News დაიჯესტი

სომეხმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს

სემინარმამშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში – “GJC Workshop on Peace and the Role of the Media in the South Caucasus”, რომელიც გაიმართა ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს (GJC) ეგიდით, თბილისში შეკრიბა ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან, რომლებმაც პირველად მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია.

თბილისში, სასტუმრო Hilton-ში ჟურნალისტების მრავალსაათიანი დისკუსიები კონსტრუქციულად წარიმართა და დღის ბოლოს, გარე დამკვირვებლისთვის ღონისძიება შეიძლება მეგობრების შეხვედრასაც კი მოგაგონებდათ. მაგალითად, ვახშმის დროს სანაპიროზე მდებარე თურქილ რესტორანში თურქი ჟურნალისტები და სომხურენოვანი გაზეთ Վրաստան-ის მთავარ რედაქტორი ვან ბაიბურთი თურქულად ისე საუბრობდნენ, თითქოს ისინი ძველი მეგობრები იყვნენ. ჟურნალისტთა საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის GJC-ის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც წარმომადგენლები 62 ქვეყანაში ჰყავს, აღინიშნა, რომ შეკრებილი ჟურნალისტები პოლიტიკურ მიზნებს არ მისდევენ. პირიქით, როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, შეიკრიბნენ პროფესიონალები, რომლებიც კითხვებს უსვამენ პოლიტიკოსებს და ეს კითხვები მკაცრია. სემინარის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავეს და მას ხელი მოაწერეს.  ისინი შეთანხმდნენ, რომ თბილისში შეხვედრა ისტორიული ნაბიჯია და მედიამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარების პროცესში, მედიაში უნდა აღმოიფხვრას „სიძულვილის ენა“.

წარსულის გაკვეთილები მომავლისთვის

ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს GJC პრეზიდენტმა მეჰმედ ალი დიმმა მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემის გადაჭრაში. „ამ ღონისძიების მიზანია სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა, მედიის როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც თითქმის 40 წელია გრძელდება“, – განაცხადა მან.

ჟურნალისტის თქმით, რეგიონის ხალხების მონდომება მუდმივი მშვიდობისთვის გაიზარდა 35 წლის განმავლობაში რეგიონში განვითარებული მტკივნეული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 2020 წლის ომის შემდეგ. „ჩვენ, ჟურნალისტები შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავასრულოთ ხანგრძლივი და მტკივნეული კონფლიქტი, რომელიც სცილდება ომის ფარგლებს. სასწრაფოდ არის საჭირო მედიაში მშვიდობის ენის დანერგვა. მე განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან კონსტრუქციული საქციელისთვის და მჯერა, რომ ჩვენ იმედის სიგნალს გავუგზავნით რეგიონსა და მსოფლიოს იმ დროს, როცა მსოფლიო დიდი დაძაბულობის ქვეშაა“.

ჩემს კითხვაზე, თუ როგორ გაჩნდა სემინარის ჩატარების იდეა, მეჰმედ ალი დიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა აზერბაიჯანის მხრიდან იყო.

„საქართველოში ჩვენი წარმომადგენლის ავთანდილ ოთინაშვილი დახმარებით შეხვედრფ წარმატებით ჩატარდა. ერთობლივი შეხვედრის გამართვის იდეის განხორციელებაზე 3-4 თვის განმავლობაში ვმუშაობდით. თავდაპირველად ისინი მიზნად დავისახეთ, რომ შეხვედრა დადებითი ყოფილიყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. ჩემი ღრმა რწმენაა, რომ როცა რაღაცას ვაკეთებთ, გლობალური ინტერესებიდან გამოვდივართ. ჩვენ არ ვმუშაობთ ერთი ქვეყნის ეროვნული, რელიგიური ინტერესებისთვის, არამედ ვმუშაობთ გლობალური ხასიათის პრობლემებზე. ჩვენი ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უდიდესი გლობალური ქსელი, რომელიც შეიქმნა 2019 წელს. ჩვენ ვართ დამოუკიდებლები“.

ჟურნალისტთა გლობალური საბჭოს წარმომადგენელმა საქართველოში, სააგენტო News Day Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე ჟურნალისტებს წარმატებულად ჩატარებული შეხვედრა მიულოცა და ყურადღება სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე გაამახვილა. მან ასევე ხაზი გაუსვა მედიის როლის მნიშვნელობას კონფლიქტების მოგვარებაში.

არა მხოლოდ თბილისში და სტამბოლში,

შეხვედრები ერევანში და ბაქოშიც გაიმართება

გაზეთ Վրաստան ვრასტანის  მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურტმა გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები და აღნიშნა, რომ კონფერენციის შედეგებით კმაყოფილია.  „ვფიქრობ, შეხვედრა ნამდვილად ძალიან კონსტრუქციული იყო. პირველ რიგში,  იმიტომ, რომ ნიადაგი შესანიშნავი იყო – შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც დამსწრე თურქმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა ჟურნალისტებმა ქართველ კოლეგებთან ერთად, მეგობრულ ატმოსფეროში განიხილეს საკითხები. დიდი პატივისცემა იყო ერთმანეთის მიმართ. ეს, როგორც ჩანს, არის მოდელი ამ დონის სხვა მომავალი შეხვედრებისთვის. თუ არსებობს სიყვარულის, პატივისცემის სულისკვეთება, მაშინ ნებისმიერი საკამათო საკითხი შეიძლება მოგვარდეს. აშკარად იგრძნობა, რომ დიალოგის ყველა მხარის დამოკიდებულება პოზიტიურია, კეთილგანწყობილია. წავალ თუ არა სტამბულში, თუ იქ ასეთი შეხვედრა გაიმართება? კი, რა თქმა უნდა! ზოგადად, ასეთი შეხვედრები მხოლოდ თბილისსა და სტამბოლში არ უნდა გაიმართოს. როგორც ჩანს, მსგავსი შეხვედრები ერევანშიც და ბაქოშიც გაიმართება”

ვეტერანი ჟურნალისტი, მწერალი,  თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი გაზეთის Sabah-ის მიმომხილველი იავუზ დონატი ჩემთან საუბრისასს აღნიშნა, რომ წელს პროფესიულ იუბილეს აღნიშნავს – ის 60 წელია ჟურნალისტიკაშია. კარიერის განმავლობაში იგი შეხვდა თურქეთის 6 ლიდერს, გარდა ათათურქისა.

– თურქეთის საგარეო პოლიტიკას ვაშუქებ. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებზეც ვწერ და ვფიქრობ, რომ არსებული პრობლემები წარსულს უნდა ჩაბარდეს. ორი თვის წინ თურქეთში მიწისძვრა მოხდა და დაახლოებით 53 000 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი სამაშველო ჯგუფი სომხეთიდან იყო. ჩვენ თურქებს ეს არ გვავიწყდება. კმაყოფილი ვარ ჟურნალისტების შეხვედრით თბილისში. ყარსში რომ ჩავდივარ, თურქები ამბობენ, რომ საზღვრის გახსნა სურთ. ეს ორმხრივად მომგებიანია გადაწყვტილება იქნება. შეიქმნება პირობები ეკონომიკური განვითარებისთვის და  პრობლემების გადაჭრაც გაადვილდება.

თბილისში იავუზ დონატმა გაიხსენა ფილოსოფოს მევლანას სიტყვები, რომ გუშინდელი დღე წარსულში რჩება, გუშინდელზე ყველა სიტყვა ქრება და რაღაც ახალი უნდა ითქვას: „ჩვენი მოვალეობაა ვისწავლოთ წარსულის მტკივნეული გამოცდილებიდან. უკეთესი ხვალინდელი დღე შევუქმნათ  შვილებს”.

სომხეთის საინფორმაციო სააგენტო ARMINFO დირექტორმა ემანუილ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების აზრს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას. ემანუილ მკრტჩიანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიის ხალხები ომს მხარს არ უჭერენ. ახლა წინა პლანზეა მშვიდობიან სამყაროში ცხოვრების სურვილი.

ადნან ჰუსეინმა, ჟურნალისტმა ბაქოდან, რომელიც წარმოადგენს News.az-ს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის გამოდის ულამაზეს ქალაქ თბილისში, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლოა.

„მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ჩვენი რეგიონში მშვიდობის მიღწევის მნიშვნელოვანი თემის განსახილველად შეკრებისთვის, ხოლო საქართველოს თბილი მასპინძლობისთვის. ჩვენმა რეგიონმა მრავალი სირთულე განიცადა, მაგრამ დღეს ჩვენ დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის ზღურბლზე ვართ. ჩვენ, როგორც მედიის წარმომადგენლებს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესში. ჩვენ ვთამაშობთ სასიცოცხლო როლს მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობაში”.

როგორც ჟურნალისტებმა აღინიშნეს, მსგავსი შეხვედრების გამართვა ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი მოვლენების განხორციელებას და მშვიდობის შენარჩუნებას.

მირანდა ოგანეზოვა

P.S. ჟურნალისტი მირანდა ოგანეზოვა 20 წლის მანძილზე გაზეთებში «Агрументы и факты -Тбилиси», «КП Грузия» საგარეო პოლიტიკის საკითხებზე წერს.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close