პოლიტიკა

დიდი თამაში ახლო აღმოსავლეთში

რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ სირიაში და ამერიკის ყოყმანმა ჩართულიყო კონფლიქტში, მოსკოვს ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვანი მოთამაშის როლი დაუბრუნა. „ამერიკას ნათლად არ გამოუხატავს საკუთარი მიზნები, რამდენად სურს მას ტრადიციული როლის თამაში. რუსებმა დაინახეს ახალი შესაძლებლობა. ახლა ისინი თამაშობენ დამბლანსებლის როლს სირიაში”, – ამბობს ვიქტორია ნულანდი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე.

ახლო აღმოსავლეთი საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის დაპირისპირების ველია. ცივი ომის დროს, ამერიკა და რუსეთი რეგიონში გავლენის მოპოვებისთვის იბრძოდნენ. საბოლოოდ, ამერიკის მხარეს რეგიონული მთავრობების ნაწილი, მათ შორის საუდის არაბეთი, იორდანია, მაროკო, ქუვეითი და ეგვიპტე აღმოჩნდნენ. ასევე, თურქეთი და ისრაელი – სამხედრო თვალსაზრისით- ახლო აღმოსავლეთის, წამყვანი ქვეყნები. ხოლო მოსკოვის მხარეს ალჟირი, ლიბია, სირია, სამხრეთ იემენი და ახლა უკვე ირანი დარჩნენ.

თუმცა, ბოლო ათწლეულის მანძილზე, ვაშინგტონის ტრადიციულ რეგიონულ ალიანსებში ბზარები ჩნდება.

ამერიკის ყოფილი ადმინისტრაცია სკეპტიკურად უდგებოდა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებში მონაწილეობას. პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ის შეამცირებდა ამერიკის სამხედრო მონაწილეობას ავღანეთში და ერაყში. ის შეეცადა დაპირების შესრულებას და ამერიკელი სამხედროების ნაწილმა ეს ქვეყნები დატოვა. მოგვიანებით, ადმინისტრაციამ „წითელი ხაზი“ გადალახა და თავი შეიკავა სირიის კონფლიქტში ჩართვისგან. ამასთან, ობამას თეთრ სახლსა და ისრაელს შორის ურთიერთობა გაცივდა. გაურკვევლობა მოჰყვა ამერიკის პოზიციას 2013 წლის ეგვიპტის გადატრიალების შემდეგ და ამერიკის შეთანხმებას ირანთან, რომელსაც ბევრი რეგიონული მოკავშირე ეწინააღმდეგებოდა.

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია არ იზიარებს მისი წინამორბედის დოქტრინას, თუმცა სხვადასხვა დროს პრეზიდენტმა ტრამპმა წინააღმდეგობრივი განცხადებები გააკეთა. ის აპირებდა ამერიკელი სამხედროების სახლში დაბრუნებას სირიიდან, მაგრამ მოგვიანებით მკაცრად უპასუხა ქიმიური იარაღის გამოყენებას ასადის რეჟიმის მიერ.

მიმომხილველები ამბობენ, რომ კრემლი ამერიკის შიდა დისკუსიის და პოზიციების შეუჯერებლობის ფონზე, რეგიონში საკუთარ გავლენას ზრდის. „[რუსეთი] არის ქვეყანა, რომელთანაც ისრაელი მიდის, როდესაც ირანის ქმედებების კონტროლი სურს, იორდანია- როდესაც სამხრეთის ფრონტზე დევნილების საკითხის მოგვარებაზე საუბრობს. ამიტომ, რუსეთი კარგ სიტუაციაშია“, – ამბობს ვიქტორია ნულანდი.

მოსკოვსა და რეგიონალურ მთავრობებს შორის ურთიერთობა ღრმავდება. ოპოზიციის წინააღმდეგ (რომელსაც შეერთებული შტატები “ISIS”-თან ბრძოლაში მხარს უჭერს), ასადის რეჟიმის ხელშეწყობასთან ერთად, პრეზიდენტი პუტინი თურქეთთან თანამშრომლობს. მათ შორის, სირიაში ქურთული შენაერთების საკითხზე. ერდოღანი მოსკოვისგან S-400-ის ტიპის სარაკეტო სისტემის შესყიდვას გეგმავს. ასევე, გასულ წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად საუდის მეფე სალმანი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული კავშირები, ადგილზე მყოფი 2200 სამხედრო, რაც ძალზედ ცოტაა ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, ასევე გამოვიყენოთ ის პროგრესი, რაც ერაყში მოვიპოვეთ, რათა აღვიდგინოთ ისტორიული როლი და ვიმუშაოთ იმაზე, რომ დასასრული ერაყში, სირიაში, იემენში, ლიბიაში იყოს ღია, მოქალაქეების უფრო მეტი მონაწილეობით და სტაბილური, და ხელი შევუშალოთ ირანს, რომელსაც რუსეთი გავლენის იარაღად იყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი გახდება არბიტრი [რეგიონში]“, –

მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ხშირად ეხვევა იდეოლოგიურ დებატებში იმის თაობაზე, თუ როგორი უნდა იყოს მისი ურთიერთობა საუდის არაბეთთან, თურქეთთან თუ ისრაელთან, მოსკოვი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის უფრო სწორხაზოვანი ალტერნატივაა. პუტინის მოდელი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოსკოვი კომუნიზმს აღარ ავრცელებს და იდეოლოგიური მოტივი არ აქვს, ახლო აღმოსავლეთის ბევრი ავტორიტარი ლიდერისთვის მისაბაძი მაგალითია. მოსკოვის ჩართვამ სირიის კონფლიქტში ასადის რეჟიმი დამხობას გადაარჩინა. და ახლო აღმოსავლეთის ავტოკრატებისთვის მესიჯი, რომ მოსკოვი მათ დაიცავს, მიუხედავად გარემოებებისა, მნიშვნელოვანია, – ამბობენ ვაშინგტონში.

„როდესაც ჩვენ უკან ვიხევთ, ამ ადგილს სხვები იკავებენ. რუსეთის შემთხვევაში ზუსტად ამას ვხედავთ უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, არამარტო სირიაში, არამედ ეგვიპტეში, ლიბიაში და სხვა პარტნიორებთან. სამწუხაროა, როდესაც რეგიონული მთავრობები მოსკოვთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს მაშინ, როდესაც აქამდე ეს პოზიცია ვაშინგტონს ეკავა“, – აცხადებს ბარბარა ლიფი, ვაშინგტონის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი.

მიმომხილველები ამბობენ, რომ თეთრი სახლის პოლიტიკის ცვლილებას ბუშის, ობამას და ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ხშირად რეგიონში გაურკვევლობის პერიოდი მოსდევს. ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისას, ახლო აღმოსავლეთში ბევრი ლიდერი და მათ შორის, შტატების ტრადიციული მოკავშირეები ცდილობენ მოსკოვის კარტის მოლაპარაკებების იარაღად გამოყენებას.

ერიკ ედელმანი, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ მიუხედავად მოსკოვის აქტიური პოლიტიკისა, ამერიკა რჩება რეგიონში მთავარ ძალად, თუმცა ედელმანი აღნიშნავს, რომ ამერიკამ უნდა გააკეთოს არჩევანი.

„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ შევინარჩუნებთ, თუ არა ამ როლს“, – ამბობს ის.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close