პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: საქართველო სეკულარული სახელმწიფოა,პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, თუ რატომ გასცდა კონსტიტუციას

რესპუბლიკური პარტია პრემიერ-მინისტრის მიერ 23 ივლისს სეკულარიზმის შესახებ  გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

პარტიის პოზიცია მედიას დღევანდელ ბრიფინგზე „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ გააცნო.

რესპუბლიკური პარტიის შეფასებით,  გიორგი კვირიკაშვილმა თავისი სახიფათო და ანტიკონსტიტუციური განცხადებით,  საქართველოში სეკულარიზმი ეჭვქვეშ დააყენა:

„სოფელ სნოში, საპატრარქოს მიერ ახლადაშენებული სასტუმროს გახსნაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ესწრებოდნენ, მან განაცხადა, რომ „საქართველოში სეკულარობა თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა“.

საქართველოს კონსტიტუციის მე–9 მუხლის მიხედვით, ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსგან. ამავე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის „კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში“. აი, ასე მკაფიოდაა დაცული ინსტიტუციური სეკულარიზმი საქართველოს კონსტიტუციით. უფრო მეტიც, მოქმედი კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ–სამართლებრივ მემკვიდრეობას, სადაც არა მხოლოდ სახელმწიფოს და ეკლესიის განცალკევებულობა და დამოუკიდებლობაა გამოცხადებული, არამედ 144-ე მუხლის მიხედვით, „ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივ თვითმმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია“.

საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან ინსტიტუციურად გამიჯნულია. ვის რა რელიგიური მრწამსი აქვს, ეს თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ სახელმწიფოს უფლებამოსილებაა ყველა მისი მოქალაქის თანასწორობის უზრუნველყოფა, განურჩევლად მისი რელიგიური მრწამსისა. ესაა სეკულარობის პრინციპი და არანაირი სხვა, კლასიკური თუ არაკლასიკური სეკულარობა არ არსებობს.

ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს სწორედ ინსტიტუციური სეკულარულობა წარმოადგენს, საქართველოს მოქალაქეების არჩევანია, ხოლო პრემიერ–მინისტრს არ აქვს მანდატი, ეჭვქვეშ დააყენოს ეს არჩევანი ჩვენს ქვეყანაში.

ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ყველა ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის მახინჯი პრაქტიკაჩამოყალიბდა. ამას ხელს უწყობდა ყველა ხელისუფლება. სახელმწიფო, მუნიციპალური ბიუჯეტიდან თუ სარეზერვო ფონდებიდან საპატრიარქოს პირდაპირი დაფინანსება,  უძრავ-მოძრავი ქონების გადაცემის ფაქტები, სხვადასხვა კომერციული თუ არაკომერციული ფირმისთვის სიმბოლურ ფასად ან საჩუქრად გადაცემული მიწები – ეს ყველაფერი დიდი ხანია გასცდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ საკონსტიტუციო შეთანხმების ჩარჩოებს. ეს პრაქტიკა სულ უფრო მახინჯ ფორმებს იღებს და ამას უკვე ქვეყნის პირველი პირი ღიად აცხადებს – რაც პრაქტიკაში ხორციელდება, იმას იდეოლოგიურადაც ამყარებს.

მაგალითისთვის, მხოლოდ თბილისის საკრებულომ 2017 წლის იანვრიდან დღემდე საპატრიარქოს 16,590 კვ.მფართობის მიწა გადასცა სიმბოლურ ფასად. ხოლო 2015 მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ჯამში 16 742 987.82 კვ.მ. დაფიქსირდა (EMC-ის კვლევის მიხედვით).

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში ქვეყნის არცერთ პირველ პირს არ გაუკეთებია მსგავსი შინაარსის არაკონსტიტუციური განცხადება. პრემიერმა სასწრაფოდ უნდა გვიპასუხოს, თუ რატომ გასცდა ისკონსტიტუციას. ხელისუფლებამ კი არსებითად უნდა გადახედოს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ჩარჩოებს, დაფინანსების წესს და დაიცვას კონსტიტუცია – უზრუნველყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთჩაურევლობა და დამოუკიდებლობა”,-აღნიშნულია განცხადებაში.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close