ALL დაიჯესტიბექას ბლოგი

დომენიკ მანგო-მე აუცილებლად დავაკარგვინებ ქართველებს ქართველობას!

როგორი იყო პატარა დომენიკი?

პატარა დომენიკი იყო ძალიან მგრძნობიარე, თავმდაბალი და დინჯი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გამორჩეულობის გამო, ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან ვხდებოდი დაცინვის და დამცირების ობიექტი, მაინც ვახერხებდი ჩემი წრეების შექმნას და მაშინაც კარგად გამომდიოდა ლიდერობა. ყოველთვის და ყველგან ვიყავი გამორჩეული, ამას ყველა ხმამაღლა აღიარებდა.

პროფესიით ვინ ხარ?

ოფიციალური პროფესია არ მაქვს და ვთვლი, რომ 21 საუკუნეში ადამიანს შეუძლია ოფიციალობების გარეშე აკეთოს ის რაც უნდა და გამოიმუშავოს ფული. მე ვიყავი ტანსაცმლის დიზაინერი როგორც საქართველოში, ისე გერმანიაშიც. სწორედ გერმანიიდან გაკეთდა ჩემი ჩვენება Tbilisi Biltmore-ში, საიდანაც ჰადიჯე აიდენიზმა პირადად დაანონსა ამ კოლექციის საკუთარ ქსელებში გატანა. ასევე გერმანიაში დღემდეა ახალგაზრდებში შემორჩენილი ჩემი სტილი. თუმცა ეს დრო დასრულდა, ვეღარ ვხედავ ჩემს თავს დიზაინერის ამპლუაში.

რატომ გადაწყვიტე ვიდეო ვლოგერობა?

მე არ ვარ ვიდეო ვლოგერი. მე ვარ ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა სტკივა და ყველა საშუალებას იყენებს სიტუაციის გამოსასწორებლად. საბედნიეროდ ხალხმა ისმინა ჩემი და ბევრი მხარდამჭერიც გამომიჩნდა, განსაკუთრებით ემიგრანტები. ახლა უკვე საზოგადო მოღვაწედ გადავიქეცი.

შენი აზრით რატომ იწვევ ხალხში აგრესიას?

აგრესიას იმიტომ ვიწვევ, რომ მე ხალხს ვადანაშაულებ ყველაფერ ცუდში რაც ჩემს ქვეყანას სჭირს. ხალხი მიეჩვია სხვისკენ თითის გაშვერად და პირდაღებული მესიას ლოდინს, რომ ყველაფერი მოუგვაროს – მე კი ვამბობ, რომ მესია, პრეზიდენტი და პრემიერი თავად ვართ ჩვენი ქვეყნის. ზარმაც ხალხს აღიზიანებს ამის გაგება, ურჩევნია კვერცხებში მახათი გაირჭოს, ვიდრე ტვინი და ხელი გაანძრიოს.

დომენიკის ყველაზე დიდი ოცნება?

არ ვოცნებობ. მე დედამიწის ქურუმი ვარ, ამ მიწას ესმის ჩემი – მე მას ვაძლევ რაც სჭირდება, ის კი მე. არაფერი არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რაც მინდოდა და არ მომეცა. ხშირად მეკითხებიან თავს რითი ირჩენო – მე დედამიწა მარჩენს. არ დაიჯერებთ, მაგრამ ასეა.

არსებობს შენთვის მისაბაძი პიროვნება? (ვინ, რატომ)

მისაბაძი პიროვნება არ მყავს. ამ კითხვაზე დიდი ხანი ვიფიქრე და პასუხი ვერ მოვიფიქრე. ისედაც ბევრი შევქმენი საკუთარი, ინდივიდუალური და გამორჩეული – ალბათ ეს იმის დამსახურებაა, რომ არავის ვბაძავ.

არსებობს თუ არა შენი ქალის იდიალი? (როგორია)

ქალის იდეალია ჩემთვის ნინა, რომელიც ერთადაა ყველა ქალი და ზოგჯერ აუტანლადაც. უჯვე 7 წელია ვმეგობრობთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ასეთი მიმღებელი და ღია ვარ სამყაროს მიმართ. ბევრი არ იცნობს და ვერც გაიცნობს ვერავინ, ვერც მე ვერ შევძელი მისი გაცნობა.

10 წლის შემდეგ სად ხედავ შენ თავს?

10 წლის შემდეგ მე ვიქნები პრეზიდენტი, მანამდე კი ხალხთან ერთად იქეთ გავდენი პოლიტიკოსებს, საითაც საჭიროა. წინ დიდი ბრძოლებია, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ბრძოლები, სადაც ყოველთვის ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან მე ხალხის მხარეს ვიჭერ.

ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში (ისაუბრე გადაჭრის გზებზეც)

ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხალხის მენტალიტეტია. მე სულ ვამბობ, რომ ეს მენტალუტეტი ალპობს და ანადგურებს ამ ქვეყანას. არასოდეს არ ეშველება არაფერი და ვერ გადავრჩებით, სანამ ქართველობას არ დავკარგავთ, მე კი აუცილებლად დავაკარგვინებ ქართველებს ქართველობას.


Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close