ALL დაიჯესტი

სერვისის სფერო – შრომა თუ მონობა — ლიკა ჯანაშია

რამდენიმე დღის წინ მაღაზიის სალაროსთან რიგში ვდგავარ..დილის რვა საათია..  რიგი საკმაოდ გრძელია, მოლარე კი მხოლოდ –  ერთი… ლოდინი უფრო და უფრო აუტანელი ხდება… მომხმარებლის აგრესიაც იზრდება… აგრესია მიმართულია მოლარე გოგონას მიმართ, რომელსაც ღამენათევი, დაღლილი მზერა აქვს და მაინც ღიმილიანი სახით გვემსახურება. მას ხომ დაავალეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიღიმოს. ასე გადაწყვიტა მენეჯმენტმა… გატაწყვიტა, რომ  ხელოვნური ღიმილი ყველა ტკივილს დამალავს, რაც ამ სამუშაოს მიღმა იმალება. ნელ-ნელა ჩემი ჯერიც მოდის… გოგონას 10 ლარიანს ვაწვდი, ხურდად კი 10 ლარით მეტს ვიღებ. წამიერად ვაბრუნებ ზედმეტ თანხას და საპასუხოდ უამრავ მადლობას ვიღებ. რამდენიმე წუთის წინ ღამენათევი, უღიმღამო თვალები სიხარულის ნაპერწკლებით ივსება. უხმოდ გამოვდივარ მაღაზიიდან და საოცარი სევდა მიპყრობს. 10 ლარი – ზუსტად ეს არის ამ გოგოს ღამის სმენის ანაზღაურება, რომელიც რამდენიმე წამის წინ კინაღამ ხელიდან გამოეცალა. ვინ იცის ამ 10 ლარის გამო რამდენი რამის გაკეთება მოუწია, რამდენი თარო დახეხა, რამდენი პროდუქტით დატვირთული კალათი ამოზიდა საწყობიდან, რამდენ პრეტენზიულ კლიენტს მოემსახურა… გზას მივუყვები და უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ მოლარე გოგოზე, უსუსურობის, უსამართლობის განცდა მეუფლება, არაფერი იცვლება, ისევ 10 ლარად ვყიდით ჩვენს ჯანმრთელობას, ვინადგურებთ ფსიქიკას მაშინ, როცა ამ თანხასაც არ გაძლევენ სრულად… აბსურდული მიზეზების გამო გიქვითავენ, გაჯარიმებენ, გაჭრიან… რათა მაქსიმალურად გაგრძნობინონ, რომ თანამედროვე მონა ხარ, რომელსაც იმას გაუკეთებენ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, იმდენს გადაუხდიან, რამდენიც მოუნდებათ.

ფიქრების ჯაჭვს წარსულში გადავყავარ, ერთ დროს მეც ეს გოგო ვიყავი, რომელსაც უნდოდა, საკუთარი შრომით ელემენტარული სტუდენტური ხარჯები დაეფარა და მშობლებისთვის ეს ტვირთი მაინც მოეშორებინა. სერვისის სფეროში სამუშაოს მოძიება და დაწყება არ აღმოჩნდა რთული და ასე მოვხვდი იოლში. თუმცა სახელმა არ მოგატყუოთ, მარკეტინგმა არ დაგაბრმაოთ, ეს იყო ყველაზე რთული, ყველაზე მძიმე 3 თვე ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერი იწყება ირონიით, დაცინვით, აბუჩად აგდებით.  არ აინტერესებთ, ვინ ხარ , რატომ ხარ…  აქ მენეჯმენტი საფეხურებრივად შენზე მაღლა დგას და  თავს უფლებას აძლევს, დაგამციროს. აქ გთხოვენ იმის კეთებას, რაც შენთვის არ უსწავლებიათ. აქ თუ შეცდომას დაუშვებ,  უხეშად გაკრიტიკებენ . თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია…  შემდგომ ცდისა და შეცდომის მეთოდით, სხვებზე დაკვირვებით რაღაცეებს სწავლობ, მეტ-ნაკლებად გამოცდილი კადრი ხდები. ამავდროულად ურთიერთობის დამამცირებელი ფორმა შენთვის ნორმა ხდება. თუ პირველ დღეს ეს გაღიზიანებდა, ბრაზდებოდი, შემდეგ უკვე უკვე შენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცევა… კრიტიკა ქრება, უბრალოდ ითვლი წუთებს როდის დამთავრდება სამუშაო დღე და როდის წახვალ სახლში. სამუშაო საკმაოდ მძიმეა. 4-5 კაცის სამუშაოს 2 ადამიანი ასრულებს. ენერგია ნელ-ნელა გეცლება, თუმცა დაჯდომის უფლება არ გაქვს. ჯდომის პრივილეგია მხოლოდ მენეჯმენტს აქვს,   – ეს „რჩეულთა“ ხვედრია. აზროვნების, ფიქრის დრო არ რჩება, მთლიანად მაღაზიამ დაიკავა ყველაფერი.  მუშაობ და ეს სამუშაო იმდენ ენერგიას გართმევს, რომ მის აღსადგენად დარჩენილი თავისუფალი დრო არაფერია. შენი სოციალური სტატუსიც სადღაც ქრება, მეგობრებს, ახლობლებს ვერ ხედავ, ოჯახის წევრებსაც კი ვერ ელაპარაკები; ის საქმეები, რაც ადრე სიამოვნებას განიჭებდა, შენთვის უცხო ხდება, მხოლოდ იოლი.. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ როგორ მითხრა ჩემმა ლექტორმა, რომ იოლის მენეჯმენტი იქ შეცდა, როცა სამსახურში მიმიღო, ასეთ დაბალ პოზიციაზე განათლებული ადამიანების მიღებ არ შეიძლება,  – უმართავები არიანო. მაშინ მივხვდი, რატომ სძულდათ მენეჯმენტში მოაზროვნე კონსულტანტები, –  მონობას ვერ შეეგუება ასეთი ადამიანი, ის ერთ დროს აუცილებლად აჯანყდება და ამიტომ არ გვაძლევდნენ ფიქრის საშუალებას, რაც შეიძლება მეტად უნდა დაგტვირთონ, რომ ამისთვის დრო არ დაგრჩეს, საკუთარ მდგომარეობაზე არ დაფიქრდე და პროტესტის განცდა არ გაგიჩნდეს. აი რისი ეშინიათ ყველაზე მეტად, პროტესტის, აჯანყების.

რაც დრო გადის უფრო და უფრო მეტს ფიქრობ, ფიქრობ და ხვდები, რომ ასე არ უნდა გაგრძელდეს, ვიღაცამ უნდა თქვას, იყვიროს რაც აქ ხდება და ყველას გააგებინოს, თუ რა პირობებში უწევთ ადამიანებს მუშაობა, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, რომ დღიდან დღემდე თავი გაიტანონ.. და პროტესტიც იწყება.. ამაყად ვიტყვი, რომ ამ პროტესტის ტალღის ერთ-ერთი ნაწილი ვარ და  ვთქვი ის, რაც უამრავ ადამიანს აწუხებდა ჩემამდე და სამწუხაროდ, აწუხებს ჩემს შემდგომაც. ამ ყოველივეს გამოხმაურების დიდი ტალღა მოყვა, სამსახურიდანაც გამოგვიშვეს, თუმცა დღესაც ზუსტად იგივეს გავაკეთებდი და უფრო ხმამაღლაც, ვიდრე მაშინც. ბევრჯერ უთქვამთ ჩემთვის, გაპროტესტეთ და რა, არაფერი შეცვლილა, ვერც ვერაფერს შეცვლიო, მართლაც არ შეცვლილა არაფერი თუმცა არ ვარ პესიმისტი, არც იმის მჯერა რომ ერთი შემთხვევა სისტემაში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. თუ გუშინ ერთი აპროტესტებდა, ხვალ 10 გააპროტესტებს და ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება და როცა ამ პროტესტის ტალღაში ყველა დასაქმებული ჩაერთვება, ამ ძალას უკვე შეეძლება იმ ცვლილების მოტანა, რაც ახლა ჰაერივითაა საჭირო.

მე დღეს უმუშევარი ვარ.. მავანი ჩემს სიზარმაცეს დააბრალებს და იტყვის, რომ მსიამოვნებს მშობლების ხარჯზე ცხოვრება, რომლებიც მართლაც 24 საათიან რეჟიმში ერთი სამსახურიდან მეორეში მირბიან, რომ საკუთარ შვილებსი ელემენტარულით უზრუნველყონ. მამაჩემი 48 საათის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და როცა სახლში მოდის ვხედავ, რომ ყოველგვარი სიცოცხლის ნიშანწყალი გამქრალია მისი სახიდან და  ეს ყოველ 4 დღეში მეორდება, სამსახურიდან მოსული ღამენათევი დედა მოსწავლეებს ამეცადინებს და ასე ცდილობს ოჯახის რჩენას, თუმცა სიღარიბის ტყვეობისგან თავის დასაღწევად არაა ეს შრომა საკმარისი, ხვალინდელი დღე მათთვის მაინც შიშთანაა დაკავშირებული, გადავრჩებით თუ არა? ვერ ვმუშაობ, 23 წლის ვარ და მორალურად მანადგურეს ის ფაქტი, რომ მშობლებზე ვარ ისევ დამოკიდებული. იოლის მერე ბევრგან გავაგზავნე სივი, ბევრი პროფესიული, ინტელექტის, ყურადღების, სოციალური უნარების ტესტიც მაწერინეს, თუმცა არსად მიმიღეს. რას ვიზამთ, დამსაქმებელია, რა ვალდებულია აგიხსნას რატომ არ შეგარჩია შენ, რატომ არ მიგიღო სამსახურში, პრივილეგია აქვს და ვისაც უნდა იმას შეარჩევს, თუნდაც თმის ფერით ან სახის მორჩილი გამომეტყველებით. ერთგან გასაუბრებაზე ვიყავი და მესმის, როგორ საუბრობენ ჩემზე: ეს ის არ არის იოლის გმირი (დამცინავი ხმით)…  და არავერბალური ჟესტით ხელის დაქნევა.. დაბლოკე – ეს არ მიიღო… და ალბათ არც გაგიკვირდებათ, რომ ოპერატორად მუშაობისთვის საკმარისი უნარები არ აღმომაჩნდა. დამსაქმებელმა იმის მაგივრად სამუშაო პირობები გაეუმჯობესებინა საქმე გაიმარტივა და იმ ადამიანის მიღებაზე თქვა უარი, ვისაც შეიძლება გამოეაშკარავებინა, ემხილა, გაეპროტესტებინა.  ამის მიუხედავად მაინც არ ჩავიქნიე ხელი, კიდევ რამდენიმე გასაუბრებაზე წავედი, ყველგან უშედეგოდ. და მე დღეს უმუშევარი, მშობლების ხარჯზე მცხოვრები სტუდენტი ვარ.

თუმცა რა ქნან იმ გოგონებმა,  ვისაც ოჯახიდან ვერ აქვთ ისეთი ხელშეწყობა, რასაც ჩემი მშობლები უკვე  წლებია საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მაძლევენ? რა ქნან? ბინის ქირა იხადონ, ჭამონ, ჩაიცვან, ისწავლონ? და ეს ყველაფერი 300 ლარად,, რომელიც ლამის სიცოცხლედ ღირს. ხშირად ვფიქრობ, რომ სწორედ ეს სოციალური რეალობა უბიძგებს უამრავ გოგოს „გათხოვდეს“, „პატრონს ჩაბარდეს“ – როგორც იტყვიან ხოლმე ჩვენში. ამას ხშირად ოჯახიც აიძულებს, ზოგჯერ საკუთარი ნებითაც, გაუცნობიერებლად მიდიან ამ ნაბიჯზე, რადგან მოცემულ მომენტში იმდენად ძლიერია სოციალური მარყუჟების ძალა, იმდენად აწვებათ მათ სიდუხჭირე, რომ მისგან თავდასაღწევად თანხმდებიან არასაურველ ქორწინებეზე. აი რას აძლევს ასეთ გოგონებს არსებული სოციალური რეალობა. ყოველდღიურად ვხვდები ასეთ ქალებს და მეშინია, რომ ჩემს ირგვლივ მრავალ გოგონა პოტენციურად ეს ქალია, ქალი, რომლის პოტენციალიც დაიკარგა, ქალი, რომელიც ვერ თვითაქტუალიზდა, რადგან ამისთვის  ფული არ ჰქონდა, ხელი არავინ შეუწყო, როგორც  მდიდარი მამის შვილებს, რომლებიც საზღვარგარეთ  ასიათასიან კოლეჯებში იღებენ განათლებას და შემდგომ მოდიან და ჭკუას გასწავლიან, გაკრიტიკებენ, რომ თითქოს შენ არ გინდა სწავლა, შენ არ გინდა განვითარება და გაზქურასთან დგომა ან უარეს შემთხვევაში ვიღაცის ძალადობის ობიექტად ყოფნა გსიამოვნებს.  არა, მეგობრებო, არავინ ოცნებობს ამაზე.  ეს არსებული უთანასწორობა აიძულებს თვითგადარჩენისთვის ბრძოლის გზაზე მდგარ ადამიანს,  დათმოს  საკუთარი ღირსება, შეხედულებები, მიზნები და გახდნენ მონები, არარაობები, სიცარიელეები.

ამ ფიქრებში გართულმა დანიშნულების ადგილს მივაღწიე..  უეცრად ეს ფიქრები გონების სიღმეებში ჩაიძირა და ხვალინდელ დღეზე დავფიქრდი, ბრძოლის სურვილმა მთელი სხეული მოიცვა, ოპტიმიზმით აღსავსემ საოცარი ძალა ვიგრძენი, რომ დღეს შეგვიძლია ხვალინდელ ძირეულ ცვლილებებს დავუდოთ დასაბამი და გამოსავალიც გამოჩნდა… ბრძოლა, არა ინდივიდუალურად, სამწუხაროდ, დამსაქმებელი ძლიერია და მას ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავუდგეთ წინ და ასე გამოვგლიჯოთ ხელიდან ჩვენი წართმეული ღირსება.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close