News დაიჯესტი
7 მარტს ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა
- ნახვები801
- ლაიქები0
7 მარტს ჟიული შარტავას 75 წელი შეუსრულდებოდა…
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წლის ივნისში, შარტავა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც სეპარატისტისტებმა თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
რამდენიმე დღით ადრე სატელეფონო საუბარში თავისი განცდები მეგობარს გაუზიარა: “ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე შეგვიძლია და თუ სიკვდილი გვიწერია, არც ეს უნდა იყოს დიდი ტრაგედია. ისეთი ბიჭები იხოცებიან, ძნელია ამის შემყურემ სიცოცხლეზე იფიქრო. რას იზამ, ბედისწერას ვერ გაექცევი.” მოლაპარაკების შემდეგ მისი ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მინიჭებული აქვს “დიდგორისა” და “ვახტანგ გორგასლის” პირველი ხარისხის ორდენები, 2004 წელს კი ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.
აფხაზეთის ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ჟიული შარტავას გმირობის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იგონებდა: „მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცნობი ავტორის წერილი მოვიდა. ავტორმა არ იცოდა, რომ პიროვნება, ვის შესახებაც წერდა, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. რუსულად დაწერილ წერილში ეწერა: „ჩვენ არ ვიცოდით, ვის ვესროდით, მაგრამ ერთი კია, გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშარობამ, სიმამაცემ, სამშობლოს ამგვარმა სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავწერე, რათა იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. და, თუ საქართველოს თუნდაც ერთი ადამიანი ჰყავს ასეთი, იმ ქვეყანას გადაშენება არ უწერია”. ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ, თვითონაც მონაწილეობდა შარტავასა და მისი მეგობრების წამებაში“.
ჟიული შარტავა 1944 წლის 7 მარტს, სენაკში დაიბადა. სწავლობდა სენაკის მეორე საშუალო სკოლაში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. 1973 წელს სწავლობდა ასპირანტურაში ტექნიკური კიბერნეტიკის სპეციალობით. ეკავა კომკავშირული და პარტიული თანამდებობები თბილისსა და რუსთავში. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1989 წელს დაამთავრა სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.