News დაიჯესტი

არჩევნების დასრულებისთანავე 10 000 ოჯახს გამოსახლება ემუქრება

ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, ერთადერთი საცხოვრებლიდან ადამიანების გამოსახლების შეჩერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. „ხალხის პარტიის“ თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე „ალიასთან“ აცხადებს, რომ შეჩერების ნაცვლად, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, ეს პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება:

_ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოვების გამო, დაახლოებით, 10 000 გეგმიური გამოსახლება შეჩერდა, თუმცა არჩევნების დასრულებისთანავე, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ არაფერს და ადამიანებს უმოწყალოდ ყრიან ქუჩაში, რაც ძალიან სამწუხაროა. აუცილებელია, რომ სასამართლოს გააჩნდეს მეტი ბერკეტი იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც ქვეყანაში არსებობს. წარმოიდგინეთ, მარტო 2017 წელს ქვეყნის მასშტაბით დახლოებით 30 000-მდე გამოსახლება მოხდა, რაც ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის და უმუშევრობის გამოძახილია. უამრავ ადამიანს სახლი ბანკში დან კერძო იპოთეკართან  აქვს ჩადებული და არანაირი სამართლებრივი ბერკეტი არ არსებობს, რომ სახელმწიფომ აიღოს თავის მოქალაქეზე ზრუნვის ვალდებულება. ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მაგრამ 2018 წლის გამოსახლებების სტატისტიკა ვერ მივიღეთ, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე ძალიან მძიმედაა.  

იყო საუბარი, რომ ერთადერთი საცხოვრებელის იპოთეკით დატვირთვა აიკრძალებოდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა და ამ მიმართულებით რეალურად, არაფერი გაკეთებულა. სხვათა შორის, ეს დაპირება პრემიერ ბახტაძისგან მოდიოდა. თავიდან მამუკა ბახტაძე საკმაოდ ენერგიულად მოქმედებდა, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გაზრდილი მადა შეეზღუდა და გამოსახლებების რიცხი შეემცირებინა, მაგრამ არ დასცალდა. შემიძლია ვთქვა, რომ ის ფინანსთა მინისტრობის დროს უკეთ მუშაობდა, ვიდრე ახლა და იქ რომ დარჩენილიყო, მეტ სიკეთეს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის, რაც მიგრაციას უფრო აძლიერებს და ისედაც დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი ქვეყანა სულ უფრო მეტ ადამიანს კარგავს.  სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობა უფრო გაღატაკდა და არსებობს იმის საშიშორება, რომ უსახლკაროთა არმიას კიდევ ათასები დაემატება, ამიტომ მოვუწოდებ ფინანსთა სამინისტროს, რომ ამ მიმართულებით უფრო სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს.

და ბოლოს, ამ ქვეყანას მარიხუანის ლეგალიზაცია- დეკრიმინალიზაციაზე უფრო სერიოზული პრობლემები აქვს და ეს თემები უფრო მნიშველოვანია ქვეყნისთვის, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ასე ექსტრემალურად განხილვა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close