News დაიჯესტი

„ბრიუსელის ღირებულება სააკაშვილის რეჟიმია“ — პაპუაშვილის მწვავე განცხადება

„ბრიუსელს მოსამართლის დანიშვნაში გადამწყვეტი ხმა უცხოელისთვის უნდა?“ — პაპუაშვილი ვეტინგზე

შალვა პაპუაშვილი ვეტინგის წინააღმდეგ — პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული მექანიზმი საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ზღუდავს და უცხოელ ექსპერტებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში გადამწყვეტ როლს ანიჭებს.

„ვეტინგის არსი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვაა“ — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ბრიუსელის მოთხოვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესში უცხოელს „გადამწყვეტი ხმა“ უნდა ჰქონდეს.

პაპუაშვილი ამ მოთხოვნას საქართველოს სუვერენიტეტისთვის მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პირობებში აღნიშნული მოთხოვნა რეალობად არ იქცევა.

„ქვეყანას მოსამართლეს უცხოელი რომ დაგინიშნავს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ?“ — აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

პაპუაშვილის თქმით, საკითხი მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემას არ ეხება და, მისი შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან არის დაკავშირებული.

„რისთვისაც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირისგან გამოსვლის პროცესში, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ეს ისევ ამის აყრაა“, — განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციაც და განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ოპოზიციის ნაწილი მზად არის, ქვეყნის დამოუკიდებლობა პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ დათმოს.

პაპუაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მოლდოვასა და უკრაინაში ვეტინგის პროცესებთან დაკავშირებულ ქართველებზე გაამახვილა.

მისი განცხადებით, მოლდოვაში ვეტინგის კომისიის წევრი ნონა წოწორია წარსულში საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო.

პაპუაშვილის შეფასებით, წოწორიას მონაწილეობა იმ პერიოდის საქმიანობას უკავშირდება, როდესაც საქართველოში ქონების ჩამორთმევის, მედიის შეზღუდვისა და ძალადობის პრაქტიკა არსებობდა.

მან ასევე ისაუბრა უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის საქმიანობაზე და განაცხადა, რომ ორივე შემთხვევაში კითხვები ჩნდება იმ ადამიანების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მართლმსაჯულების სისტემის შეფასებაში მონაწილეობენ.

„დღეს ნონა წოწორია მოლდოვაში წყვეტს, ვინ გახდეს მოსამართლე. ასეთი რეპუტაციის, წარსულისა და კეთილსინდისიერების მქონე ადამიანია“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ვეტინგის პროცესის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას და რა გამოცდილება აქვს თავად ამ პროცესში ჩართულ პირს.

პაპუაშვილმა საბოლოოდ ბრიუსელის პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდთან დააკავშირა და განაცხადა:

„ბრიუსელის გაგებით, კეთილსინდისიერება სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმია.“

მოამზადა: რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close