კატეგორიის გარეშე

რა უნდა იცოდეთ „დაბერების“ აპლიკაციის შესახებ. მთავარი

აპლიკაცია FaceApp-ი 2017 რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე კომპანიამ Wireless Lab-მა შექმნა, რომელსაც Yandex-ის ყოფილი თანამშრომელი იაროსლავ გონჩაროვი ფლობს. აპლიკაცია მომხმარებლებს ნეიროქსელის საშუალებით ფოტოზე სხვადასხვა ეფექტის დადებას სთავაზობს. 2019 წლის ივლისში აპლიკაციის პოპულარობის მეორე ტალღა დაიწყო, მას შემდეგ რაც აპლიკაციაში „დაბერების“ ფუნქციაც გაჩნდა.

ფოტოებს სოციალურ ქსელებში ჰეშთეგით #faceappchallenge აქვეყნებენ. ფლეშმობს შეურთდნენ მსოფლიო ვარსკვლავებიც, მათ შორის რეპერი Drake (58,8 მილიონი გამომწერი Instagram-ზე) და კალათბურთელი დუეინ უეიდი (14,2 მილიონი გამომწერი Instagram-ზე). FaceApp-მა Google Play-ზე „რედაქციის რჩეულის“ სტატუსი მიიღო, მილიონზე მეტი შეფასეა დაიმსახურა, App Store-ზე კი საუკეთესო უფასო აპლიკაცია გახდა.

ინტერნეტ-საზოგადოების ყურადღება მიიპყრო FaceApp-ის სამომხმარებლო შეთანხმებამ, რომელშიც გადმოწერის შემდეგ „მომხმარებლის ფოტოების, სახელისა და სახის ნებისმიერი მიზნით გამოყენება“ არის მითითებული. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას ადგილმდებარეობის, ვებგვერდების მონახულების ისტორიისა და დამატებითი პარამეტრების შესახებ.

მონაცემთა გაჟონვის საფრთხეზე ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი ჯოშუა ნოცი ალაპარაკდა. Twitter-ზე მან დაწერა, რომ სერვისს მომხმარებლების ფოტოების დაუკითხავად ჩამოტვირთვა შეუძლია. დასავლეთში აპლიკაციისადმი უნდობლობა იმანაც გამოიწვია, რომ FaceApp-ის შემქმნელები სანქტ-პეტერბურგიდან არიან.

ინტერნეტ-უსაფრთხოების სფეროში მომუშავე ფრანგმა მკვლევარმა ელიოტ ოლდერსონმა ნოცის სიტყვები უარყო. ოლდერსონის თქმით, მან შეამოწმა აპლიკაცია და მას წვდომა არა ყველა ფოტოზე, არამედ მხოლოდ იმ ფოტოზე აქვს, რომელსაც მომხმარებელი ეფექტებს ადებს. ამის შემდეგ ნოციმ საკუთარი პოსტი წაშალა და დაწერა, რომ „FaceApp-ის შესახებ მისი მოსაზრება მცდარი იყო“.

აშშ-ის სენატში დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჩაკ შუმერმა ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) და ფედერალურ სავაჭრო კომისიას (FTC) FaceApp-ის შემოწმება სთხოვა.

Wireless Lab-მა პრეტენზიებს განცხადებით უპასუხა, რომელშიც აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ყველა მონაცემი „ღრუბელში“ ინახება და დროულად იშლება. კომპანიის განცხადებით, სერვერებზე მხოლოდ ის ფაილი ხვდება, რომლის დამუშავებაც მომხმარებელს სურს.

imedinews.ge

Show More

მსგავსი პოსტები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close