News დაიჯესტი
განულებულთა სიაში მოხვედრილ ადამიანებს სესხს მაღალ პროცენტში შესთავაზებენ
- ნახვები607
- ლაიქები0
„ქართუს მიერ შესყიდული სესხების განულების პროცესი სრულდება. მსესხებლებს, რომელთა დავალიანებაც ფონდმა გადაიხადა, სტატუსი „დახურულია მიენიჭებათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მომენტალურად შეძლებენ სესხის თავიდან აღებას. როგორც გაზეთი „რეზონანსი წერს, სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მკაცრი პარამეტრების გარდა, სესხის თავიდან ასაღებად, მინიმუმ, 6 თვის გასვლაცაა საჭირო. ამის შემდეგ ბანკები მათ, სავარაუდოდ, უფრო მაღალ პროცენტში შესთავაზებენ სესხს.
„კრედიტინფოში„ ფონდ ქართუს მიერ განულებულ სესხებზე სტატუსის ცვლილება ეტაპობრივად ხორციელდება. საკრედიტო ბიუროს ცნობით, პირველ ეტაპზე ყველა ასეთ სესხს მიეთითება, რომ სესხი „ნაყიდია ფონდ ქართუს მიერ”, პროცესის დასრულების შემდეგ კი სესხებს მიენიჭება დახურულის სტატუსი.
„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მას შემდეგ, რაც გადმოგვეცემა აღნიშნული სესხების სრული სია, მონაცემები ჩასწორდება ავტომატურად, თქვენი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე,” – აცხადებენ ბიუროში.
სტატუსი „დახურულია არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს შეეძლებათ კრედიტის ან სესხის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო სფეროს რეგულირების ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებენ. არადა, თავის დროზე, პრემიერ ბახტაძის განცხადებით, სესხების განულების მიზანი სწორედ ამ ადამიანების ეკონომიკურ აქტივობაში დაბრუნება იყო.
ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი აღნიშნავს, რომ თავისთავად განულება არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვა და სესხის მიღება შეეძლებათ.
„მოსახლეობას შეგვიძლია განვუმარტოთ, რომ სტატუსი, რომელიც მიენიჭება მას შემდეგ, რაც სესხები გადავა „ფონდ ქართუს საკუთრებაში და პროგრამულად მოხდება ვალდებულების ჩამოწერა, დაიხურება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებლები მომენტალურად შეძლებენ სესხებით სარგებლობას და აქტიურები გახდებიან ბაზრისათვის. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ ვალდებულება გადახდილია, ეს სტატუსი ენიჭება ნებისმიერ სესხს, რომელიც იფარება,” – უთხრა „რეზონანსს ალიბეგაშვილმა.
საბანკო სფეროს სპეციალისტი იმ პარამეტრებზე საუბრობს, რომელთა გავლაც იმ მსესხებლებს მოუწევთ, რომელთაც შავი სიებიდან თავის დაღწევაში „ქართუ დაეხმარა. მკაცრი პარამეტრების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ, მეტი იქნება საპროცენტო განაკვეთი.
„ნეგატიური სტატუსის შესახებ ინფორმაცია 5 წლის განმავლობაში ინახება. გასცემს თუ არა ბანკი სესხს, არის ინდივიდუალური, მსესხებლის მდგომარეობაზე დამოკიდებული, ასევე – მის შემოსავალზე. იმაზე, თუ როგორ ჰქონდა მას სხვა ვალდებულებები დაფარული, სთავაზობს თუ არა უზრუნველყოფას სესხის სანაცვლოდ და ა. შ. ყველა ამ პარამეტრის წესრიგში მოყვანის დროსაც კი 6-თვიანი ვადა მაინც საჭიროა, რომ ბანკმა მომხმარებელი სანდოდ მიიჩნიოს.
ზოგადად, არ მგონია, რომ კომერციული ბანკებისათვის იყოს კარგი სიგნალი, რომ სესხი 2018 წლის დეკემბერშია დაფარული, რადგან მათთვის ეს იქნება პირდაპირ კავშირში პრობლემურ მსესხებელთან, რომლის გადახდის კულტურა არის დაბალი. ამიტომ, როგორც კი დაინახავენ, რომ ამ რისკჯგუფიდან მოსული ადამიანი ითხოვს სესხს, ის მომენტალურად გადაიგზავნება რისკების დეპარტამენტში და ისინი დეტალურად შეისწავლიან.
ყველა პარამეტრიც, რა თქმა უნდა, შეეხება ადამიანებს, რომლებსაც სესხი ჩამოეწერათ. ისინი მოხვდებიან ფილტრში, რისი გავლაც მოუწევთ სესხის მისაღებად და ამ ყველაფრის შემდეგ, სავარაუდოდ, მეტ პროცედურასთან ერთად, შესთავაზებენ უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს, რადგან სესხის დაუბრუნებლობის რისკი, მათი დაკრედიტების შემთხვევაში, გაცილებით მაღალია,” – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ფინანსური გარემოც გამოირჩევა ხისტი და „დაბლაგვებული მიდგომებით, ასეთია პროფესორ რატი აბულაძის ხედვა. თუ გავითვალისწინებთ მწირი შემოსავლებისა და „მზარდი ნეგატიური გავლენების ფონს, ამიერიდან ქვეყანაში კიდევ უფრო მცირდება სესხის აღების შესაძლებლობა.
„ფინანსური გარემოც გამოირჩევა ხისტი და „დაბლაგვებული მიდგომებით. ამ ფონზე „ქართუ ჯგუფის მიერ საზოგადოებისათვის ვალების ჩამოწერა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და ფინანსური გარემოს „გაკეთილშობილების პროცესია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, სესხის გამცემი ორგანიზაცია ვალდებულია, კრედიტის მიცემისას შეაფასოს მოქალაქეების შემოსავლები და ხარჯები, გაითვალისწინოს ყველა ის ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ვალდებულებების მომსახურებაზე. ბუნებრივია, ფინანსური სისტემის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მწირი შემოსავლებისა და „მზარდი ნეგატიური გავლენის ფონს, ქვეყანაში კიდევ უფრო მცირდება სესხის აღების შესაძლებლობა.
თანამედროვე სამყაროში თითოეული ადამიანი ქმნის თავის ისტორიას, მათ შორის – ფინანსურს, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში განულებული სესხების შესახებ ინფორმაციაც შესაბამისად აისახება. მართალია, აღნიშნული მიდგომა კანონიერია, თუმცა საზოგადოების ეკონომიკური აქტივიზაციის ზრდის მიზნით უმჯობესია, მოქალაქის შემოსავლების ზრდის პარალელურად, საკრედიტო რესურსებთან წვდომის შესაძლებლობის მიცემაც,” – აცხადებს „რეზონანსთან აბულაძე.
ბოლო მონაცემებით, „ქართუმ 609 542 მსესხებლის 1 360 991 სესხი გამოისყიდა, ჯამური დავალიანების თანხა (ძირი/ჯარიმა/საურავი) 4 027 099 783 ლარს შეადგენს.
წყარო: რეზონანსი | ავტორი: თამუნა მუკბანიანი