პოლიტიკა

აპატურაი: ნატო-ში საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებას რუსეთთან ან სხვა მესამე მხარესთან არ ვაპირებთ

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო არ აპირებს, ალიანსში საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება რუსეთთან ამ სხვა მესამე მხარესთან აწარმოოს.

ჯეიმს აპატურაი “პატრიოტთა ალიანსის” წევრების რუსეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის მიზნები მისთვის გაუგებარია.

„მე, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ ვხდები, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა. ამავე დროს, გვაქვს მცდელობა, რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი. ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ ეს არის იდეა, რომ რაიმე ფორმით საქართველოს მომავალზე იმსჯელონ რუსეთმა და ნატო-მ, მაშინ ეს არის შეუძლებელი, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე ნატო-ში არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოს გადასაწყვეტია და ნატო-ს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიძლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე – დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე – ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“, – განაცხადა აპატურაიმ “საზოგადოებრივთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ნატო-ს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ინიციატივა მოსკოვში ვიზიტის დროს გააჟღერეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი ფორმატი რუსეთს დაეხმარება, რომ მსოფლიოში აღარ გამოჩნდეს როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანა.

იხ.ვრცლად


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close