პოლიტიკა
მოლდოვა რუსეთს, ოკუპაციის გამო, მილიარდებს მოსთხოვს

- ნახვები862
- ლაიქები0
მოლდოვა რუსეთის ხელისუფლებისთვის, დნესტრისპირეთში სამხედრო ძალების ყოლის გამო, რამდენიმე მილიარდდოლარიანი ანგარიშის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის სპიკერი ანდრიან კანდუ აცხადებს.
“ვფიქრობთ, რომ დნესტრისპირეთში მყოფი 2 ათასი რუსი სამხედრო საოკუპაციო ძალას წარმოადგენს. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები. ვაპირებთ დავიქირაოთ უცხოური იურიდიული კომპანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ის ზარალი, რაც, რუსეთის დნესტრისპირეთში 25-წლიანი ყოფნის გამო, მოგვადგა. ანგარიში მილიარდობით დოლარში განისაზღვრება“, – განმარტავს კანდუ.
მისი თქმით რუსი სამხედროები, რომლებიც არაღიარებული დნესტრისპირეთის არმიასთან ერთად ერთობლივ წვრთნებს ატარებენ, მოლდოვასთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
“ეს ისეთივე უკანონობაა, როგორიც აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში ხდება“, – აცხადებს პოლიტიკოსი და იმედოვნებს, რომ ეს საკითხი საერთაშორისო დონეზე განიხილება.