News დაიჯესტი

მდგრადი მობილობის ახალი გერმანულ-ქართული პროექტის „Connect Georgia“-ს დაწყება

10 აპრილს თბილისში გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით დაფინანსებული ახალი პროექტის “Connect Georgia”-ს გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტი ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში განსახორციელებელი მდგრადი რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მოიცავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აქტიური მობილობის (ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების) გაუმჯობესებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე მოსახლეობისთვის აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის მიმართულებით ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო პირობების გაუმჯობესება, რაც შესაბამისი სამინისტროების, სხვა ეროვნული უწყებებისა და რეგიონული მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდება.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში ვერენა ცელი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანდრა შენკე და პროექტ “Connect Georgia“-ს ხელმძღვანელი იან რიკმაიერი.

„პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და საქართველოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც ეხება 2030 წლის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ქვეყნის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას“, განაცხადა ვერენა ცელმა თავის გამოსვლაში.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close