News დაიჯესტი

მე ფსიქიკური აშლილობა მაქვს და ამის არ მრცხვენია !

საზოგადოებაში, უბრალოდ, არ იციან, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს შეიძლება გაუჩნდეს ფსიქიკური პრობლემა. მთელი  ცხოვრების მანძილზე ადამიანი ერთ ტრავმულ მოვლენას მაინც განიცდის,  რამაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სტრესული აშლილობები და  ფსიქიკური პრობლემები.

 

რადგან  ინფორმაცია ნაკლებია, პრობლემის გაცნობიერებაც ჭირს, ხოლო როდესაც პრობლემა გამოიკვეთება, ადამიანმა არ იცის, ვის მიმართოს.

 

არ ვიცოდი მეც, როდესაც პანიკური აშლილობა – (ეპიზოდური პაროქსიზმული შფოთვა) – დამეწყო. რასაც თან ახლავს,პანიკის შეტევების სიმპტომები (DSM-IV) , გაგიჟების ან არაკონტროლირებული ქმედების განხორციელების შიში.

როდესაც ინფორმაციების მოძიება დავიწყე და ექიმთან ვიზიტის შემდეგ დავრწმუნდი , რომ ეს არის ირაციონალური შიში და ეს დიაგნოზი ნევროზულ  რეგისტრს  მიეკუთვნება, ვერანაირი შეღავათი ვერ მივიღე.

რადგან, ფსიქიატრიას მიეკუთვნება ნევროზული რეგისტრის დაავადებებიცა და ფსიქიკური აშლილობებიც,პანიკური შეტევის  დროს, სიკვდილის შიშის განცდა იმდენად რეალურია ჩემთვის, რომ თავისუფლად  ვიტყოდი, ფსიქიკური აშლილობა მაქვს  და ამის თქმის  არ მრცხვენია !

( „ნევროზი – შექცევადი პროცესია და უმეტესად ექვემდებარება განკურნებას, ხოლო ფსიქოზი – ხშირ შემთხვევაში, საჭიროებს ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ისევე, როგორც ნებისმიერი ქრონიკული პროცესი.
ნევროზის დროს პიროვნება ითხოვს შველას, გრძნობს რომ
სჭირდება დახმარება, ხოლო ფსიქოზის დროს პიროვნება ძირითადად, ვერ ხვდება რომ „რაღაც ისე არ არის“, შესაბამისად არ ითხოვს შველას.
ფსიქოზსა და ნევროზს შორის დიდი განსხვავებაა,  რისთვისაც, აუცილებელია ფსიქიატრის კვალიფიციური კონსულტაცია და პათოფსიქოლოგიური კვლევა. მრავალწლიანი გამოცდილებისა და ფსიქიატრიის უზარმაზარი ისტორიის ფარგლებში ნევროზი ფსიქოზში და ფსიქოზი ნევროზში არ გადადის“,ფსიქოთერაპია დღეს , ნ მამულაშვილი).

 

თუმცა ,მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ვმკურნალობ, შედარებით რთული ეტაპები გავლილია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე, დარჩენილი მცირე  სიმპოტომებიც აღარ მექნება !

 

როგორ მივაღწიე ამას ?

-პირველ რიგში, არ ვუსმენდი არავის მოსაზრებებს ირგვლივ,რომ  თითქოსდა -ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან ვიზიტი ნიშნავს რომ შენ გაქვს ფსიქიკური დაავადება! (შესაბამისად ნიშნავს, რომ “შენ ხარ გიჟი”).არამედ, ორიენტირებული ვიყავი მკურნალობასა და დადებით შედეგებზე და ვფიქრობდი -რაც გინდათ ის თქვით,მთავარია განვიკურნო !

განკურნებისთვის უმნიშვნელოვანესია  სეპციალისტთან დროული ვიზიტი  და ასევე   სიტუაციაში გარკვევა, ანუ ფსიქო-განათლება!

ანუ  პირველ რიგში გავერკვიე, რომ გულის შეტევა ან სხვა რაიმე  მძიძმე დაავადება კი არა , არამედ,   პანიკური აშლილობა,და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული აშლილობა აგორაფობია მქონდა !   

საკუთარ მაგალითზე დავრწმუნდი, რომ  ნებისმიერ ჩვენგანს ნებისმიერ  დროს შეიძლება გაუჩნდეს ფსიქიკური პრობლემა.

პანიკური აშლილობისგან გამოწვეული  აშლილობა აგორაფობია  კი ხელს მიშლიდა  სახლიდან შორ მანძილზე გასვლაში. თუმცა როგორც კი მოვახერხე უახლოეს კლინიკაში მისვლა,აღმოვაჩინე, რომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ნევროპათოლოგთან ვიზიტი  ფინანსდება თითქმის ყველა კლინიკაში.

 

ხოლო  რაც შეეხება ფსიქიატრთან ვიზიტს და ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის დაფინანსებას, ქვეყანაში ფუნქციონირებს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც სრულად ფინანსდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები.

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით  ფინასდება როგორც ამბულატორიული  ისე სტაციონარული მომსახურება:

„პროგრამის მიზანია ფსიქიატრიული მომსახურების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოს მოსახლეობისათვის“,- აღნიშნავს  ქალბატონი მარინა დარახველიძე,ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. იგი იქვე დასძენს , რომ მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში.

 

 როგორც  ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხსნის, პროგრამაში ჩართული  დაწესებულებების  ჩამონათვალის ნახვა ,( სადაც პაციენტს საშუალება აქვს  პროგრამით  გათვალისწინებული მოსმახურებები მიიღოს), შეგვიძლია, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://ssa.gov.ge  ან  სამინისტროს ცხელ ხაზზე :  15 05.

კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში  პაციენტებს უნარჩუნდებათ მხოლოდ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება.

 

თბილისში  ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში,  კი შემდეგი სამედიცინო ცენტრებია ჩართული :  შპს „ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“,თბილისი, იპოლიტოვ–ივანოვის N43. შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“,თბილისი, ქავთარაძის 21ა.შპს „აფხაზეთის ფსიქონევროლოგიური დისპანსერი“,თბილისი, ასათიანის ქ. N10.

ხოლო ,რეგიონებში  ჩართულ სამედიცინო ცენტრებს  შეგიძლიათ გაეცნოთ , როგორც ზემოთ ავღვნიშნე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე: http://ssa.gov.ge-ზე.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ დღეისათვის მედიკამეტების ისეთი არსენალი არსებობს და მკურნალობის ისეთი მეთოდებია დამუშავებული, რომ, თუ მკურნალობის პროცესი კარგად დაიგეგმება, ძალიან ცოტაა იქნება ისეთი შემთხვევა, რომელსაც მედიკოსები  ვერ გაუმკლავდებიან. მაგრამ  სტიგმა არის დიდი წინაღობა, რის გამოც  წლები იკარგება, სანამ პაციენტი სპეციალისტთან მივა. ყველა დარგის სპეციალისტებს მოივლიან, ფსიქიატრი კი სულ ბოლოს აგონდებათ, მაშინ, როდესაც ყველაზე ხელსაყრელი მომენტი მკურნალობის დასაწყებად უკვე ხელიდანაა გაშვებული. შემდეგ ყველაფერი უფრო რთულდება.

შიშისა და სირცხვილის განსაკუთრებული გრძნობა ფსიქიკურ დაავადებათა თანამდევია. ამის მიზეზი, ალბათ, სწორედ ინფორმაციის უქონლობაა. ფსიქიკურ დაავადებებსაც იმ კუთხით უნდა მივუდგეთ, როგორითაც საერთოდ ნებისმიერ სხვა დაავადებას ვუდგებით. მართალია, დღეისათვის არ არის შესწავლილი ფსიქიკურ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები, მაგრამ დადგენილია, რომ ის, ნამდვილად, ბიოქიმიური ცვლის მოშლაზეა დამყარებული. ამიტომ, საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ამ დაავადებების მიმართ ვითარებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური აშლილობები მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სიცოცხლის ხარისხზე – განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში ჯანდაცვის მთლიანი ეროვნული ბიუჯეტიდან საშუალოდ მხოლოდ 2% იხარჯება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.   ჩვენთან ეს  მაჩვენებლი დაალხოებით 3 პროცენტამდეა, ფსიქიკური აშლილობების მკურნალობა 22- მილიონით ფინანსდება.

განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ხარჯი ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების 8-12%-ია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თემზე დაფუძნებული ფსიქიატრიული სამსახურები ბევრად უკეთეს შედეგს იძლევა მკურნალობის მხრივ (მაგ. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება), ხელს უწყობს ადამიანთა უფლებების დაცვას და ეკონომიკურად უფრო ეფექტიანია, ვიდრე ინსტიტუციებში მკურნალობა (მით უფრო, დიდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში). მრავალი ევროპული ქვეყანა სერიოზულ ნაბიჯებს დგამს სტაციონარზე ორიენტირებული მიდგომის შესაცვლელად და ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა დახმარების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უზრუნველსაყოფად. კვლევები ადასტურებს, რომ ფსიქიატრიული დახმარების რეორგანიზაცია, სტაციონარსა და თემში დახმარებას შორის გონივრული ბალანსის შენარჩუნებით, მიზანშეწონილია ყველა ქვეყანაში – მიუხედავად მისი ეკონომიკური განვითარებისა და მდგომარეობისა.

უკანასკნელი 30 წელიწადია ევროპაში ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა რაოდენობა ფსიქიატრიულ სტაციონარებში მცირდება, ისინი გადაჰყავთ საერთო პროფილის საავადმყოფოებში, თავშესაფრებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან გაწერენ სახლში, სტაციონარგარეთა სამსახურების ზრუნვის ქვეშ.

 

საქართველოში ნეიროფსიქიკური დაავადებები დაავადებათა გლობალური ტვირთის 22,8 %-ს შეადგენს,რაც  საკმაოდ მაღალია.

საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ოფიციალური მონაცემებით 2013წელს:

  • 100000 მოსახლეზე ფსიქიკური აშლილობების პრევალენტობა წარმოადგენს 1536-ს.  და დიაგნოსტირებული იყო ფსიქიკური აშლილობის 3020 ახალი შემთხვევა (67.3 შემთხვევა 100,000 მოსახლეზე)

დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით ეს ინფორმაცია არასრულია. მთელი რიგი ფსიქიკური აშლილობების გავრცელება ეპიდზედამხედველობის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე სულ მცირე ორჯერ აღემატება ოფიციალურ მონაცემებს; მაგ: შიზოფრენიის ავადობის მაჩვენებელი მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში 100 000 მოსახლეზე 20-54 ფარგლებში მერყეობს, საქართველოში ეს მაჩვენებელი 9.5-ს შეადგენს.

 

 

რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close