POSTS დაიჯესტი

ოსამა ბინ ლადენის დედამ მედიას პირველი ინტერვიუ მისცა

ტერორისტისა და 11 სექტემბრის ტერაქტზე პასუხისმგებელი ტერორისტული დაჯგუფების, ალ-ქაიდას დამფუძნებლის, ოსამა ბინ ლადენის დედამ, ალია განემმა პირველად ისაუბრა მედიასთან შვილზე. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ტერორისტი ბავშვობაში ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ალია განემი ოსამა ბინ ლადენის ტერორისტად ქცევაში იმ ადამიანებს ადანაშულებს, რომლებიც მან უნივერსიტეტში გაიცნო. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

„უნივერსიტეტში ის ხალხმა შეცვალა. სრულიად სხვა ადამიანი გახდა. იქ მან გაიცნო აბდულა აზამი, მუსლიმთა საძმოს წევრი, რომელიც მოგვიანებით საუდის არაბეთიდან გააძევეს და ოსამასთვის, ასე ვთქვათ, სულიერი მრჩეველი გახდა. ის ძალიან კარგი ბავშვი იყო, ვიდრე იდეოლოგიურად არ დაამუშავეს. ამ დროს ოსამა დაახლოებით 20 წლის იყო. ეს იყო ერთგვარი კულტი. ისინი ბევრ ფულს შოულობდნენ. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მათგან თავი შორს დაეჭირა. არასდროს ჩამრთავდა იმაში, რასაც აკეთებდა, რადგან მას ძალიან ვუყვარდი“ ამბობს ბინ ლადენის დედა.

1980-იან წლებში ოსამა ბინ ლადენი ავღანეთში, საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა. ის ფიქრობდა, რომ ოჯახი მისით იამაყებდა, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და ოჯახისთვის არასასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ბინ ლადენი ჯიჰადისტი გახდა. „ეს გონებაშიც არასდროს გამივლია. ამის გაგებამ ყველა ძალიან აგვაღელვა. არ მინდოდა, რამე მსგავსი მომხდარიყო“ – ამბობს ბინ ლადენის დედა.

ბინ ლადენის ძმის, აჰმედის თქმით კი, მათ დედას 2011 წლის ტერაქტის შემდეგაც, უკვე 17 წელია, სჯერა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა: „მას ის ძალიან უყვარდა და არასდროს ადანაშაულებს მას. სამაგიეროდ, ადანაშაულებს იმ წრეს, რომელსაც ჩემი ძმა დაუახლოვდა. ის მას მხოლოდ კარგი ბიჭის მხრიდან აღიქვამს, იმ მხრიდან, რომელსაც ჩვენ ყველა ვხედავდით. დედა არასდროს აღიქვამს მას, როგორც ჯიჰადისტს“.

აჰმედ ბინ ლადენმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ გაიგო და აღიქვა ოჯახმა აშშ-ში მოწყობილ ტერაქტში ასამა ბინ ლადენის მონაწილეობა. „ეს ძალიან უცნაური შეგრძნება იყო. პირველ 48 საათში ჩვენ გავიგეთ, რომ ეს ოსამამ ჩაიდინა. საშინლად შეგვრცხვა მის გამო.  ვიცოდით, რომ ამას საშინელი შედეგები მოჰყვებოდა. მთელი ჩვენი ოჯახი საუდის არაბეთში დაბრუნდა“ – თქვა ბინ ლადენის ძმამ.

2011 წლის 2 მაისს ამერიკის სპეციალური დანიშნულების რაზმმა და CIA-მ პრეზიდენტ ობამას ბრძანებით ბინ ლადენი მის კერძო რეზიდნციაში, პაკისტანში, აბოტაბადში მოკლეს.

მისი ოჯახი დღემდე საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახია.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close