News დაიჯესტიპოლიტიკა

„ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი–შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, პასუხგაუცემელი კითხვები და ურთიერთბრალდებები „

მიუხედავად პასუხთა ნაირგვარობისა, ისინი ვინც საქართველოს ადანაშაულებენ ამ ომის დაწყებაში იქვე დასძენენ, რომ საქართველო გაება რუსეთის მიერ დაგებულ მახეში და წამოეგო რუსულ პროვოკაციას. ხოლო ისინი კი ვინც ამას არ ეთანხმებიან, ცალსახად აცხადებენ, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და იხმობენ ისტორიულ ფაქტს რუსეთის მხრიდან საქართველოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ანექსიისა.

კონფლიქტი არაერთხელ შეფასდა სხვადსახვა ექსპერტთა მიერ და მასზე გამოქყვენებულია არაერთი ქართული, თუ საერთაშორისო კვლევა. მათ შორის, პირველად მისი ისტორიის მანძილზე ევროკავშირმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ, ჩამოაყალიბა ფაქტების დამდგენი კომისია, რომელმაც შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დადო დასკვნა, რომელიც წარმოადგენს მანდატირებული გამოძიების შედეგს.

ქართველებს უდავოდ გვახსოვს ქრონოლოგია ამ შეიარაღებული კონფლიქტის, იგივე 5–დღიანი ომის დაწყებისა, რომელსაც წინ უძღოდა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა და სროლები. ამ კონფლიქტის წინმსწრები დაძაბულობა საქართველოს ორ კონფლიქტურ ზონაში, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” აბსოლუტური სიზუსტით არის დაფიქსრიებული ტალიავინის დასკვნაში.

მასში ვკითხულობთ, რომ უკვე გაზაფხულზე სიტუაციის კრიტიკული გაუარესება აღინიშნებოდა აფხაზეთში, კიდევ ერთ კონფლიქტურ ზონაში, რაც სამხედრო-საჰაერო მანევრირების ინტენსივობაში გამოიხატებოდა. აპრილში კი რუსი სამხედროებით დაკომპლექტებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა დამატებითი სამხედრო ნაწილებით გაძლიერდა. 2008 წლის მაისის ბოლოს რუსული სამხედრო სარკინიგზო ნაწილი გაიგზავნა აფხაზეთში ადგილობრივი რკინიგზის აღსადგენად.

ამ მოვლენებს მოჰყვა ზაფხულში საზოგადოებრივი ადგილების დაბომბვა, ისევე როგორც გზების აფეთქება საქართველოს მხარეზე. ხოლო 2008 წლის ზაფხულში დაძაბულობის ცენტრი იცვლება და კონფლიქტი საქართველო-აფხაზეთის ზონიდან გადადის საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაზე… აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციაში. “მართლაც, სცენა საომარი მოქმედებებისთვის მომზადებული ჩანდა“, წერია დასკვნაში.

თუმცა მასში რასაკვირველია, არ არის ასახული, თუ როგორი კმაყოფილებით აცხადებდა სააკაშვილი კონფლიქტის დაწყების დღეს 2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამეს, ქართული არტილერიაის მხრიდან ქალაქ ცხინვალზეგანუწყვეტელი საარტილერიო შეტევისას, რომ ფაქტობრივად ქართული მხარე აკონტროლებდა ცხინვალს.

ასევე საეჭვოს ხდის ქართული მხარის მიერ ომის დაწყება– არდაწყების ინიციატივის ფაქტს, გაერთიანებული სამშვიდობო ძალების სარდალის, ბრიგადის გენერალ მამუკა ყურაშვილის განაცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდა,სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ეს განცხადება მან სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე გააკეთა. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მისი განცხადება, როგორც უფლებამოსილების არმქონე პირის მიერ გაკეთებული და სამხედრო ოპერაციის დაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა.

ამასთან,  სააკაშვილის  მიერ  გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ, ის (ყურაშვილი) არ იყო უფლებამოსილი გაეკეთებინა ეს განცხადება, ის მხოლოდ ქართული ბატალიონის მეთაური იყო და არა თავდაცვის მინისტრიო. პრეზიდენტის შეფასებით მისი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ იყო კერძო ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის განცხადება.

გენერლის მიერ გაკეთებული ეს განცხადება , რომელიც ქვეყნის პირველი პირის მიერ უარყოფილ იქნა და ის პათოსი , რომლითაც სააკაშვილი კონფლიქტის დაწყების დღეს საუბრობდა, ბადებს ეჭვს, რომ მას ჰქონდა სურვილი „ცხინვალის აღების და გამარჯვების ისეთივე ტრიუმფალური განცხადებების გაკეთებისა, როგორც ეს იყო 2004 წლის, 6 მაისს – „ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია.“

გარდა ამისა, 2005 წელს , არ გავრცელებულა ინფორმაცია ცხინვალის აღების მცდელობის შესახებ. მაშინ ეს ოპერაცია შედარებით მცირე მასშტაბის საომარი მოქმედებით შემოიფარგლა , რასაც თან ახლდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებები, რომ ახალ, 2006 წელს ცხინვალში შევხდებოდით. იქამდე სააკაშვილს ქონდა ჰუმანიტარული შტურმის მცდელობა და მისი ინიციატივით სასუქი და საკვები პროდუქტები იქნა შეტანილი კონფლიქტის ზონაში. შესაბამისად , ამ ჟესტით ის ცხინვალის მოსახლეობის გულის მოგებას ცდილობდა. ამაზე ამბობდნენ, რომ ეს იყო აგრესიული ჰუმანიტარული შეტევა.

კონდოლიზა რაისის ( აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 2005-09 წლებში) ცნობილი განცხადების მიხედვით, მან საააკაშვილი გააფრთხილა ამერიკული მხარის შეშფოთების გამო, რათა მას არ მიეცა მოსკოვისთვის მისი პროვოცირების საშუალება – ქართული მხარე არასგზით არ უნდა წამოგებოდა პროვოკაციას.
ქართული საარტილერიო შეტევიდან ძალიან მალე ბრძოლაში რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ნაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ.

რუსეთის შეიარაღებული ძალები ღრმად შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, გადაკეტეს ქვეყნის ძირითადი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, მიაღწიეს ფოთის პორტამდე და თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მახლობლად გაჩერდნენ.. შემდეგ რუსული ძალების მხარდაჭერით აფხაზეთის ძალებმა ზემო კოდორის ხეობა დაიკავეს. ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შორის.
ტალიავინის კომისიის შეფასებით ეს იყო წარმატებული პოლიტიკური ქმედება.

შემდეგომში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების არალეგიტიმურობა, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ნათლად არის ასახული ტალიავნის დასკვნაში . „საერთაშორისო სამართალი არ აღიარებს ახალი სახელმწიფოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით შექმნის უფლებას ერთა თვითგამორკვევის პრინციპებზე დაყრდნობით, თუ საქმე არ ეხება კოლონიალურ და აპარტეიდულ შემთხვევებს.

განსაკუთრებული თანხმობა სახელმწიფოდან გამოყოფაზე მისაღებია ისეთი უკიდურესი პირობების შემთხვევაში, როგორიც არის გენოციდი…2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემდგომი აღიარების შემთხვევაში მისიამ დაადგინა, რომ გენოციდს ადგილი არ ჰქონია. ეს აგრეთვე ეხება სახელმწიფოს დანაწევრების პროცესს, რაც შეიძლება განხილული იქნეს საქართველოსთან მიმართებაში საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საყოველთაოდ მიღებული uti possidetis პრინციპის თანახმად, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებს, როგორიც არის საქართველო, და არა მათ ტერიტორიულ ნაწილებს, როგორიც არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებლობა, ისეთი დიდი სახელმწიფოს დაშლის შემთხვევაში, როგორიც არის საბჭოთა კავშირი. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთს არ ჰქონდა საქართველოდან გამოყოფის უფლება, და ზუსტად იგივე ეხება აფხაზეთსაც იმავე მიზეზებიდან გამომდინარე. სეპარატისტული ტერიტორიული ერთეულების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მესამე ქვეყნის მიერ შესაბამისად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ასეთი ქმედება წარმოადგენს უკანონო ჩარევას დაზარალებული ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. ეს ეწინააღმდეგება ჰელსინკის დასკვნითი აქტის პრინციპებს, რომლის თანახმად ”მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას და ინდივიდუალობას, ისევე როგორც უფლებებს, რომლებსაც მოიცავს და ითვალისწინებს ეს სუვერენიტეტი, კერძოდ ამაში შედის ყველა ქვეყნის უფლება სამართლებრივ თანასწორობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, თავისუფლებასა და
პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.“

ამ კონფლიქტზე უკვე ძალიან ბევრი დაიწერა და შესაბამისად დასკვნებიც მრავლად დაიდო.  ამჟამინდელი ხელისუფლება აპირებს  მის სრული გამოძიებას. ნამდვილი მოტივი ამ ომის კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.ერთი რამ კი ცხადია, ოფიციალური მონაცემებისა და ფაქტების უკან სულ სხვა მიზეზები და მოტივაციები იმალება.

რუსა  გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close