News დაიჯესტი

CSRDG-ს მორიგი მასშტაბური კონფერენცია

შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების ეროვნულ კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანიც იყო შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის სოციალური მომსახურების გაუმჯობესებისთვის შექმნილი ინოვაციური და საქართველოს რეალობისთვის უნიკალური მიდგომის წარდგენა.

 

CSRDG-ს ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში პირველად შეიქმნა „უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების“ სახელმწიფო სტანდარტები, რომლის ელემენტებიც 7 მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების მიმწოდებელ რვა ორგანიზაციაში საპილოტედ დაინერგა. ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყება ეფუძნება სოციალური მომსახურების მიმღებსა და გამცემს შორის თანასწორუფლებიანობას, ურთიერთპატივისცემასა და ღირსების დაცვას, რაც ამ მიდგომას გამოარჩევს ძველი პრაქტიკებისგან და ის ხელშესახებ შედეგს ქმნის შშმ პირებისა და ხანდაზმულების კეთილდღეობაში.

კონფერენციაზე განიხილეს საქართველოში სოციალური მომსახურების სფეროს განვითარების პერსპექტივები, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უპირატესობები და ამ მიმართულებით მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

კონფერენცია გახსნეს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა.

 

“დღეს, თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით პრაქტიკაში დანერგილი უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს არის გზა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში სოციალური მომსახურების ხარისხი, როგორ მივაღწიოთ ადამიანების უფლებების უკეთესად დაცვას სოციალური მომსახურების გაწევისას და როგორ უზრუნველვყოთ შშმ პირებისა და ხანდაზმულების პოტენციალის გამოვლენა-გაძლიერება და მათი სოციალური ინტეგრაცია. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, სფეროში ჩართული მხარეებისთვის გაგვეზიარებინა ეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ამ მხრივ პირველია და ქმნის კარგ საფუძველს, ხელი შევუწყოთ სამომავლოდ უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის ფართომასშტაბიან გავრცელებასა და დანერგვას მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ სხვადასხვა ადამიანებთან მუშაობისას “, –  აღნიშნა CSRDG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ.

 

„ევროკავშირისთვის სოციალური მომსახურების კონცეფცია და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომა ურთიერთდაკავშირებულია. გვჯერა, რომ ადამიანებს აქვთ განსაზღვრული უფლებები, ისინი არიან უფლების მქონეები და უფლების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები. როცა საზოგადოების თითოეული წევრი ასრულებს თავის როლს, ამ გზით მიიღწევა სოციალური უსაფრთხოების ქსელი, რომელიც ეფექტურად იმუშავებს ყველა დონეზე და თითოეული წევრისთვის სრულყოფილად შეასრულებს თავის ფუნქციას“, – აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა დენიელ რაკოვსკიმ.

„ადამიანის უფლებები სოციალური სერვისების განუყოფელი ნაწილია, მუშაობენ რა მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ ადამიანებთან. მათი უფლებები ხშირად ირღვევა და მეტად არიან რისკის ქვეშ. ამის გათვალისწინებით, ავსტრიის განვითარების სააგენტო განსაკუთრებულად აფასებს CSRDG-ის ძალისხმევას ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების ადვოკატირებისა და ხელშეწყობის მიზნით და მხარს უჭერს მათ საქმიანობას ამ მიმართულებით“,- აღნიშნა ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის კორდინაციის ოფისის უფროსმაალექსანდრე კარნერმა.

 

ღონისძიებას დაესწრნენ წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებიდან, სამოქალაქო სექტორიდან, სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციებიდან, ასევე სფეროში ჩართული სხვადასხვა პროფესიონალები.

 

კონფერენციის ფარგლებში, სფეროში ჩართული მხარეებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის მიზანია  უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება და მისი ფართოდ დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციაზე ასევე გაიმართამსგავსი მომსახურებით მოსარგებლეთა წარმატების ფოტო-ისტორიების  პრეზენტაცია.

კონფერენცია განხორციელდა  ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს საზოგადოებრივ ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან ერთად.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close