News დაიჯესტი

არბიტრაჟის დღეები 2023 თბილისში

არბიტრაჟის დღეების რიგით მეათე, საიუბილეო კონფერენცია დაიწყო. დარგის მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი ტრადიციულად საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრია (GIAC) და წელს მისი ფინანსური მხარდამჭერი და პარტნიორები არიან USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (CLDP).

კონფერენცია აერთიანებს არბიტრაჟითა და დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდებით დაინტერესებულ იურისტებსა და პრაქტიკოს ექსპერტებს, რომლებიც ყოველწლიურად, ერთმანეთს უზიარებენ დარგში მიმდინარე სიახლეებს. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის 170-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, მოსამართლე, იურისტი  და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

11-13 ოქტომბერს, სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები ისეთ საკითხებზე როგორიცაა: დავების გადაწყვეტა და ტექნოლოგიები, ინვესტორთა დაცვა და დავების გადაწყვეტა, საარბიტრაჟო შეთანხმებისა და გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ახალი გამოწვევები, შეიარაღებული კონფლიქტისას დავების გადაწყვეტის საკითხები, ენერგო სექტორში არსებული დავების მომავალი, და სპორტის დავები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა PwC-ის მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა იურისტებსა და ზიანის შეფასების ექსპერტებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ, Young ICCA-სა და GIAC-ის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა საარბიტრაჟო პროცესის დაწყების პრაქტიკული რჩევების შესახებ და ტრეინინგი საარბიტრაჟო პროცესის დროს მოლაპარაკებების წარმოების შესახებ.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია, ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენელი ერიკ ვენსი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინსტაინი.

კონფერენციის მთავარი მომხსენებელია საერთაშორისო კომპანია CLYDE & CO-ის მმართველი პარტნიორი და Queen Mary University-ის სამართლის სკოლის პროფესორი ლუკას მისტელისია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი არბიტრი, პრაქტიკოსი და პროფესორია საერთაშორისო საინვეტიციო და კომერციული არბიტრაჟის მიმართულებით.

მთავარი კონფერენციის გარდა, GIAC არბიტრაჟის დღეები ასევე მოიცავს სოციალურ ღონისძიებებს, რომელიც უნიკალური შესაძლებლობაა დამსწრეებისთვის დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან.

GIAC არბიტრაჟის დღეების გახსნითი მიღება გაიმართა 11 ოქტომბერს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. ამასთან, დახურვის მიღება გაიმართება 13 ოქტომბერს, რომელიც დაფინანსებულია Andersen/MG Law-ის მიერ. კონფერენციის მთავარი მედია პარტნიორია BMG – Business Media Georgia.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close