News დაიჯესტი

ვინ მოაწყო „რუსული ბანაკი“ ბაკურიანში

 – 24.08.2020

„რუსულ ბანაკში“ ბავშვები, 15-17 წლის მოზარდები, ისევ შეკრიბეს. მე პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ რუსეთი ამას აფინანსებს… მაგრამ წელს მე აღარ გამიშვია ბავშვი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლარისა აგაბალაევა. იგი „რუსეთის თანამემამულეთა კავშირის“ ხელმძღვანელია და სენაკში მუშაობს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში დაგვიდასტურეს, რომ ე.წ. „რუსული ბანაკი“ წინა ორი წლის მსგავსად, წელსაც მოაწყო „საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირმა“ ბაკურიანში, სასტუმრო „ანა მარიაში“.

„რუსი ახალგაზრდობის კავშირში“ დღეს, 24 აგვისტოს, მათი საქმიანობით და „რუსული ბანაკით“ დაინტერესება გაიკვირვეს. შემდეგ კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა საბოლოოდ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

„რუსული ბანაკის“ შესახებ „ბათუმელებთან“ იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს, რომლებმაც „რუსული ბანაკისთვის“ მოზარდების შერჩევაზე უარი თქვეს ან მონაწილე ჯერ არ შეურჩევიათ.

„არა, რუსეთი არაფერ შუაშია, მე ვერ ვხედავ პრობლემას… ამ ბანაკში ბავშვები ერთმანეთს ეცნობიან, რუსული ენის დონეს იუმჯობესებენ, ინტელექტუალური და სპორტული კონკურსები ეწყობა, ისვენებენ. უკვე მესამე წელია ეს ტარდება, წელს არის რაღაცნაირად გასაიდუმლოებული,“ – გვიყვება ლარისა აგაბალაევა. მას სენაკელი ახალგაზრდების შერჩევაზე ორი მიზეზით უთქვამს უარი.

„ერთია პანდემია და მეორე განხეთქილება… ამ „რუსი ახალგაზრდობის კავშირს“ და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის იყო განხეთქილება, ჩვენ ვთანამშრომლობდით… ეს ალექსანდრე ბეჟენცევი [საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის პრეზიდენტი] არაორდინალური პიროვნებაა… გასულ წელს იყო შემთხვევა, როცა ბანაკში ხელმძღვანელობა იღებდა ალკოჰოლს ბავშვების თვალწინ, ასევე იყო უხერხული მომენტები გოგონებთან… მოკლედ, მე დავინახე საფრთხე და აღარ შევარჩიე ახალგაზრდა,“ – ამბობს ლარისა.

ლარისა აგაბალიევას თქმით, არსებობს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების კავშირი და ეს ორგანიზაციები არჩევენ მოზარდებს „რუსული ბანაკისთვის“.

„შარშან, მაგალითად, 28 მონაწილე იყო სულ, აქედან სამი იყო სენაკელი… მე თვითონ ვარჩევდი ახალგაზრდებს. პირველ რიგში, ისეთი უნდა ყოფილიყო, ვინც რუსული კარგად იცის. მეორეა ინტელექტუალური განვითარება. სენაკიდან რომ ბავშვი წავა, კარგი უნდა იყოს. მე თვითონ განათლებით იურისტი ვარ, პედაგოგიურზეც ვსწავლობდი, ასე რომ, მე თავად ვარჩევდი ბავშვებს,“ – გვითხრა ლარისა აგაბალაევამ.

„ხელისუფლებამ ყველაფერი იცის, მაგრამ არ რეაგირებს, ჩვენი რა საქმეაო, სკოლის დირექტორები იძახიან, ჩვენ რა შუაში ვართო, აბა, ვინაა შუაში?“ – კითხულობს მიხეილ თათევოსოვი. ის „თბილისის სომეხთა კავშირის“ ხელმძღვანელია და თბილისის 98-ე სკოლის ყოფილი დირექტორი. მიხეილ თათევოსოვი ამბობს, რომ „რუსულ ბანაკთან“ არც ადრე არ თანამშრომლობდა და ამჯერად ბანაკის შესახებ განათლების სამინისტროს ოფიციალურად წერილიც გაუგზავნა.

„არც განათლების სამინისტროდან და არც პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან პასუხი არ მიმიღია, ორივეს მივწერე… არ ვიცი, რას ასწავლიან იქ, ბანაკში, მაგრამ ფაქტია, რომ აქვთ საგანმანათლებლო პროგრამა. მითხრეს, რომ ესაუბრებიან თანამედროვე ფაშიზმზე. მაგალითად, ისიც უთქვამთ, რომ საქართველოში მარტო რუსულ ენაზე საუბრისთვისაც სჯიან ადამიანებს და ასე შემდეგ. მე, როგორც ვიცი, რუსული ფონდებიდან ფინანსდება ეს ბანაკი… არ შეიძლება, ქვეყანა, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს, ბანაკი მოაწყობინო საქართველოში,“ – მიიჩნევს მიხეილ თათევოსოვი.

მიხეილ თათევოსოვის თქმით, საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს „რუსული ბანაკისთვის“ რეგიონებში ძირითადად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან საჯარო სკოლის დირექტორები არჩევენ.

„ბათუმიდან წელს რუსულ ბანაკში არავინ წასულა,“ – ირწმუნება არჩილ გოგიტიძე. იგი აჭარის რუსულ დიასპორას წარმოადგენს ბათუმის „მეგობრობის სახლში“. არჩილ გოგიტიძის თქმით, მოზარდებს „რუსული ბანაკისთვის“ თავად არჩევს, თუმცა წელს ამის სურვილი არავინ გამოთქვა.

„მივაწოდეთ ინფორმაცია ახალგაზრდებს და ბათუმში არავინ მოინდომა რუსულ ბანაკში წასვლა. ამ ბანაკის მიზანი მხოლოდ დასვენებაა და გარკვეული ღონისძიებები ტარდება, ფინანსდება რუსეთის საელჩოდან… დეტალები მე არ ვიცი, შეგიძლიათ ხელმძღვანელებს ჰკითხოთ,“ – გვითხრა არჩილ გოგიტიძემ.

„არ ჯობია ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ? მე ეს დეტალები არ ვიცი, რა ხდება და რას ასწავლიან რუსულ ბანაკში, ძალიან კარგი ბანაკია, როგორც ვიცი,“ – ეს შურა ანისიმოვამ გვითხრა. იგი ბათუმში ხელმძღვანელობს სამოქალაქო ორგანიზაციას – „რუსულ-ქართული ურთიერთობები აჭარაში“. შურა გვიყვება, რომ ახალგაზრდებს ბანაკისთვის ისიც თავად არჩევს, მაგრამ წელს ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი.

„ჯერ არ შემირჩევია, ვეძებ… ბათუმიდან ბევრი მაინც არ არის, სულ ერთი მონაწილე შეიძლება იყოს. მე ვთავაზობ რამდენიმე კანდიდატს თბილისს და შემდეგ ისინი არჩევენ ერთს,“ – აღნიშნა შურა ანისიმოვამ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვეს, ან „რუსულ ბანაკთან“ კავშირი საერთოდ უარყვეს სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმა, რომლებმაც რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ბავშვები შეარჩიეს „რუსული ბანაკისთვის“.

„არ მაინტერესებს მე თქვენთან ურთიერთობა,“ – გვიპასუხა, მაგალითად, ალექსანდრე მიასნიკოვმა. იგი ერთ-ერთ სამოქალაქო ორგანიზაციას ფოთში ხელმძღვანელობს.

საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირი”, რომელიც რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციის თქმით, „რუსული ბანაკის“ ორგანიზატორია, საქართველოში მცხოვრები რუსი ახალგაზრდების გაერთიანებაა. ამ ორგანიზაციას ალექსანდრე ბეჟენცევი ხელმძღვანელობს. ეს ორგანიზაცია ხშირად არის სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორი, რომელსაც გორჩაკოვის ფონდი აფინანსებს.

„საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის“ ხელმძღვანელმა ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა. „ბათუმელებს“ უპასუხა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ბრეგვაძემ. ის საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგვპირდა, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა და ეს ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

„რუსული ბანაკის“ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ვერ მოგვაწოდეს განათლების სამინისტროდან. უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ ბანაკები წელს პანდემიის გამო საერთოდ არ გამართულა და თუ სადმე „რუსული ბანაკი“ მოეწყო, „ამას სამინისტროსთან კავშირი არ აქვს“.

რას აკეთებს განათლების სამინისტრო, თუკი რუსული ფონდებიდან დაფინანსებული „რუსული ბანაკი“ მოაწყვეს საქართველოში და ამ ბანაკში საგანმანათლებლო პროგრამებიც აქვთ? – სამინისტროს პოზიციის გაგება ამ დრომდე ვერ შევძელით.

____

მთავარი ფოტო: 2019 წლის „რუსული ბანაკის“ მონაწილეები

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close