POSTS დაიჯესტი

ორგანიზაციებს, რომლებიც ქვეყნის იმიჯის შელახვაზე მუშაობენ, პასუხი უნდა მოეთხოვოთ!

გვესაუბრება `იურისტთა და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის~ ხელმძღვანელი, ადვოკატი გრიგოლ გაგნიძეს.

_ ბატონო გრიგოლ, წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც აკვირდებოდით, პირველი არ არის. თქვენ ჯერ კიდევ 2012-2013 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებს აქტიურად აკვირდებოდით. რა შეფასებას მისცემთ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს? _ წინა არჩევნებთან შედარებით წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოირჩეოდა უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავდა გაყალბების შესაძლებლობას.

დავინახეთ, რომ ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დისკრედიტაციის მიზნით დარტყმა განახორციელეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, იუსტიციის სამინისტროზე, ძალოვან სტრუქტურებზე, იმ მოტივით, თითქოს ხელისუფლება არჩევნებს აყალბებდა. ეს გახლდათ `ჭიქაში ქარიშხლის~ ატეხვა `ნაცმოძრაობის~ სასარგებლოდ. მათთვის თამასა რომ აეწიათ, რათა არჩევნების შემდეგ ეყვირათ ნაცებს, არჩევნები გააყალბესო.

მათთვის მთავრი მიზანი საერთაშორისო არენაზე ქვეყნის იმიჯის შელახვა გახლდათ. თუმცა არასამთავრობოთა ნაწილს არანაირი ფაქტები არ წარმოუდგენია, სად და ვის მიერ ყალბდებოდა არჩევნები. _ თქვენმა ორგანიზაციამ და კიდევ რამდენიმე არასამავრობომ მოსთხოვეთ, წარმოედგინათ ფაქტები? _ დიახ, მოვთხოვეთ, წარმოედგინათ მასალები სამართალდამცავებისთვის.

თუმცა ვერანაირი ფაქტები ვერ წარმოადგინეს. ეს კი არა, ახალგაზრდა იურისტების და `გამჭვირვალობა საქართველოს~ წარმომადგენლები `იმედის~ ეთერში თავიანთ ბრალდებებში აიხლართნენ, ხან უარყოფდნენ, ხან კვლავ გაყალბებაზე საუბრობდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, არასამთავრობოების ნაწილი იმ კოლოსალურ დაფინანსებას, რასაც იღებენ, ქვეყნის იმიჯის შესალახად არ უნდა იყენებდნენ. მინდა მივმართო მედიასაშუალებებს: `იმედს~, `პირველ არხს~, როდესაც ხალხის მიერ შერქმეულ ნაცებთან ასოცირებულ ასო-ებს ართმევთ ინტერვიუებს, ჩვენ, სხვა ორგანიზაციებსაც გვთხოვონ კომენტარი, რომელთაც ალტერნატიული, უფრო არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხები გაგვაჩნია მათგან განსხვავებით. _ მათი რისხვის ობიექტი თქვენი ორგანიზაციაც გახდა.

რას გედავებოდნენ? _ არასამთავრობოთა ნაწილმა ჩვენში კონკურენტი დაინახა. ბოლო დღეებში საჯაროდ გვედავებოდნენ, რატომ გვყავს 3 ათასზე მეტი დამკვირვებელი, როდესაც საიას მხოლოდ 400 ჰყავსო. ჩვენი ორგანიზაცია არანაკლები ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში, ვიდრე სხვები. ეს განპირობებულია ჩვენი ადვოკატების კვალიფიციური საქმიანობით, რომლებიც აქტიურად ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ამიტომაც გამოგვიცხადეს მოქალაქეებმა ნდობა და ამიტომაც გვყავდა ამდენი დამკვირვებელი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის.

_ ბატონო გრიგოლ, საქართველოში ნორმად იქცა ცრუ ბრალდებები. რა არის გამოსავალი, რათა შეწყდეს ეს მანკიერი ტენდენცია? _ ცრუ ბრალდებების სპეციალისტები ნაციონალები და მათთან შერწყმული არასამთავრობო ორგანიზაციების სტილია. ვინმეს რაღაც სისულელეს დააბრალებენ, არგუმენტები კი არ მოჰყავთ. ისინი ბოროტად იყენებენ სიტყვის თავისუფლებას. მივმართავ პარლამენტს, ცილისწამების მუხლს თუ არ აღადგენენ, საფრანგეთში არსებული ნორმატივები გადმოიღონ, სადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასჯადია. მომდევნო საპარლამენტო არჩევნები არაკანლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე განვლილი.

ამიტომ პარლამენტმა დროულად უნდა შეიმუშავოს ნორმატივები, რათა არავის ჰქონდეს საშუალება, `უპრაგონოდ~ ტალახი ესროლოს რომელიმე ორგანიზაციას ან პიროვნებას. _ გრიგოლ ვაშაძე დამარცხებას არ აღიარებს. რას ნიშნავს ეს? _ მიუხედავად ნაციონალების მცდლობისა, დააკნინონ ჩავლილი არჩევნები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლეგიტიმურად ცნო შედეგები. პირველი ტურის შემდეგ ევროპარლამენტარებმა ევროპარლამენტიდან ღიად დაგმეს ქალი პრეზიდენტობის კანდიდატზე ბინძური თავდასხმები.

ქალთა უფლებების დამცველებს ამაზე ხმაც არ ამოუღიათ, რაც აღრმავებს ეჭვს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ნაცებთან და სააკაშვილთან დაკავშირებული არიან, უფრო მეტიც, ნაცებს და მათთან დაახლოებულ ასო-ებს არანაირი შეფასება არ გაუკეთებიათ. გამოდის, იზიარებენ სააკაშვილის ცინიკურ განცხადებებს ევროპარლამენტზე. ახლა საზოგადოება განსჯის, რომელი არასამთავრობოა ობიექტური და რომელი არა, რომელი იმსახურებს ხალხის ნდობას. კარგია, ხელისუფლებამ აღიარა შეცდომები და ამიტომაც მიიღო ხალხის მხარდაჭერა მეორე ტურში. ახლა მთავარია, შეასრულოს დაპირებები, ჩამოიცილოს `საბოტაჟნიკები~, რომლებიც თავიანთი ქმედებით თუ უმოქმედობით აზიანებენ სახელმწიფო სტრუქტურების რეპუტაციას, რაც ნიჰილიზმს იწვევს საზოგადოებაში, რაც იმ დესტრუქციული პოლიტიკური ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, ვისაც საზოგადოების უმრავლესობამ არაერთხელ უთხრა უარი ბოლო არჩევნებზეც. გია ბურდული


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close