News დაიჯესტი
ყურადღება! თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ — სხვის სახელზე სესხებს აფორმებენ და საბანკო ანგარიშებიდან თანხებს ითვისებენ

- ნახვები177
- ლაიქები0
„საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს კიბერთაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“, რომლის დამფუძნებელიც გიორგი კეპულაძეა, მოსახლეობას კიბერთაღლითობის მორიგი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, თაღლითები მოქალაქეებს ბანკის თანამშრომლების სახელით უკავშირდებიან და ატყობინებენ, რომ უცნობი პირი მათი მონაცემების გამოყენებით სესხის აღებას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც მოქალაქე აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს არ იცნობს და სესხის გაცემას არ ეთანხმება, გარკვეული დროის შემდეგ მას ხელახლა ურეკავენ. ამჯერად, ვითომ უსაფრთხოების პროცედურების ჩატარების მიზნით, სთხოვენ პირადი და საბანკო მონაცემების გამჟღავნებას, მათ შორის, SMS-შეტყობინებით მიღებული ერთჯერადი კოდების დასახელებას.
მიღებული ინფორმაციის გამოყენებით თაღლითები მოქალაქის სახელზე სესხს აფორმებენ და მის საბანკო ანგარიშებზე არსებულ თანხებს ეუფლებიან.
როგორ ავიცილოთ თავიდან კიბერთაღლითობა?
- გადაამოწმეთ ზარის განმახორციელებელი პირის ვინაობა. ბანკთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ მხოლოდ მის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო არხები.
- არავის გაუზიაროთ მომხმარებლის სახელი, პაროლი, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდი ან ბარათის კონფიდენციალური მონაცემები.
- გაითვალისწინეთ, რომ ბანკი არანაირი ოპერაციის შესასრულებლად არ ითხოვს მსგავსი ტიპის საიდუმლო ინფორმაციას.
- საეჭვო ზარის ან შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს ოფიციალური საკომუნიკაციო არხით. საჭიროების შემთხვევაში მოითხოვეთ საბანკო ბარათისა და მობილბანკის მომსახურების დაბლოკვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.



