News დაიჯესტი

„მონანიებას“ – საფუძვლად დაედო ნამდვილი ამბავი, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა 

რეალური ისტორიის მიხედვით, ცხედარს კაცი თხრის, ფილმში კი ამას ქალი აკეთებს

თენგიზ აბულაძე „ნატვრის ხის“ ერთ-ერთი წარმატებული საპრემიერო ჩვენების შემდეგ ერევნიდან თბილისში ბრუნდებოდა და საშინელ ავარიაში მოყვა – საბარგო მანქანა გზის მოპირდაპირე მხარეს გადმოვიდა და მათ მანქანას ზემოდან დაეცა. მძღოლი მაშინვე გარდაიცვალა, ბატონი თენგიზი კი რაღაც ძლიერმა ტალღამ მანქანიდან გადმოაგდო; ცოცხალი აღარც ის ეგონათ, მაგრამ, საბედნიეროდ, გადარჩა. შემდეგ თავად იხსენებდა: „საოცარ ადგილას ვიყავი, ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, მაგრამ იქიდან იმიტომ დავბრუნდი, რომ ფილმი მქონდა გასაკეთებელი“.

ეს ფილმი „მონანიება“ იყო, რომელიც ერთგვარი საჯილდაო ქვა აღმოჩნდა ცნობილი რეჟისორისთვის – უდიდესი ენერგია წაიღო მისგან და… განუხორციელებელი დარჩა ოცნება, გადაეღო ფილმები ილია ჭავჭავაძის მკვლელობასა და გალაკტიონის თვითმკვლელობაზე.

„აფთარი“ხსოვნა“ეშმაკის კერძი

პირადად მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, ცრემლისა და ემოციების გარეშე უყურებდეს თენგიზ აბულაძის „მონანიებას“. ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ამის ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ფილმში უამრავი რეალური ფაქტია თავმოყრილი საქართველოს ახალი ისტორიდან. ფილმს საფუძვლად დაედო ნამდვილი ამბავი, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამის შესახებ თენგიზ აბულაძეს მისმა უახლოესმა მეგობარმა აკაკი ბაქრაძემ უთხრა: ნოდარ წულეისკირს საინტერესო იდეა აქვსო და მოუყვა, როგორ ამოთხარა ახალგაზრდა ბიჭმა გარდაცვლილი პროკურორის ცხედარი და ჭირისუფალს ჭიშკართან მიუყუდა. ბიჭის მამა ბუღალტერი იყო, კაგებეს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დედამისს თვალი დაადგა, მამა გადაუსახლა – გულაგში გაისტუმრა, დედა კი საყვარლად გაიხადა. შეურაცხყოფილმა ქალმა თავი მოიკლა. ბიჭი გაიზარდა, „კაგებეს“ თანამშრომელი კი საქვეყნოდ აღიარებული პროკურორი გახდა და როცა გარდაიცვალა, ახალგაზრდა კაცმა მისი ცხედრის ამოთხრით იძია შური.

ამ კონკრეტულ ამბავში, ფაქტობრივად, მთელი ეპოქა იხატებოდა და, ამდენად, სწორედ ეს ფაქტი გახდა ამოსავალი წერტილი „მონანიების“ გადამღები ჯგუფისთვის. თენგიზ აბულაძემ, ნანა ჯანელიძემ (სცენარის ავტორი, მუსიკალური გამფორმებელი და ფილმის მეორე რეჟისორი; თენგიზ აბულაძის რძალი) და რეზო კვესელავამ (რედაქტორი) მაშინვე დაიწყეს მუშაობა. ნოდარ წულეისკირმა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია მისი მონაპოვარია (მწერალს ამბავი მოთხრობილი აქვს ნაწარმოებში „აფთარი“), თავიდანვე მათ მიანდო ყველაფერი, თქვენ კარგად მუშაობთო – და თავად განზე გადგა.

„აფთარი“, „ხსოვნა“, „ეშმაკის კერძი“ – ასეთი იყო „მონანიების“ სამუშაო ვარიანტის სახელწოდებები. სათაურის საბოლოო იდეა რეჟისორ ნელი ქუთათელაძეს ეკუთვნის.

პირადი ისტორიები

ფილმის სცენარზე მუშაობა 1979 წელს დაიწყო და საკმაოდ დიდხანს, სამ წელიწადს გაგრძელდა, თავად ფილმი კი, მორების ეპიზოდის გარდა, სულ რაღაც ორ თვეში გადაიღეს. სცენარზე მუშაობის დროს თენგიზ აბულაძე თურმე სატელეფონო ქსელიდან თიშავდა ტელეფონს, რადგან შიშობდა, რომ შეიძლებოდა მათი საუბარი ვინმეს მოესმინა, ამას კი რა მოჰყვებოდა, არავინ იცოდა.

სცენარის ავტორი ნანა ჯანელიძე რეპრესირებულ ადამიანებს (ან მათ ახლობლებს) ხვდებოდა და მათ ამბებს ისმენდა. ნიკა აგიაშვილი, ნიტა ტაბიძე, ქეთევან ჯავახიშვილი, ლალი ახმეტელი, ნინო უჩანეიშვილი… – ეს იმ ადამიანთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა პირადი ისტორიების საფუძველზეც შეიკრა ეს მართლაც არაჩვეულებრივი ფილმი.

ნანა ჯანელიძე: სხვათა შორის, ბატონმა კოტე გაბაშვილმა გვიამბო საოცარი ისტორია ლონდონიდან ბომბეიმდე გვირაბის შესახებ. ნინო ბარათელი რომ ვარლამის სურათს ხევს, ეს კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძის დედამთილის ისტორიაა. მორების ამბავი ქალბატონ ნიტა ტაბიძესთან (ტიციან ტაბიძის ქალიშვილი) შემთხვევით მყოფმა მისმა მეგობარმა ქალმა გვიამბო. ეს მისი პირადი ისტორიაა – როგორ გზავნიდნენ მორებს, რომლებზედაც სახელები და გვარები იყო ამოკაწრული და მისმა მეზობელმა მართლა როგორ იპოვნა მამამისი. საინტერესოა ბაბუაჩემის ამბავიც. ბაბუაჩემი – იასონ ურიდია ყოფილი ფედერალისტი იყო. იცით, როგორ გადარჩა? ერთხელ მატარებლით მგზავრობდა, მასთან კუპეში ვიღაც კაცი იყო. როდესაც ერთ-ერთ სადგურში მატარებელი გაჩერდა, ამ კაცმა გაზეთი გაშალა და კითხვის დროს უთხრა, მეორე მატარებელში გადაჯექით, მე თქვენი დაჭერა მაქვს დავალებულიო… სანდრო ბარათელის დასასმენი წერილის ქარგა ზუსტად იმ წლებიდან არის აღებული. „მე მაგას არ ვუკმევ“ – ეს სიტყვები კი მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის… შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ფრაზა-ფრაზა შევაკოწიწეთ…

ქალბატონო ნანარეალური ისტორიის მიხედვითცხედარს კაცი თხრისფილმში კი ამას ქალი აკეთებს. ვისი იყო ეს იდეა – თქვენი თუ ბატონითენგიზის?

ორივესი, თუმცა ამის გამო დიდი კამათი გვქონდა. შემდეგ ეს იდეა ძალიან გააკეთილშობილა ზეიკო ბოცვაძემ. ქალმა მეტი ირონია შესძინა ამ როლს. ზეიკოს პროტოტიპი ქეთუსია ორახელაშვილია, მამია ორახელაშვილის მეუღლე, რომელიც ასევე რეპრესირებული იყო. შემდეგ მან ტორტების ცხობა დაიწყო. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ტორტებს აცხობს და ზედ ტაძრებს „აშენებს“… საერთოდ, ამ ამბებს, ძირითადად, ქალები გვიყვებოდნენ. საოცარი ისტორია გვიამბო თამარ წულუკიძემ, სანდრო ახმეტელის მეუღლემ. იგი გულაგში იყო, როცა შეიტყო, რომ მისი 15 წლის შვილი ტრამვაიმ გაიტანა. არადა, იმ დღეს თოჯინების წარმოდგენა (გულაგში თეატრი შექმნეს) ჰქონდა. ეს წარმოდგენა მაინც ჩატარდა. თამართან ერთად იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც დონეცკიდან ჩამოჰყვა თამარს და ის მოგვიყვა, რომ იქ, ძირითადად, ხელოვანი ქალები იყვნენ შეყრილები ბავშვებთან ერთად. ირგვლივ ბალახიც კი არ ხარობდა და ეს ბავშვები სულიერად მახინჯები რომ არ გაზრდილიყვნენ, ქალები ყოველ საღამოს კონცერტს უმართავდნენ: მღეროდნენ საოპერო არიებს, ცეკვავდნენ და ასე შემდეგ…

ბედის არჩევანი

უკვე აღვნიშნეთ, რომ სცენარის მიხედვით მთავარი გმირი – ბარათელი კაცი უნდა ყოფილიყო და ეს როლი თენგიზ არჩვაძეს უნდა ეთამაშა, მაგრამ როგორც შემდგომში თენგიზ აბულაძე ჰყვებოდა, სიზმარში უნახავს, ბარათელი ქალმა უნდა ითამაშოსო და აუცილებლად ზეინაბ ბოცვაძემო. ასე სიზმრით მივიდა ქეთევან ბარათელი ზეინაბ ბოცვაძემდე და უნიჭიერესი ქალის სახელი მსოფლიო კინემატოგრაფში ექოდ გაისმა.

ქეთევან ბარათელი ზეინაბ ბოცვაძის საყვარელი როლი იყო. აი, რას ამბობდა იგი ამ როლის შესახებ: „როგორც უჰაეროდ არ შეგვიძლია სიცოცხლე, ისე არ შემიძლია ქეთევანის გარეშე არსებობა, მან იმდენი რამ განმაცდევინა. ვერ ვიტყვი, რომ მე და ქეთევანი არ ვგავართ ერთმანეთს. პიროვნულად მასთან ბევრი საერთო მაქვს, გარდა ერთისა – მე მკვდრების მეშინია და მიცვალებულს ვერ ამოვთხრი…“

სახლი, სადაც ქეთევან ბარათელი ცხოვრობს, ზეინაბ ბოცვაძეს ეკუთვნოდა – გადაღებები მის სახოვრებელ ბინაში მიმდინარეობდა.

მონანიება“ და თვითმფრინავის ბიჭები“

ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირის, სანდრო ბარათელის (მკითხველს ალბათ ახსოვს, რომ იგი მხატვარია) როლის შემსრულებელს დიდხანს ეძებდნენ. ბოლოს არჩევანი დათო გიორგობიანზე შეაჩერეს. სხვათა შორის, გადამღებ ჯგუფს მისი “შეღებვა”(დათო შავგვრემანია) მოუხდა, რომ ფერი შეეცვალათ.

რაც კი ლამაზი ქალი იყო, თითქმის ყველა გასინჯეს აბელის ცოლის – გულიკოს როლზე, რომელიც შემდეგ ია ნინიძემ განასახიერა. ია მაშინ 22 წლის იყო, ამ როლისთვის ძალიან პატარა, მაგრამ პარიკი გაუკეთეს თუ არა, ისეთი საოცარი გარდასახვა მოხდა, რომ, როგორც ნანა ჯანელიძემ გვითხრა: „აშკარად გამოჩნდა ქალი, რომელიც მიზნის მისაღწევად ნებისმიერს ამოკორტნიდა თვალებს“.

ფილმში ვარლამ არავიძისა და აბელის როლს ერთი და იგივე მსახიობი – ავთო მახარაძე ასრულებს. გადამღებ ჯგუფს იგი თავიდან მხოლოდ აბელის როლისთვის ჰყავდა შერჩეული. ავთო მახარაძემ რეჟისორს თავად შესთავაზა, ვარლამის როლს მოვსინჯავო. როცა გრიმი გაუკეთეს და ფოტო გადაუღეს, ისეთი საოცარი ეფექტი მიიღეს, რომ თენგიზ აბულაძემ მაშინვე უთხრა, ორივე როლს შენ ითამაშებო. მახარაძემ ბრწყინვალედ გაართვა თავი ამ დავალებას.

გადამღები ჯგუფისთვის ყველაზე რთული თორნიკე არავიძის როლის შემსრულებლის პოვნა აღმოჩნდა. ბოლოს, როგორც იქნა, იპოვეს გეგა კობახიძე და რამდენიმე კადრი გადაიღეს კიდეც, მაგრამ ძალიან მალე გეგა დააპატიმრეს თვითმფრინავის გატაცების გამო და ფილმის გადაღებაც შეწყდა. შემდეგ ეს როლი მერაბ ნინიძემ (რომელიც ექვსი წლით პატარა იყო გეგაზე) ითამაშა და საკმაოდ შთამბეჭდავადაც!

ალბათ უმრავლესობის აზრს გამოვხატავ, თუ ვიტყვი, რომ მაყურებელს ძალიან მოსწონს ნინო ბარათელის გმირი, რომელსაც რეჟისორის ქალიშვილი, მსახიობი ქეთი აბულაძე ასრულებს. სხვათა შორის, თენგიზ აბულაძემ ქალიშვილს პარალელურად ელენეს როლის თამაშიც შესთავაზა, უფრო საინტერესო იქნებაო, მაგრამ უარი მიიღო: „ცოტა არ იყოს, შემეშინდა, მერჩივნა ერთი როლი მეთამაშა და კარგად! ახლა ვნანობ, უარი არ უნდა მეთქვა… შინაგანად ძალიან ვნერვიულობდი, თვითონ კი ალბათ ჩემზე მეტად განიცდიდა, თუმცა არ იმჩნევდა“, – ამას უკვე ახლა, წლების შემდეგ ამბობს ქალბატონი ქეთი. მისი სამსახიობო კარიერაც ალბათ უფრო წარმატებული იქნებოდა, რომ არა არეულობა, რომელიც 1989 წელს დაიწყო საქართველოში.

ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?

გეგა კობახიძის დაჭერის შემდეგ თბილისში აგორდა ჭორი, რომ თენგიზ აბულაძესაც დაიჭერდნენ. ფილმის სცენარის ხელში ჩასაგდებად კაგებე გამალებით მუშაობდა. მათ ეს სცენარი გეგას სახლში იპოვნეს, მანამდე არავის ჰქონდა წაკითხული, რადგან ფილმის გადაღება მოსკოვის გვერდის ავლით მიმდინარეობდა. ყველაფერი, რაც კი მაშინ იქმნებოდა, მოსკოვში უნდა წაეკითხათ. ამ სცენარის მოსკოვში გაგზავნა უაზრობა იყო, ამიტომ თენგიზ აბულაძემ პირდაპირ შევარდნაძეს მიუტანა. „ფილმი აუცილებლად უნდა გადავიღოთ, ოღონდ ამისთვის გზები უნდა მოვძებნოთ“, – უთქვამს შევარდნაძეს რეჟისორისთვის. ეს გზა კი რეზო ჩხეიძეს გამოუნახავს. მაშინ თურმე ყველა რესპუბლიკის ტელევიზიას ჰქონდა დამოუკიდებელი ორი საათი, რომელსაც მოსკოვი არ აფინანსებდა. გადაწყდა, რომ ფილმი ტელევიზიის ბაზაზე გადაღებულიყო საქართველოს ბიუჯეტით. „მონანიება“ ტელეფილმად გაფორმდა და გადაღებებიც დაიწყო. ფილმს სამი კამერით იღებდნენ. ოპერატორი მიშა აგრანოვიჩი (მესამე ოპერატორი იყო) მოსკოვიდან სპეციალურად მოიწვიეს. გეგას დაჭერის შემდეგ გადაღებები რამდენიმე თვით შეაჩერეს და არავინ იცოდა, რა მოხდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ფილმი მაინც გადაიღეს.

„მონანიება“ პირველად პოლიტბიუროზე აჩვენეს, რომელსაც, ცხადია, შევარდნაძეც ესწრებოდა. ბიუროს წევრებს ორადორი შენიშვნა ჰქონდათ: პირველი ის ეპიზოდი იყო, როდესაც დოქსოპულოს პატიმრებით სავსე ორი საბაგირო მანქანა მიჰყავს ვარლამ არავიძესთან, ბინის გამო სურს მათი დაპატიმრება და ამის საფასურად ჯილდოს მიღება. თავიდან დაპატიმრებულები გვარად ამილახვრები იყვნენ, მაგრამ პოლიტბიუროდან გვარის შეცვლა მოითხოვეს და გადამღებმა ჯგუფმაც ამილახვარი დარბაისელით შეცვალა. მეორე შენიშვნა ვერიკო ანჯაფარიძის სცენაზე ჰქონდათ, როდესაც იგი ფილმის ბოლოს კითხულობს: „ეს გზა ტაძრამდე მიმიყვანს?“ „არა, ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ“, – ასეთი იყო პასუხი. ბიუროს წევრებმა მოითხოვეს, რომ პასუხი ასეთი ყოფილიყო: „არა, ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ“.

ამ ყველაფრის შეცვლას სამი თვე დასჭირდა. ამასობაში კი შევარდნაძე მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანეს და ფილმი ჰაერში გამოკიდებული აღმოჩნდა. მეტიც, კაგებემ თბილისში ვიდეოკასეტები გაავრცელა, თითქოსდა, თენგიზ აბულაძეს თვითონ დაერიგებინოს ისინი. არადა, ეს სრული აბსურდი იყო, რადგან ვინც ბატონ თენგიზს იცნობდა, კარგად იცის, როგორ არ უყვარდა ვიდეოკასეტებზე გადაღებული ფილმების ყურება. კასეტას, რომელზეც ფილმის პირველი ვარიანტი იყო ჩაწერილი და რომელიც მართლა ინახებოდა მასთან სახლში, დამახასიათებელი წუნი ჰქონდა, ხალხში გავრცელებულ კასეტებზე კი ეს წუნი არ აღინიშნებოდა.

მოკლედ, თენგიზ აბულაძე დიდხანს ატარეს პარტიულ დაკითხვებზე და ბოლოს, როგორც იქნა, შეეშვნენ (ალბათ „ზემოდან“ მითითების შემდეგ) და ფილმმაც თაროზე ორწლიანი დების შემდეგ დღის სინათლე იხილა – ეს იყო 1986 წელს.

***

„მონანიება“ საკავშირო ეკრანებზე 1986 წლის ნოემბერში გავიდა. მერე იყო კანისა და უამრავი სხვა ფესტივალი, ჯილდო და აღიარება. ფილმს „პერესტროიკის მერცხალი“ უწოდეს. „მონანიება“ ყოფილ საბჭოთა კავშირში განხორციელებული ცვლილებების სიმბოლო გახდა.

თამარ ოთიაშვილი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close