News დაიჯესტი

კანადა მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობას აძლევს უცხოელებს

კანადა მუდმივი ბინადრობის უფლების მიღების შესაძლებლობას აძლევს უცხოელებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მოხუცთა მომვლელებად მუშაობენ. იმიგრანტებს, რომლებიც მუდმივი ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, განაცხადის შეტანა 2019 წლის 4 ივნისამდე შეუძლიათ.

ამ ეტაპზე მუდმივი ბინადრობის მოწმობა გამარტივებული წესით გაიცემა კანადაში 2014 წლის 30 ნოემბრამდე ჩასულ იმიგრანტებზე. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ამ ქვეყანაში მუშაობის მინიმუმ 12-თვიანი გამოცდილება და კანადაში ან სხვა ქვეყანაში მიღებული საშუალო თუ უმაღლესი განათლების დიპლომი, რომელიც კანადის დიპლომთან გათანაბრებულია.

მუდმივი ბინადრობის მოწმობის გამარტივებული წესით მიღება მათაც შეუძლიათ, ვინც ჯერ არ ცხოვრობს კანადაში და ახლა აპირებს ჩასვლას. საერთოდ, კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 2019 წლიდან 2021 წლამდე, მილიონ 80 ათასი იმიგრანტის მიღებას გეგმავს: 2019 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების მსურველ 350 000 ადამიანს მიიღებენ, 2020 წელს – 360 000-ს, 2021 წელს კი – 370 000-ს.

კანადის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ჩრდილოეთის ამ უზარმაზარ ქვეყანას მუშახელი არ ჰყოფნის და მის ეკონომიკას ახალი სამუშაო ძალა სჭირდება; აგრეთვე, არსებობს დემოგრაფიული პრობლემებიც – კანადის მოსახლეობა ბერდება და შობადობა მცირდება. კანადის ხელისუფლების აზრით, იმიგრანტების მიღება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და შობადობის შემცირებით და მოსახლეობის დაბერებით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ კანადამ გასულ 3 წელიწადში (2016, 2017, 2018) 926 000-მდე იმიგრანტი მიიღო.

ცნობისათვის: მიგრანტებს, რომლებიც კანადაში ლეგალურად ცხოვრობენ, უფლება აქვთ ისარგებლონ ამ ქვეყნის ყველა სოციალური სიკეთით – ბინადრობის უფლების მქონე იმიგრანტებს შეუძლიათ უპრობლემოდ დასაქმდნენ, მიიღონ სოციალური დახმარებები და ისარგებლონ სამედიცინო მომსახურების სრული სპექტრით. თუმცა მათ არ აქვთ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება; მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე იმიგრანტებისთვის ნებადართული არ არის, აგრეთვე, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და არც საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არჩევნებზე. სხვა მხრივ მათი და კანადის რეზიდენტების უფლებამოსილებები იდენტურია.

ნინო ხოშტარია

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close