კატეგორიის გარეშე
შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადება
- ნახვები7766
- ლაიქები0
გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებების მიერ შაბათის საღამოს ეთერში გასულ, პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციებს.
დასაწყისშივე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში აგრესიული მედიისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი გახდა პოლიციის სამუშაო სივრცეში ძალადობრივი გზით შეჭრა და ვიდეო გადაღება, რაც ხელს უშლის საპოლიციო დანაყოფებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და აზიანებს პროცესის მონაწილე პირების (მოწმეების, დაზარალებულების) ინტერესებს.
პოლიციის თანამშრომლებისგან ძალადობრივი მეთოდებით მოპოვებული არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი კადრებით, მედიასაშუალებები ცდილობენ მაყურებელში ნეგატიური განწყობების შექმნას. ჟურნალისტების მსგავსი ქმედებები პოლიციის საქმიანობის დისკრედიტაციას და მის მიმართ საზოგადოებაში უნდობლობის, უპატივცემულობის დამკვიდრებას ემსახურება.
აღნიშნული მედიასაშუალებების მაყურებელთა წინაშე პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგიერთი სამუშაოს შესრულების მიზნით, როგორიც არის, მაგალითად, საგამოძიებო პროცესში სათარჯიმნო მომსახურება, თანამშრომლობს კერძო სექტორთან და ეს პირველ რიგში, ემსახურება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ობიექტურად წარმართვას, მოწმის და დაზარალებულთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვას.
პოლიციის მიმართ ბრალდების ავტორებს ქვეყანაში ყოფნის პერიოდში შეეძლოთ მიემართათ როგორც პოლიციის საქმიანობაზე ზედამხედველი ორგანოებისთვის ასევე მედიასაშუალებებისთვის, თუმცა ნათელია, რომ ბრალდების ავტორებისგან საკუთარ ქვეყანაში მათი დევნის ყალბი სურათის შექმნა, ისახავს ერთადერთ მიზანს – ამ საფუძვლით მოიპოვონ უცხო ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლება.
ცრუ ბრალდებების ავტორთა მხრიდან საქართველოს და მასპინძელი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევას ემატება პოლიციის მიმართ ცილისმწამებლური ქმედება, რაც სამწუხაროდ, წახალისებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ.