POSTS დაიჯესტი

გია ნოდია: ტრამპი სრულიად უპრინციპო ოპორტუნისტია, და, ამასთან, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ჭკვიანია

მეკამათებიან ამ ტრამპზე, იძულებული ვარ ცოტა ვრცლად გამოვხატო პოზიცია.

1. სწორია თუ არა გენერალ ლის ძეგლის ჩამოღება, ლეგიტიმური კამათის საგანია.
2. ასევე, სრულიად ლეგიტიმურია აქციის გამართვა როგორც ძეგლის ჩამოღების, ისე მისი შენარჩუნების მოთხოვნით. ამ აზრით, „ორი მხარე“ ნამვილად არსებობს, და ორივეს აქვს არსებობის სრული უფლება. მე პირადად ამ საკითხზე გამოკვეთილი პოზიცია არა მაქვს (ვიცი, რომ არც არავინ მეკითხება).
3. ყველა, ვისაც არ უნდა გენერალ ლის ძეგლის ჩამოღება, ავტომატურად არ არის რასისტი ან თეთრი „სუპრემასისტი“ (აბა, ქართულად სხვა როგორ დავწერო?). თუმცა, ძეგლის შენარჩუნებისთვის აქტიურ მებრძოლთა შორის ბევრია (თუ არა უმრავლესობა), ვინც ამ სიტყვებით შეიძლება დაახასიათო.
4. ექსტრემისტულად განწყობილი ხალხი არის ტრამპის მოწინააღმდეგეებს შორისაც.
5. კონკრეტულად შარლოტსვილში მოხდა ტერორისტული აქტი, რომელიც თეთრმა რასისტმა განახორციელა იმიტომ, რომ ის თეთრი რასისტია. თუ „მეორე მხარეც“ რაღაცაში ტყუის (რაღაცაში ყველა ვტყუივართ), ამას ვერ დავაყენებთ იმავე მორალურ დონეზე, რაც უდანაშაულო ხალხის მანქანით შეგნებულად ჭყლეტაა (ეს, სხვათა შორის, რადიკალური ისლამისტი ტერორისტებისგან ნასესხები მეთოდია).
6. თუ მაინცდამაინც ბალანსი გინდათ, ბაადერ-მაინჰოფის მემარცხენე ჯგუფის ტერორისტული საქმიანობა განვიხილოთ ერთ მორალურ დონეზე იმასთან, რაც შარლოტსვილში მოხდა. მაგრამ აქ გამართული მემარცხენე კონტრაქციის მომხრეები ტერორისტებს რატომ უნდა გავუთანაბროთ, არ ვიცი.
7. ზოგადიდეოლოგიურ დონეზე, შეგვიძლია ბევრი ვიდავით იმაზე, რომ ფაშისტები და კომუნისტები ერთი ნეხვია (მეც ამ აზრის მომხრე ვარ). მაგრამ მთავარია კონტექსტი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი „ბალანსი“ არ არსებობდა. ერთ მხარეს ნაწილობრივ მაინც (ალბათ, უპირატესად) შეადგენდნენ გამოკვეთილი რასისტები და ფაშისტები, მეორეს – მათი აღზევებით აღშფოთებული ადამიანები (რომელთაგან, დაწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ბევრ რამეში არ დავეთანხმები). კი ბატონო, ორივე მხარეს არის „სიძულვილი“, მაგრამ ეს აბსტრაქტული კატეგორიაა. გააჩნია, რის საფუძველზე გძულს და კონკრეტულად რას გაკეთებინებს ეს სიძულვილი. „ორი მხარის“ გათანაბრება, რაც ტრამპმა გააკეთა, იყო უდიდესი მორალური და პოლიტიკური სიბეცე. ამ კონტექსტში გამართლებული იყო მხოლოდ ძალადობრივი ქმედების და მისი გამმართლებელი იდეოლოგიის ცალსახა დაგმობა.
8. ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ტრამპის ქცევისა არის ის, რომ ამ „ორი მხარიდან“ ერთ-ერთი მის მომხრეთა ბაზის ნაწილია, მეორე კი – აქტიური მოწინააღმდეგე. ის გაყვა ბუნებრივ პოლიტიკურ ინსტინქტს – თავისიანები, ანუ თავისი ამორჩევლები არ გაწირა. ოღონდ ეს მას არანაირად არ ამართლებს.
9. აქედან არ გამომდინარეობს, რომ თავად ტრამპი რასისტი და ფაშისტია. მაგრამ გამომდინარეობს, რომ ის სრულიად უპრინციპო ოპორტუნისტია, და, ამასთან, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე ჭკვიანია.

თუ არ დამეთანხმებით, თუ შეიძლება, შესაბამისი პუნქტი მიუთითეთ.

 

გია ნოდია

 

ფეისბუქ–სტატუსი

 

მოამზადა

სალომე გაზდელიანმა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close