News დაიჯესტი
ევროკავშირი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, დაიწყოს ფრენები ოკუპირებულ სოხუმში

- ნახვები331
- ლაიქები0
ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, – ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე, წარმოადგენს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს.
„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში. ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა ქართული ხელისუფლების თანხმობის გარეშე და სოხუმის აეროპორტისთვის აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდექსის არარსებობის პირობებში, წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთ ნაბიჯს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.