ALL დაიჯესტიNews დაიჯესტი
“რამდენჯერაც შევხედავ მას, იმდენჯერ ცრემლები მომდის,სადაც არ უნდა ვიყო,მე ჩემი ქვეყნის დესპანი ვიქნები “ დიანა ბაგრატიონი
- ნახვები3462
- ლაიქები0
ბრუკლინის საკანონმდებლო და აღმასრულებელ შენობაში იქ, სადაც ქართველები აშშ-ის მოქალაქეობაზე ფიცის დასადებად მიდიან, უკვე მეორე წელია, დგას ქანდაკება, რომელიც ყველას ახსენებს თუ ,,ვისი გორისა არიან “- ახსენებს საქართველოს და მის ისტორიას.
ამ იდეის ავტორი გახლავთ ამერიკაში მოღვაწე, საკუთარი სახელობის ფონდის დამფუძნებელი, მეცენატი და ბრუკლინ ბოროს ერთადერთი ქართველი თანამშრომელი, ორი ქვეყნის კულტურის ქომაგი – ქალბატონი დიანა ბაგრატიონი. სწორედ მისი იდეითა და ძალისხმევით წლებია, ამერიკაში ქართული კულტურის დღეები აღინიშნება. ის ყველა ქართველს უანგაროდ უმართავს ხელს…
ამ ქანდაკებას დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს, ამიტომ სწორედ მას ვთხოვეთ კომენტარი:
_ როგორ დაგებადათ ასეთი იდეა, რომელიც, ისტორიულთან ერთად, ძალიან სენტიმენტალურია და უკვდავი ?
_ რამდენჯერაც შევხედავ მას, იმდენჯერ ცრემლები მომდის. შარშან ქართული დღეები ამ შენობაში ჩატარდა, ქართული კულტურა წარვუდგინეთ ჩვენს ამერიკელ კონგრესმენებს, აქ თავშეყრილ მაღალ საზოგადოებას. ეს ტრადიციაა, მაგრამ მინდოდა რაღაც ახალი და ეს გახლდათ ქანდაკება. ფონდის დირექტორმა, შალვა სარუხანაშვილმა გამაცნო ქართველი მოქანდაკე ნიკა აბაზაძე, უნიჭიერესი ქართველი მხატვარი, რომელიც ჰოლივუდთან თანამშრომლობს, ამ წარმატებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ ორი ქვეყნის კულტურა გადმოსცა ისე, რომ თავის ინტერპრეტაციასთან ერთად, ჩემი იდეებიც გაითვალისწინა, რისთვისაც მადლიერი ვარ მისი. ღონისძიების შემდეგ ბრუკლინ ბოროს პრეზიდენტმა, ერიკ ადამსმა მითხრა, რომ შენობის შესასვლელში დადგამდა. ვერ დავიჯერე და რამდენჯერმე ვკითხე სად-მეთქი? ამაზე ვერც ვიოცნებებდი- აქ ფიცს დებენ ქართველები. ეს არის შენობა, სადაც სამთავრობო შეხვედრები იმართება, თავად ისტორიის მატარებელ შენობაში ჩემი ქვეყნის ისტორიის მატარებელი ქანდაკების განთავსება არაა მარტივი და როცა ვიაზრებ, რა ეტაპებიც მაქვს გამოვლილი ცხოვრებაში, ვფიქრობ, ამის საპირწონე არაფერია. ეს არის სახელი, ეს არის ის, რომ ჩემი სამშობლო მუდამ ჩემთანაა და ვფიქრობ ჩემთვის, რომ ტყუილად არ მიცხოვრია. მე და მოქანდაკე ნიკა აბაზაძემ ესკიზებზეც ერთად ვიმუშავეთ და აი, ასეთი შინაარსის გამოვიდა: მეგობრობის ხიდი ორ პიროვნებას შორის (ორი ქვეყანა იგულისხმება) – მაღალი ამერიკაა, ქართველი კი ოდნავ დაბალია, მაგრამ თანამედროვეობას მიჰყვება ფეხდაფეხ და თავზე აზის ჩიტი, რომელიც ამ ორ ქვეყნის მოქალაქეებს ათანაბრებს და თავისუფლების სიმბოლოს გამოკვეთს თავისი არსით. ჩიტი თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოა, აქ ნახავთ ქართულ ჩოხასაც, რიკულებიან მოაჯირებს, აივნებს, ძველ თბილისს და ფიროსმანს თავისი უკვდავებითა და საკაცობრიო ხელოვნებით.
იდეები და გეგმები ქალბატონ დიანას სამომავლოდაც აქვს. ის მადლიერია ამერიკის, მაგრამ როგორც თავად ამბობს, სამშობლო მაინც ერთადერთია და მისი ცხოვრებაც და მოღვაწეობაც მას ეკუთვნის .
,,სადაც არ უნდა ვიყო, ვინც არ უნდა ვიყო, მე ჩემი ქვეყნის ერთგული დესპანი ვიქნები “ დიანა ბაგრატიონი.