშვენიერესი არსების_ ქალთან დამოკიდებულების გამოხატულების, რომელიც ამ ყველაფერს აზრს, მოტივაციას და ხიბლს ანიჭებს.

_ როგორ ფიქრობ, არის თუ არა წიგნი მარტოობის წამალი?

_ ნამდვილად არის რაღაც დონემდე. თუმცა სრულ მარტოობის წამალს წიგნი ვერ უშველის, აქ საკუთარ სულში ჩაღრმავებაა საჭირო და გაცნობიერება მდგომარეობის.

_ თქვენი ფეისბუქ-პოსტი წავიკითხე, სადაც ამბობთ, რომ ცხოველების მიმართ უფრო ჰუმანურები არიან ადამიანები, ვიდრე ერთმანეთის მიმართო.  რა არის თქვენთვის  ყველაზე ღირებული? რას აფასებთ ადამიანში?

_ ადამიანში ადამიანურ რესურს ვაფასებ, გარდა ამისა,  სიყვარულის, სიკეთის, სამართლიანობის, შეგნებულობის, ერთგულების, ნდობისა და შემოქმედებითობის უნარს. მართალია, რომ ზოგ შემთხვევაში ცხოველი გაცილებით სჯობს ადამიანს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ნდობა და სიყვარული უნდა დავკარგოთ. განა ადამიანი განგებამ ყველაზე ღირებული, ცოცხალი არსება არ შექმნა  დედამიწაზე?!

 

_ და ბოლოს, ამ ეტაპზე რა არის თქვენი მიზანი?

_ ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ჩემი იდეების რეალიზებაა_ ლექსთა კრებულისა და ფოტო ალბომის გამოცემა და შემდგომ გავრცელება. მინდა აფხაზეთზე გამოვცე წიგნი, სადაც თითქმის მთლიანი აფხაზეთი იქნება ასახული. პროზაული ჩანაწერების ეგრეთ წოდებული „ქუჩის დღიურების“ ერთ წიგნად ქცევა. სცენარიც მაქვს დაწერილი და მინდა სამომავლოდ კინემატოგრაფიაშიც ვცადო ბედი. თუმცა ეს ამ ეტაპზე შორეული რეალობაა.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close