ელისო კილაძე სოციალურ ქსელში მიხელ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს და “cnews.ge”-ზე ექსკლუზიური დეტალების გასაჯაროებას აანოსებს.
“რამდენიმე წუთში სკანდალური ექსკლუზივი cnews.ge-ზე, ვინ და როგორ შემოიყვანა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და ვინ არის პირი, რომელიც დანაშაულის დაფარვისთვის წუხელ გვიან ღამით დააკავეს! #ექსკლუზივი‼️ სრულიად მარტო ჩამოვიდა – დაცვაც კი არ ახლდა !” – წერს ელისო კილაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება რომ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა და ის ქვეყნის ტერიტორიაზე სოხუმში დაბადებულმა, ელგუჯა ცომაიამ შემოიყვანა. “cnews.ge”-ის ცნობით, აღნიშნული პიროვნება კარგა ხანია, ტრაილერის მძღოლია და ის საქართველოდან უკრაინაში მწვანილს ეზიდება. სწორედ მას ეკუთვნოდა ბინაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ცნობისთვის, დღეს, შსს-მ იმ ბინის პატრონი დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ძალოვანებს დაკავებულის ვინაობა არ გაუხმაურებიათ.
შეგახსენებთ, რომ ექს -პრეზიდენტმა 1 ოქტომბრის დილით “ფეისბუქზე” სავარაუდოდ, გასულ ღამეს ბათუმში ჩაწერილი ორი ვიდეო გამოაქვეყნა და თქვა, რომ ის ბათუმშია, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ირწმუნებოდნენ, რომ ვიდეო ყალბია. ჯერჯერობით, ხელისუფლებას არ უთქვამს, თუ როგორ გადმოკვეთა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი და რა გარემოებებში მოხდა მისი დაკავება.
სააკაშვილმა, რომელმაც ქვეყანა 2013 წლის ნოემბერში, მეორე საპრეზიდენტო ვადის ბოლოს დატოვა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ რამდენიმე ბრალდებით იძებნებოდა.
2018 წელს ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ ორ სხვადასხვა საქმეზე დამნაშავედ ცნო. კერძოდ, მას შსს სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების შეწყალებისთვის, რომლებიც სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ საქმეზე იყვნენ მსჯავრდებულები, სამი წელი მიუსაჯეს. ყოფილი პარლამენტარის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე კი – სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი ასევე წარუდგინეს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრის საქმეებზეც. ყოფილი პრეზიდენტი მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.