News დაიჯესტი

დეპუტატ წილოსანის მამას და მეუღლეს პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება

საქართველოს პარლამენტის „ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის მამის კომპანიას პროკურატურა 65 მლნ ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.

როგორც „ლიბერალს” პროკურატურაში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 2013 წელს დაიწყო და ამ დრომდე სასამართლოში არსებითი განხილვა არ დასრულებულა.  საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ბოლო სხდომა ამ საქმეზე 2018 წლის იანვარში გაიმართა. საქმის მოსამართლე ლელა ნოზაძეა.

2013 წლის 17 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და კომპანიის სამი დირექტორი დააკავეს (ერთ-ერთი დირექტორი წილოსანის მეუღლე ვლადიმერ აბულაძეა)

ასევე დააკავეს საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი ირაკლი ეზუგბაია, მისი მოადგილე და გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

სასამართლომ 2013 წელს არ დააკმყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე და დაკვებულები ბრალდებულის სახით გირაოთი გათავისუფლდნენ (მათ შორის წილოსანის მამა და მეუღლე.)

სასამართლომ პატიმრობა მხოლოდ რკინიგზის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ეზუგბაიას შეუფარდა, რომელიც დაკითხვაზე არ გამოცხადებულა, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს რკინიგზასა და ვაგონმშენებელ კომპანიას შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა ხუთი ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ ერთი სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის, ხელოვნურად გაზრდილი თანხა 39 ათასი აშშ დოლარი დააფიქსირა მაშინ, როცა რეალურად ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო”. ამ ქმედებით საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც 7-დან 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტარ ნინო წილოსანის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საქმის განხილვა სასამართლოში ისევ მიმდინარეობს, თუმცა რა ეტაპზეა პროცესი, ვერ გვიპასუხა. შეკითხვაზე, როგორ აფასებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, გვიპასუხა, რომ სადეპუტატო საქმიანობიდან გამომდინარე, კომპანიაში მიმდინარე პროცესებში ჩახედული არაა. მან ამ კითხვაზე ინფორმაციის მისაღებად გადაგვამისამართა შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ იურისტ დავით სამხარაშვილთან.

დავით სამხარაშვილმა ჩვენს ორ კითხვას – რა ეტაპზეა საქმის განხილვა და როგორ აფასებს ბრალდების მხარის არგუმენტებს, ტელეფონზე არ უპასუხა და შეკითხვების ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნა გვთხოვა. კომპანიის იურისტმა განგვიცხადა, რომ პასუხის გასაცემად ერთი დღე სჭირდება.

ონლაინმედიაში ნინო წილოსანის მამის კომპანიის საქმეზე ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის არაერთი შეფასება იძებნება.  „გურია ნიუსთან“ ინტერვიუში ნინო წილოსანმა 2016 წელს განაცხადა, რომ ბრალდება სუსტი და დაუსაბუთებელია და დარწმუნებულია, რომ კომპანია ამ დავაში გამართლდება.

ნინო წილოსანი 2016 წელს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

ბოლო დროს დეპუტატი წილოსანი აქტუალური გახდა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაკეთებული განცხადებით, სადაც პარლამენტარი გაკვირვებას გამოთქვამდა “ბახალას” საქმესთან დაკავშირებით, “თუ რატომ აჩოჩქოლდა საზოგადოება 8-წლიანი ვადის გამო, რომელიც სასამართლომ გიორგანაშვილს მიუსაჯა”.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close