ALL დაიჯესტიფერიდე სანაია
სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებელთა დეფიციტია !
- ნახვები979
- ლაიქები0
წარმატებული სკოლა ნიშნავს წარმატებულ მასწავლებელს. როგორია მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონე საქართველოში? რატომ უნდა აირჩიოს ახალგაზრდა ადამიანმა პედაგოგის პროფესია, თუკი იცის, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში მოსახვედრად შესაძლოა წლები დასჭირდეს?
სკოლის ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად დირექტორები მასწავლებლის კვალიფიკაციის შეუსაბამობას მიიჩნევენ. პრობლემა განსაკუთრებით მთიანი რაიონების სკოლებში შეიმჩნევა, სადაც საგანს არასპეციალისტები ასწავლიან. ყოფილი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობდა, რომ სკოლაში ხარისხიანი კადრების შეყვანის მიზნით, პედაგოგის პროფესიაში შესვლას კიდევ უფრო გაართულებდა. მისივე თქმით, მასწავლებლების დეფიციტი მხოლოდ ცალკეულ რეგიონებშია შექმნილი და ამიტომაც სკოლაში უხარისხო კადრების შეშვებას არანაირი აზრი არ აქვს.
როგორ გახდე მასწავლებელი? – ამისათვის უნდა აკმაყოფილებდე შემდეგ მოთხოვნებს: ა) დიპლომით მინიჭებული მასწავლებლობის უფლება და ჩაბარებული საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა; ბ) დიპლომის მიხედვით უნდა გქონდეს შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი და გავლილი მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა; გ) დოქტორის ხარისხი განათლების ან შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით; დ) განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების მითითებით) და ჩაბარებული საგნობრივი კომპეტენციების დადასტურების გამოცდა.
თუკი ვაკანსიებს გადავხედავთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებისა, უპირატესობა ენიჭებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში არიან ჩართული და მინიჭებული აქვთ შესაბამისი სტატუსი (უფროსი, წამყვანი, მენტორი), რაც კიდევ უფრო აშორებს ენთუზიაზმით სავსე და ენერგიული ახალგაზრდების დასაქმებას სკოლაში.
მარიამი ქართული ფილოლოგიის მაგისტრია. მან სწავლა ორი წლის წინ დაასრულა და საგნის გამოცდაც წარმატებით ჩააბარა. სწავლის დაწყებამდე ფიქრობდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახდებოდა, თუმცა უშედეგოდ. მას მოსთხოვეს, რომ მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჰქონოდა გავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასწავლებლობას ვერ შეძლებდა. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მსურველებს შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა გაიარონ და სკოლაში იმუშაონ. დასახელებულ პროგრამაში მარიამიც ჩაერთო. საბოლოოდ, არჩევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერა.
მიუხედავად იმისა, რომ მარიამი სკოლაში არ მუშაობს (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დამოუკიდებლად ამზადებს მოსწავლეებს), სისტემატურად ეცნობა შესაბამის ლიტერატურას და მან იცის, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია და ცნობს მათ ინდივიდუალურ და ასაკობრივ თავისებურებებს. ის არ კარგავს იმედს და სხვადასხვა სკოლებში აგზავნის რეზიუმეებს. სკოლაში მისულს გასაუბრებაზე ხვდებიან კომისიის წევრები. ისინი მარიამს მაღალ შეფასებას აძლევენ და თან შემდეგი ფრაზით ისტუმრებენ: ,,ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს!“ საკმაოდ გამამხნევებელი წინადადებაა, მაგრამ არა პროფესიული თვალსაზრისით. მას სურს რომ საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიდეს, მაგრამ მომავალი კოლეგები ზედმეტად ახალგაზრდად მიიჩნევენ და ისეთ კითხვასაც უსვამენ, როგორიცაა: ,,შენზე წინ ოცწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი შემოვიდა. რა არის შენი ძლიერი მხარე მასთან შედარებით?“… მნიშვნელოვანია, სკოლამ შეიმუშაოს სამართლიანი და ეფექტური დასაქმების პოლიტიკა.
მიზნის მისაღწევად შესაბამისი ნებისყოფაა საჭირო. ნებისყოფა მასწავლებლის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. მარიამს ვერ ექნება ვერც ოცწლიანი და ვერც ათწლიანი გამოცდილება (ის ოცდახუთი წლისაა), მაგრამ აქვს შესაბამისი ენერგია, ენთუზიაზმი, მიზანდასახულობა, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევვები, კომუნიკაბელურობა.
აუცილებელია, მასწავლებელი იცნობდეს არა მხოლოდ ეროვნულ სასწავლო გეგმას, განათლების სისტემის ეროვნულ პრიორიტეტებს, კანონს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ ან სხვა სამართლებრივ აქტებს, არამედ სისტემატურად ეცნობოდეს შესაბამის ლიტერატურას და იყენებდეს ახალ ტექნოლოგიებს.
იმისათვის რომ, სკოლა წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია მასწავლებლები ზრუნავდენნ პროფესიულ თვითგანვითარებაზე. ოცდაათი წლის წინ არავინ საუბრობდა პედაგოგთა მომზადების პროგრამაზე და სკოლაში დამკვიდრების გზაც მარტივი იყო. არის შემთხვევები, როცა ეკონომიკის, იურიდიული ან ზოგადი განათლების მქონე პირებასაც ნიშნავენ მასწავლებლად.
ზურამ სამეგრელოს ერთ-ერთ სკოლაში დაიწო მუშაობა. მართალია მას უნდოდა სამსახურის დაწყება და აქვს შესაბამისი პასუხისმგებლობაც, მაგრამ არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ვერ ფლობს სწავლების მრავალფეროვან მიდგომებს. მას ხშირად აქვს პრობლემები ბავშვებთან და მათ მშობლებთან, რადგან არ იცნობს მოსწავლის საჭიროებებს, მათ ინდივიდუალურ და ასაკობრივ თავისებურებებს, მოსწავლეებისთვის ზოგჯერ მის მიერ ახსნილი გაკვეთილი გაუგებარია, აგრეთვე პრობლემები აქვს კლასის მართვასთან დაკავშირებით. ამის მიუხედავად, ის დღესაც განაგრძობს მუშაობას, რადგან სკოლის დირექტორს სხვა კანდიდატი არ ჰყავს ან კადრებს შესაბამისად ვერ არჩევს (ესეც ერთ-ერთი პრობლემური საკითხია, განსაკუთრებით, სოფლებში).
პედაგოგებს მუშაობა უნდა უწევდეთ მეგობრულ, თანამშრომლობით და არა მტრულ გარემოში. გამოცდილმა მასწავლებლებმა უნდა გაუზიარონ დამწყებ თანამშრომლებს საკუთარი ხედვა და ურჩიონ მსგავს სიტუაციებში როგორ მოიქცნენ, უბიძგონ მათ პროფესიულ განვითარებაზე. ამასთანავე, მნიშვნელოვანია გამოცდილების მქონე მასწავლებლებმა ფეხი აუწყონ განათლების ახალ მოთხოვნებს.
რა გააკეთოს სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით?
-
უზრუნველყოს, რომ პროფესიული განვითარების პროგრამები იყოს სისტემატური;
-
გამოყოს პროფესიული განვითარებისათვის საჭირო რესურსები;
-
იზრუნოს თანამშრომლების განვითარებაზე; ურჩიოს საგანამანთლებლო საიტები, სადაც შეძლებს ინფორმაციის მიღებას;
-
უზრუნველყოს მოტივაციის საშუალებები, რათა ხელი შეუწყოს პედაგოგთა მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, ამასთანავე მასწავლებლების მოზიდვასა და შენარჩუნებას.
ქვეყნის განვითარება დამოკიდებულია მომავალ განათლებულ თაობაზე. მხოლოდ ბავშვების სიყვარული არ არის საკმარისი. აუცილებელია თანამედროვე მიდგომების ცოდნა. კარგი პედაგოგი, პირველ რიგში, მოსწავლეს ცხოვრებისთვის უნდა ამზადებდეს.
წარმატებული მასწავლებელი ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეს. სახელმწიფომ უნდა მიმართოს ყველანაირი რესურსი მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
ფერიდე სანაია
ჟურნალისტი, ფილოლოგი