News დაიჯესტი
კანაფის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვისას მძღოლის დაჯარიმება რთული იქნება

- ნახვები511
- ლაიქები0
ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და განმარტავს, რომ არ მომხდარა საბოლოოდ მარიხუანას ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ინფორმაციას bpn.ge-ი ავრცელებს.
„პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, რა ზიანი მოგვიტანა ამ გადაწყვეტილებამ. მოხდა თუ არა მომართვიანობის გაზრდა სამედიცინო დაწესებულებებში, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, რომელიც გამოწვეულია მარიხუანას მოხმარებით, ასევე მარიხუანას ზედოზირებით საავადმყოფოში ადამიანების მოხვედრის შემთხვევები. დღესდღეობით სახეზე არცერთი არ გვაქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ქვეყანაში არაფერი გასაკუთრებული არ მოახდინა”, – განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, შსს-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგულაციებთან დაკავშირებით სწორია, თუმცა, რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება.
შსს-ს რეგულაციებზე საუბრისას, სიხარულიძემ ყურადღება გაამახვილა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ავტომობილის მართვისას მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს და აღნიშნა, რომ ეს რთული პროცესია, რადგან მარიხუანა მოხმარებიდან ერთი თვის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს შარდში.
“ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა. მარიხუანას თვისებებიდან გამომდინარე, შარდში კვალის აღმოჩენა შესაძლებელია ერთი დღიდან ერთ თვემდე. შესაბამისად, ადამიანს, რომელიც მანქანას მართავს, შეიძლება ნებისიერი სხვა ნივთიერება ჰქონდეს მიღებული, რომლის დიაგნოსტირებაც ვერ ხდება. მისი დიაგნოსტირების დროს შესაძლებელია მარიხუანა იყოს აღმოჩენილი შარდში და ყველაფერი დაბრალდეს მარიხუანას. ეს უნდა დადგინდეს კლინიკურად, იმ მომენტში აქვს თუ არა მარიხუანა მოხმარებული”, – განაცხადა სიხარულიძემ.