News დაიჯესტი

თბილისი-რუსთავის და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა,სიცოცხლის უფლებას ხელყოფს

თბილისი-რუსთავის და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობა, რომელიც სიცოცხლისა და კერძო საკუთრების უფლებას ხელყოფს ამთავითვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ, რუსთავის გზატკეცილზე მცხოვრებნი, არ ვეწინააღმდეგებით სახელმწიფოს აღმშენებლობით პროცესს.

ამავე დროს, სახელმწიფომ არ უნდა შებღალოს ჩვენი ფუნდამენტური და ხელშეუვალი უფლებები – სიცოცხლისა და კერძო საკუთრების უფლება, რომელიც ქვეყნის უზენაესი კანონით გარანტირებული გვაქვს!

ჩვენ არ შევეგუებით არც იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო მოხელეთა ზერელე დამოკიდებულების გამო ჩვენ ოჯახებთან ერთად განწირული ვიყოთ სიკვდილისათვის და მიგვაჩნია, რომ ჩვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტი ამ შემთხვევაშიც სწორედაც რომ სახელმწიფოა! საკითხს, რომელსაც ეს წერილი ეხება, შესაძლოა არ აკისრია უპირველესი მნიშვნელობა სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში, მაგრამ იგი უპირველესია ჩვენს ცხოვრებაში, ამიტომ იმედი გვაქვს, ჩვენთვის ესოდენ მტკივნეულ საკითხს დადებითად გადაწყვეტენ კანონმდებლობის დონეზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივმართოთ უკიდურეს გზას, რათა მივიპყროთ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება და მათგან მივიღოთ დახმარება. ჩვენ მიგვაჩნია და ასეც არის, რომ ყველა საჯარო მოხელე ჩვენს მიერაა დაქირავებული და სწორედაც რომ ვალდებულნი არიან ჩვენი კეთილდღეობისთვის ზრუნავდნენ. ცხადია, ჩვენი მოთხოვნები არცთუ ისე ძნელად შესასრულებელია.

პირიქით, ნორმალურ ქვეყანაში მოქალაქეს არც კი უნდა დასჭირდეს ასეთი საკითხისათვის ნერვების დაძაბვა. ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი იძულებითი განსახლების საკითხს ხალხზე მოამაგე ხელისუფლება თვითონ უნდა აგვარებდეს უმტკივნეულოდ!!! ჩვენს შეშფოთებას ამყარებს აზიის განვითარების ბანკის შესაბამისობის შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 13 თებერვლის საბოლოო ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ გზის გაყვანის შემთხვევაში გარდაუვალი იქნება შენობის ჩამონგრევა და ადამიანთა მსხვერპლი!!!

რატომ არის ჩვენთვის განსახლების საკითხი იძულებითი? ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:

1. პროექტის განხორციელების შედეგად გარემოზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება გამოვლინდება, როგორც სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში, ასევე ავტომაგისტრალის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად: მოხდება არაორგანული მტვრის გავრცელება, იქნება აუტანელი ხმაური და ვიბრაცია, სადაც მუდმივად მოგვიწევს ცხოვრება ჩვენ და ჩვენს მცირეწლოვან შვილებს.

2. განხორციელდება ზემოქმედება ადგილობრივ ლანდშაფტზე – გაიკაფება მცენარეული საფარი და მწვანე ნარგავების შთანთქმის ხარჯზე მოხდება გზის დაგება – ჩვენი ფანჯრებიდან დაახლოებით 12 მეტრის დაშორებით, სწორედ იმ მხარეს, საიდანაც დღეისათვის გვაქვს სიწყნარე, სიმშვიდე და ჟანგბადით მდიდარი ჰაერი.

3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისა და მოსახლეობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები: ა) ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებელს წარმოადგენს ავტოტრანსპორტი, 90%-ზე მეტი თბილისის ჰაერის დაბინძურებაში სწორედ ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. ბ) მომაკვდინებელი ეფექტი ექნება ავტოტრანსპორტის სახიფათო გამონაბოლქვს. დამტკიცებულია, რომ ავტომობილის საწვავის წვის შედეგად გამოდენილი მავნე გამონაბოლქვი არის ბევრი დაავადების გამომწვევი. გზის მშენებლობისას და შემდგომაც ატმოსფერულ ჰაერში გავრცელდება მტვრის მყარი ნაწილაკები. მტვერი შეიცავს კარცეროგენს. მტვერი სერიოზულად მუშაობს სასუნთქ გზებზე. იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს, აზიანებს იმუნურ სისტემას, შემდგომში კი შესაძლოა, კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს!

4. ჩვენს კორპუსში ცხოვრობს 0 -დან 6 – წლამდე ათეულობით მცირეწლოვანი ბავშვი. გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია კი სახელმწიფოს პირდაპირ ავალდებულებს იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. 5. სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთა მძიმე საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მუდმივი ხმაურის დონე გამოიწვევს მათ დეზორიენტაციას!!!

ცნობილია, რომ საქართველოში უსაფრთხოების დაბალი კულტურის გამო არაერთი ტრაგედია დატრიალდა, ამიტომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარება არასოდეს არ არის გამართლებული!!! ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ მოგვიწევს იძულებით დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ბინები და ვეძებოთ ბევრად უფრო უსაფრთხო საცხოვრისი. იმედს ვიტოვებთ, დადებითად დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები იმდენად, რამდენადაც თავიდან უნდა იქნეს აცილებული მოსალოდნელი მძიმე შედეგები და რომ არ შეილახოს ჩვენი უფლება – ვიცხოვროთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში და არ მიადგეს ზიანი ჩვენს კერძო საკუთრებას.

ავტორი ლუკა მელაშვილი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close