ALL დაიჯესტი

სალომე ზურაბიშვილი – ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას

ჯერ არ ვაფასებ კადიროვის მუქარას, ველოდები გამოძიების დასრულებას, – განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტი გამოეხმაურა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „უმჯობესია, გიორგი გაბუნია დადგეს მუხლებზე და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარის გამო“.

„კადიროვის განცხადებებზე ნამდვილად არ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, რომ პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმის, რაც გაკეთდა, რადგან ადამიანისა და ჟურნალისტის უსაფრთხოება იყო დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველასთვის და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი იქნება სათანადოდ გამოძიებული“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, კითხვაზე, ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, პრეზიდენტმა განაცხადა: „ეს მე რომ ვიცოდე, ძალიან კარგი იქნებოდა“. ხოლო ჟურნალისტების კიდევ ერთ კითხვაზე,​ „რუსეთი არაფერ შუაშია?“, პრეზიდენტმა აღნიშნა: „ცოტა პასუხისმგებლობით ვისაუბროთ. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი. არ მაქვს არანაირი უფლება, რომ დავადანაშაულო რომელიმე სხვა ქვეყანა, ვიდრე არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა. აქ რომ არის ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა, ამაში ყველა ვთანხმდებით. არ მაქვს უფლება და ვერ გამომიტყუებთ ამაში, რომ ვინმეს დავადო თითი.

მე ვამბობ იმას, რომ არ მაქვს უფლება, პასუხისმგებლობა მივანიჭო ვინმეს, ვიდრე არ იქნება დამთავრებული გამოძიება. რაშიც უნდა იყოს ჩართული ყველა და თუ საჭირო არის, ასევე გამომძიებლები უცხოეთიდან. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რამეს მისთვის კადიროვის განცხადება, პრეზიდენტმა განაცხადა: „შეიძლება ნიშნავდეს, მაგრამ მე კომენტარს კადიროვის განცხადებაზე არ გავაკეთებ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და გაქვთ ყველა უფლება, რომ გამოიძიოთ გარდა იმ ოფიციალური გამოძიება, თქვენ გაქვთ ამისი უფლება. მე არ გამაჩნია ეს უფლება. მე ვფიქრობ, შეიძლება რაღაცას, მაგრამ მე ამის თქმის უფლება არ გამაჩნია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის დაკვეთით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ლიკვიდაციას კი, რუსეთის მოქალაქე, ინგუშეთში დაბადებული ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი გეგმავდა, რომელიც საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა.

ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ვასამბეკ ბოკოვი დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში და მოუწოდებენ ყველას, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

1tv.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close