კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა – ჯეო დაიჯესტი
News დაიჯესტი

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.

მეოცე საუკუნის ქართველ მწერალთა შორის ყველაზე დიდ ხანს იდგა ტრიბუნასთან.

მწერალი და ტრიბუნა?! დიახ, იგი ორატორია თავის მწერლობაშიც და არამხოლოდ თანადროული გაგებით, არამედ ამ სიტყვის ყველაზე უფრო პირველადი მნიშვნელობითაც უპირველესად.

მეოცე საუკუნის მწერალი მეცხრამეტედან რომ წამოიღო ილია, აკაკი და ვაჟა; მანამდელიდან – გურამიშვილი, ჩახრუხაძე, აღმაშენებელი, რუსთაველი, სუმბატ დავითისძე და მეოცე საუკუნის ყველაზე თანამედროვე, ყველაზე წინწასულ და ფართო ცოდნასთან შერწყმით რომ შექმნა მონუმენტებიც და საპოლემიკო ლიტერატურული ნიმუშებიც, ისტორიის ქრონიკებიც და სააზროვნო მოდელებიც, ლიტერატურული ტრადიციონალიზმიც და მოდერნისტული ექსპერიმენტებიც, მთავარი პერსონაჟებიც და სრულქმნილი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც.

საუკუნეების ჯახაჯუხში, ისტორიის განადგურების, ძველი სამყაროს ნგრევისა და მსოფლიო ომისა და რევოლუციათა გრდემლში იჭედებოდა “მთვარის მოტაცების” ავტორი.

საკუთარი თვალით ნახა საკუთარი სამშობლოს აღზევება, სადაც შესძახა “სლანსკი 117” და ასევე თავადვე შეესწრო “ჭადრაკულად განრიგებული ციხეების დაქცევას”, “ლაღუმებით დაცემას მთათა” 1921 წელს. მაშინ, როდესაც “დიდი იოსების” ქაოსმა დაისადგურა სავარსამიძის, ემუხვარის, მინდიას, აღმაშენებლის საქართველოში, არსაკიძის საქართველოში.

და როდესაც მწერალი სვეტიცხოვლის შენებას შეუდგა დიდოსტატთან ერთად, მაშინ ემხობოდა სწორედ სვეტიცხოველიც და გელათიც, ემუხვართა სასახლეც და “ახალი ილიონიც”.

და აღდგა მწერლის თვალწინ ენგურის ჩქერალი, როგორც “ახალი ცხოვრების ნათლითმოსილი გზა” – მეტეხის გაცვლით სოლოვკაზე – ამით რომ არ ამოიწურებოდა მისი დევნა და სიცოცხლის ბოლომდე რომ გაგრძელდა. სიკვდილის მერეც – დღემდე უგულებელყოფენ მის მხატვრობას, მის მწერლობას და მის პუბლიცისტიკას და ამადაც, დღემდე რჩება ყველა დროის ყველაზე ცოცხალ ქართველ მწერლად – მას დღემდე ჰყავს პირადი მტრები, მას დღემდე ჰყავს მისი შემოქმედების უკიდეგანოდ მოტრფიალენიც და ასევე უკიდეგანოდ უგულებელმყოფელნი. ამითაც დაემგვანა თავისი პერსონაჟის ბედისწერას – დედამისი რომ შესჩივლებს ჩალმაზს: “მე აღარ ვიცი ჩვენი დრო რომელია, შვილო?!”.

თანამედროვე ქართულმა პოლიტიკურმა, კულტურულმა, სოციალურმა ყოფამ წარმოშვა თავისი თავის წინაშე უმძაფრესი დეფიციტი კულტურული მეამბოხისა, გამბედავი ინტელექტუალისა და კონსტანტინე გამსახურდია არის ყველაზე უფრო მკაფიო პიროვნება და სახე ბაირონის ამ ფორმულისა – იგია ამ გაგებით ქართველისა და ევროპელის საუკეთესო ნიმუში.

“ვღელავ და ვძრწი მათ მაგივრად, მათ მაგივრად ვფიქრობ და ვდარდობ და ღამეები მიჰქრიან, როგორც ნაბდით დაჭედილი ბედაურები. თამაშითა და ბრძოლით ვწერ ჩემივე გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს”.

ეს სიტყვები არავის ისე არ უხდება, არავის ისე არ შეესაბამება ქართულ ლიტერატურაში, როგორც კონსტანტინეს. შენც თამაშითა და ბრძოლით კითხულობ, ძრწი და ღელავ კონსტანტინეს გმირების ამ ენის კითხვისას, რომელთაგან ზოგში საკუთარ ბედისწერას წაიკითხავ, ზოგში სამშობლოსას, ზოგში წინაპრისას, ზოგშიც თავად მწერლისას.

ჰგიებს კონსტანტინე გამსახურდია, როგორც თავისუფალი საქართველოს პროტაგონისტთაგანი, როგორც ქართული ლიტერატურის სავიზიტო ბარათი და საოცრად მტკიცე დასტური ჩვენი კულტურის არსებობისა.

ჰგიებს კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება, როგორც მშვენება ევროპული და ქართული ლიტერატურის; როგორც თვითმყოფადი და თავისთავადი თვითმყოფადობის და თავისთავადობის სულით განმსჭვალული; როგორც ამ ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური და საერთო მეხსიერების იმპულსებიც და მდინარებაც.

“მთვარის მოტაცების” ავტორს ვერასდროს მოგვტაცებს კონიუქტურის და დავიწყების მდინარეები.

იგი დარჩა. დარჩება კვლავაც.


მეტის ნახვა

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close