News დაიჯესტი

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორი: გადმოვარდნილი ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა

206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის – მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა, სპეციალური საჭიროების მქონეა. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს. მისივე თქმით, ბავშვს უცნაური ქცევები ჰქონდა.

“ჩვენ მშობლებს ვუთხარით, რომ ბავშვი უცნაურად იქცეოდა და მისთვის ალტერნატიული ბაღი მოეძებნათ. ბავშვს უჭირდა მეტყველება”, – აღნიშნა დირექტორმა.

დირექტორი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გოგონა უყურადღებოდ იყო მიტოვებული. “შემთხვევის დროს აღმზრდელს ბავშვზე ხელი ეკიდა, ის გაუსხლტდა და გადმოხტა”, – განაცხადა დირექტორმა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ შემთხვევას უყურადღებობას უკავშირებს და ამბობს, რომ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი. ზემო ფონიჭალაში, 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის საქმეზე გამოძიება შსს-მ 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით ანდა ორ თვემდე პატიმრობით.

თბილისის მერია დღეს ზემო ფონიჭალაში, 206-ე საბავშვო ბაღში მომხდარ ფაქტს ეხმაურება. თბილისის მერი ავალებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს უფლებამოსილება ბაგა-ბაღის დირექტორსა და იმ აღმზრდელებს, რომლებიც ამ კონკრეტული შემთხვევისას უშუალოდ ახორციელებდნენ ზედამხედველობას სასწავლო პროცესზე.

დღეს, ზემო ფონიჭალაში ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონტაქტურია. მას აღენიშნება ფილტვის დაზიანება და მოტეხილობები. ექიმის თქმით, გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close