News დაიჯესტი
ზურაბ ჯაფარიძე: გლეხობა ტეხავს

- ნახვები506
- ლაიქები0
“გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ “სოფლების დაცლა” ბუნებრივი და გარდაუვალი პროცესია. მისი განმარტებით, მიზეზი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების გზაზე გადასვლაა, საქართველო კი – ამ გზას ახლა გადის. ამის შესახებ მან On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც ფეისბუკში მისი ვიდეორგოლი გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ “სოფელი დაიცლებოდა” და “გლეხობა უნდა ტეხავდეს”.
“რაც უფრო განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, მასში უფრო ნაკლები იქნება სოფლის მეურნეობის წილი”, – ამბობს ჯაფარიძე და დასძენს, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების ურბანულ დასახლებებში მიგრაციასა და ქალაქში ახალი სამუშაოების შექმნას ამართლებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობის მიუხედავად, სოფლების დაცლის პროცესი გაგრძელდება.
“რაც უფრო მეტად გავწელავთ ამ პროცესს, მით უფრო დიდხანს დარჩებიან სოფლად მცხოვრები ადამიანები სიღატაკეში. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც წლებია ატარებენ სხვადასხვა ხელისუფლებები საქართველოში, რათა ეს ადამიანები სიღატაკეში ცხოვრობდნენ”, – განმარტავს ის.
ჯაფარიძე ამბობს, რომ არ არსებობს მდიდარი და ცხოვრების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ქვეყანა, რომლის ეკონომიკურ განვითარებაშიც სოფლის მეურნეობის წილი მაღალია. მისი თქმით, საქართველო გადის გზას, რომელიც გაიარეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც ეკონომიკურად გამდიდრდნენ:
“სოფლის მეურნეობის ნაცვლად, ადამიანები უნდა დასაქმდნენ მომსახურების ან მრეწველობის სფეროში”.
კითხვას, რას გულისმხობდა ვიდეორგოლში, როცა ის ამბობდა, რომ “გლეხობა უნდა ტეხავდეს”, პასუხობს, რომ “გლეხობა” მისაღები ტერმინი არ უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც ბატონყმობა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში გადააგდეს.
“სიტყვა გლეხის შინაარსი იდეაში გაჭირვებულ ადამიანს გულისხმობს, რომელსაც აქვს პატარა მიწის ნაგლეჯი, რომლის უცხოელზე გაყიდვაც აკრძალული აქვს და ამ მიწის ნაკვეთს იყენებს იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს და მუდამაა დამოკიდებული იმაზე, რომ მთავრობა რაღაცას გადაუგდებს,” – განმარტავს ჯაფარიძე.
მისი თქმით, ადამიანები უნდა დასაქმდნენ ნორმალურ სამუშაო ადგილებზე, უნდა ჰქონდეთ ნორმალური შემოსავალი, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ.