News დაიჯესტი

„ჩანჩქერის“ ტერიტორია, სადაც ბავშვები იღუპებიან

„თბილისის ზღვაზე არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც ყოველ ზაფხულს ბავშვები იღუპებიან“, – ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. მისი 15 წლის ბიჭი, ცოტნე ცქიტიშვილი, შარშან, 3 ივლისს, სწორედ ერთ-ერთ ასეთ ადგილას დაიხრჩო – ე. წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე. ერთი წლის ადრე იქვე დაიღუპა 14 წლის ნოდარ შამათავა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სპორტით იყო დაკავებული, მორევთან გამკლავება ვერ შეძლეს.

დაღუპული ბავშვების მშობლები სასამართლოს მეშვეობით მოითხოვენ, თბილისის ზღვაზე არსებული სახიფათო ტერიტორიები შემოიღობოს, ასევე დაყენდეს ვიდეოკამერები, გაკეთდეს საგუშაგო კოშკურა, რათა მაშველებმა დროულად შეძლონ რეაგირება. მათი თქმით, ზაფხულის სეზონი ამ კუთხით განსაკუთრებით სახიფათოა.

შსს-ის ინფორმაციით, 2015 წლიდან ყოველ წელს ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 3 კაცი იღუპება. ალეკო ცქიტიშვილი განმარტავს, რომ ამ ტერიტორიაზე მოხვედრა შეიძლება სანაპიროდან, რომელიც მერიის საკუთრებაშია, და ასევე მეორე ნაპირიდან, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) ეკუთვნის. მერიის კუთვნილი სანაპირო ღიაა. რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კუთვნილ ტერიტორიას, ის, მართალია, შემოღობილია და ამკრძალავი ბანერიც არის გამოკრული, მაგრამ, როგორც ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, ეს საქმეს არ შველის. ხალხი, მათ შორის ბავშვები ზედ ამ ბანერზე გადადიან და მათ არავინ აჩერებს. სასამართლოში წარდგენილ მასალას თან ახლავს ფოტოები, რომლებიც droa.ge-მ გადაიღო. ამ ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ ბანაობენ ადამიანები აკრძალულ ადგილას, ასევე – როგორ გადადიან ღობეზე.

ალეკო ცქიტიშვილი: „ამ შემთხვევის შემდეგ ჩანჩქერთან ბოძები ჩაარჭეს და ეკლიანი მავთულები გაავლეს. ჩვენ ვდავობთ, რომ ეს არ არის საკმარისი. უნდა აშენდეს2,5 მ ჯებირი მთელ პერიმეტრზე მერიის ტერიტორიის მხრიდან პლაჟამდე, ისე, რომ ჯებირზე ზემოდან იყოს ეკლიანი მავთულხლართი; ბანაობის ამკრძალველი ბანერები მერიის ტერიტორიის მხრიდან უნდა დაყენდეს; ასევე GWP-ს მხრიდან ვიდეოთვალით უნდა გაკონტროლდეს ის ხალხი, რომელიც გადადის ღობეზე; ასევე საჭიროა GWP-ს დაცვის თანამშრომლების პატრულირება ან საგუშაგოს მოწყობა ადგილზე, პლუს მაშველთა სისტემატიური პატრულირება.

ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, მერიის მხრიდან სანაპიროზე მხოლოდ ამკრძალავი ბანერი იყო დაყენებული, ახლა კი ისიც აღარააო.

დაღუპული ბავშვების მშობლები, უკვე ერთი წელია, თბილისი მერიასა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ უჩივიან, თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ და, შესაბამისად, ვერც კომენტარს გააკეთებენ. რაც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, კომპანიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ვინმე ჩანჩქერთან მათი ტერიტორიის გავლით ხვდება, არასწორია.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close