News დაიჯესტი

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 65 მილიონი აშშ დოლარის სესხი გამოუყო სასუქების მწარმოებელ კომპანია რუსთავის აზოტს

თანხები მოხმარდება თანამედროვე საწარმოს მშენებლობას და არსებული ობიექტის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას

პროექტი ხელს შეუწყობს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას და ინკლუზიურ განვითარებას

 

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მხარს უჭერს საქართველოს კერძო წარმოების სექტორს – რუსთავის აზოტისთვის 65 მილიონი აშშ დოლარის სესხის გაცემით. ეს ინვესტიცია დააფინანსებს თანამედროვე, ამონიუმის ფოროვანი გვარჯილის საწარმოს მშენებლობას, ასევე, კომპანიის არსებულ ქარხანაში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას გარემოზე ზემოქმედების შემცირების მიზნით.

 

რუსთავის აზოტი სასუქების წარმოების გლობალური ლიდერის, კორპორაცია ინდორამას ნაწილია 2023 წლიდან. მისი წლიური წარმოების სიმძლავრე 550,000 ტონა ამონიუმის გვარჯილაა და ის ემსახურება რეგიონალური მასშტაბის კლიენტებს. რუსთავის აზოტის ქარხანა კორპორაცია ინდორამასთვის ევროპული წარმოების პირველი ობიექტია. ქართული კომპანია რეგიონული ზრდისათვის სტრატეგიულ პლატფორმას წარმოადგენს.

 

EBRD-ის ინვესტიცია ხორციელდება იმ დროს, როდესაც რეგიონული სასურსათო სისტემების მდგრადობა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოში სასუქების წარმოების მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო რესურსების უფრო სტაბილურ, ადგილობრივად ხელმისაწვდომ მიწოდების პროცესს. დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი სტრუქტურირებულია როგორც მწვანე სესხი, რომელიც შეესაბამება „სესხების ბაზრის ასოციაციის“ (Loan Market Association ) მიერ გაცემული მწვანე სესხის პრინციპებს; ფინანსური რესურსი კი მოხმარდება შესაბამის მწვანე პროექტებს.

 

გარემოს დაცვასთან დაკავშირებული სარგებლის გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარების თვალსაზრისითაც. კომპანია შექმნის შიდა აკადემიას ტრენინგების ჩასატარებლად ბაზრისთვის რელევანტური ტექნიკური უნარების განვითარების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმობა მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვან როლებს.

 

ფრედერიკ ლუსენეტმა, EBRD-ის წარმოებისა და მომსახურების სექტორის გლობალურმა ხელმძღვანელმა, განაცხადა: „რუსთავის აზოტის მოდერნიზაცია შეესაბამება ჩვენს მისიას ხელი შევუწყოთ სამრეწველო დეკარბონიზაციას ჩვენს რეგიონებში, გამონაბოლქვის რთულად შესამცირებელ სექტორებში, როგორიცაა სასუქების წარმოება. ჩვენ სიამოვნებით ვუჭერთ მხარს დიდი ხნის კლიენტის ინდორამას სტრატეგიულ ინვესტიციას საქართველოში.“

 

კორპორაცია ინდორამას ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარემ ამიტ ლოჰიამ აღნიშნა: „მადლიერები ვართ EBRD-ის ურყევი მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რაც აისახა ამ მნიშვნელოვან მწვანე დაფინანსებასა და ჩვენი მზარდი პარტნიორობის გაღრმავებაში. ეს პროექტი დაეხმარება რუსთავის აზოტს ოპერაციების მოდერნიზებაში, დეკარბონიზაციის დაჩქარებასა და პროდუქციის დივერსიფიკაციის გაზრდაში. ჩვენ მოუთმენლად ველით რუსთავის აზოტის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ამგვარი მიმდინარე საინვესტიციო პროგრამებით.“

 

დღეისათვის ბანკმა საქართველოში განახორციელა თითქმის 5,52 მილიარდი ევროს ინვესტიცია 313 პროექტში, რითიც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლას.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close