News დაიჯესტი
ფოთის საკრებულომ სერვისების ცენტრის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეაფასა და ქალაქის მერს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა მისცა
- ნახვები4221
- ლაიქები0
დღეს გამართულ საკრებულოს მე-3 გეგმიურ სხდომაზე, არასამეწარმეო იურიდიული პირის – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის” 2020 წლის ანგარიში არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.
,,კერძოდ, ანგარიშში წარმოდგენილია იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელიც განხორციელდა 2020 წელს და წარმოჩენილია ის პრობლემები, რომლის აღმოსაფხვრელად ცენტრის მხრიდან არ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ცენტრი განიცდის სხვადასხვა მუშა-სპეციალისტთა ნაკლებობას, შედეგად იგი ვერ ახერხებს ელემენტარული სამუშაოების ოპერატიულად ჩატარებას. საკითხები ეხება ჩატეხილი ხიდბოგირების, ტროტუარების, საცხოვრებელი სახლების კორპუსების, საწვიმარი მილების, სადარბაზოების წყალარინების და დაზიანებული სახურავების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე მოუგვარებელ პრობლემად რჩება ქალაქში მოხეტიალე მსხვილფეხა ცხოველებთან და მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებული პრობლემები. ხარვეზია საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებითაც. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი რიგი პრობლემებიდან გამომდინარე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს მიეცა რეკომენდაცია, რომ სპეციალისტთა, დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ორი კვირის ვადაში მოამზადოს წინადადებები ა(ა)იპ- ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკადრო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და ბიუჯეტის ეფექტურად გადანაწილება.
მინდა მადლობა გადავუხადო ცენტრის სხვადასხვა პროფილის თანამშრომლებს: მეეზოვეებს, მუშებს, ელექტრიკებს ,მძღოლებს,მთიბავებს და ყველა იმ პირს, რომლებიც პირნათლად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მინდა მათ სწორად ესმოდეთ, რომ ჩვენი რეკომენდაციები რომელიც გავეცით ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის”, ქალაქის მერის და შესაბამისი სამსახურების მიმართ, ემსახურება იმას, რომ მათი შრომა იყოს სათანადოდ დაფასებული და უფრო თვალსაჩინო გახდეს მათი შრომით მიღებული შედეგები ჩვენი ქალაქელებისთვის“- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭარაძემ.