POSTS დაიჯესტიბლიც ინტერვიუფერიდე სანაია

,, დასამალი არ არის, რომ მომღერალი საქართველოში სიმღერით ვერ ირჩენს თავს“ – ინტერვიუ მარიამ ელიეშვილთან

                                                                                                           ფერიდე სანაია

 

მარიამ ელიეშვილი ახალგაზრდა მომღერალი და მოცეკვავეა. მან ხალხის სიყვარული, ძირითადად, ხალხური სიმღერების შესრულებით მოიპოვა. რა არის წარმატების ფორმულა? რა პრობლემებს აწყდებიან დღეს შემოქმედებითი ადამიანები საქართველოში?… ამ და სხვა კითხვებს ყველასათვის საყვარელი მომღერალი მარიამ ელიეშვილი უპასუხებს.

_ მარიამ, ძალიან ნიჭიერი მომღერალი ხარ. მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწყო ყველაფერი?

          _ დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის. მომღერლობაზე არასოდეს მიოცნებია, ეს ყველაფერი უფლის მადლი და წყალობა უფრო მგონია. თუმცა მაქვს მუსიკალური განათლება, დავამთავრე მიზანდარის სახელობის მუსიკალური სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით. ჩემი პედაგოგები მირჩევდნენ, სწავლა კლასიკური განათლების მიმართულებით გამეგრძელებინა, მაგრამ ამჟამად სულ სხვა პროფესიას ვეუფლები.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ დედამ  ერთ-ერთ სკვერში გადაღებული ჩემი ნამღერი   myvideo-ზე ატვირთა, სადაც ფანდურზე ვუკრავდი და ისე ვმღეროდი. ეს სიმღერა ხალხმა მალევე  აიტაცა. მერე  უამრავი რადიო და  ტელევიზია დამიკავშირდა. ამის შემდეგ სიმღერა ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა.

_ რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ხალხმა გაგიცნო?

          _ მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა… კიდევ უფრო ლამაზი და სიხარულით აღსავსე გახდა. როცა ქუჩაში უამრავი ხალხი გაჩერებს, გილოცავს, გეხვევა, გეფერება, ტბილ სიტყვებს უხვად იმეტებს შენთვის, ეს ხომ ენით აუღწერელი ბედნიერებაა. ვიცი, რომ ამ სიყვარულს გაფრთხილება სჭირდება.

_ რამ განაპირობა თქვენი სიყვარული ქართული ხალხური სიმღერებისადმი?

_ როდესაც   მუსიკალურ სკოლაში დავდიოდი, გუნდის ხელმძღვანელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ  ლამაზი ხმის ტემბრი მქონდა და მირჩევდა საოპერო განხრით წავსულიყავი, მე კი ესტრადა მიტაცებდა უფრო. ერთხელ, როცა  ცეკვის ანსამბლიდან მივლინებით ვიყავით, ბატონმა ფრიდონ სულაბერიძემ მირჩია, რომ  ხალხური სიმღერების შესრულებაც მეცადა. მანვე მირჩია მივსულიყავი ბატონ დავით ქავთარაძესთან, ანსამბლ ,,ურმულის“ ხელმძღვანელთან. მართლაც ასე მოვიქეცი, მივედი. ბატონმა დავითმა,  რომ მომისმინა მაშინვე სოლისტად ანსამბლში ჩამსვა. მაშინ ერთ კვირაში კონცერტი გვქონდა და სწორედ იქ  თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა “დილაო ავდრიანაო” შევასრულე, რომლის ტექსტიც ეკუთვნის ბატონ ტარიელ ხარხელაურს.  აქედან დაიწყო  ხალხური სიმღერებისადმი ჩემი დიდი სიყვარული. თუმცა მე არა მარტო ხალხურს, არამედ ქალაქურს და სხვა ჟანრის სიმღერებსაც ვასრულებ. ჩემი პირველი ალბომი “ველოდები მზეს” სწორედ ამ მრავაფფეროვანი სიმღერებისგან შედგება.

_ რამდენადაც ვიცი, საქველმოქმედო კონცერტებშიც ღებულობთ ხოლმე მონაწილეობას.

_ დიახ, საქველმოქმედო ღონისძიებებში ვიღებ მონაწილეობას. თუ დროის მხრივ საშუალება მაქვს არასოდეს ვიტყვი უარს, რადგან ქველმოქმედება სასიკეთო რამეა და ვალდებული ვარ, ეს გავაკეთო.

_ ხშირად მოგზაურობთ. რომელია თქვენი საყვარელი ქალაქი?

_ დიახ, ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყნებში კონცერტები. ეს არის ევროპა, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სხვა. უამრავი ლამაზი ქალაქი და ქვეყანა მინახავს, მაგრამ ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია  იერუსალიმი.

_ თქვენი ალბომიდან რომელ სიმღერას გამოარჩევდი?

_ სიმღერა “ჩვენ ახლა ერთურთს” ჩემი სავიზიტო ბარათია, თუმცა “გელინოც” ძალიან მიყვარს.

_ როგორია მარიამის ერთი ჩვეულებრივი დღე? გარდა სიმღერებისა, კიდევ რითი ერთობი და რა გიტაცებს?

_ ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ვსწავლობ “ბიზნეს ადმინისტრირებაზე”. ასევე, ვეუფლები ჩინურ ენას. თითქმის  მთელ დღეს  უნივერსიტეტში ვატარებ. მიუხედავად ამისა,  მიწევს ხოლმე სტუდიაში, რადიოში, კონცერტებზე, შეხვედრებზე გაქცევა , მაგრამ ისე მომწონს ეს დატვირთული გრაფიკი, არასოდეს ვწუწუნებ.

_ საყვარელი მომღერალი გეყოლება ალბათ. რომელ ცნობილ შემსრულებელთან ისურვებდი თანამშრომლობას?

_ ასე  ცალკე გამოყოფა გამიჭირდება, მეშინია ვინმეს გული არ ვატკინო, რადგან უნიჭიერესი მომღერლები გვყავს და ვამაყობ ამით.

_ რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

_ წარმატების ფორმულა  ეს არის შრომა. ერთ მშვენიერ დღეს არ გავმხდარვარ მომღერალი. მცირე ასაკიდან არასოდეს მქონია ზედმეტი დრო. სკოლის პარალელურად, ვსწავლობდი ბრიტანულ და მუსიკალურ სკოლაში. 11 წელი ვცეკვავდი  ქართულ ხალხურ ცეკვებს. ვმუშაობდი ტელევიზია ქართულ არხზე, მქონდა საავტორო გადაცემა “ეთნო არტი”. მე ეს ყველაფერი შრომით მოვიპოვე, ბევრი უძილო ღამეებიც მქონია და მაქვს, ისე არაფერი მოდის.

_ რა პრობლემებს აწყდებიან შემოქმედები დღეს საქართველოში?

_ პრობლემები ბევრია, მაგრამ ყველაფერს დრო უნდა. იმედი მაქვს, რომ მოგვარდება ყველაფერი. დასამალი არ არის, რომ მომღერალი საქართველოში სიმღერით ვერ ირჩენს თავს, რადგან არ არიან დატვირთულნი, არ არის კონცერტები და ასე შემდეგ.

_ რით ხარ ამ ეტაპზე დაკავებულლი? შენი სამომავლო გეგმები…

_  სწავლით და სიმღერით. რამდენიმე დღეში  ბაქოში მივემგზავრები, სოლო კონცერტი მაქვს. ასევე, უახლოეს მომავალში  ისრაელში მივემგზავრები.

_ და ბოლოს, რაზე ოცნებობ ყველაზე მეტად?

_ გულით გეტყვით ერთს,  მე გამიმართლა და  ბევრი კეთილი ადამიანი დამიდგა გვერდით. მინდა, რომ მეც დავეხმარო სხვებს, ვისაც ეს სჭირდება. ჩემი ოცნებაა, ვთესო სიკეთე და არ დამავიწყდეს, რომ ერთ დროს, მეც ასე გამახარეს.

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close