News დაიჯესტი

როგორ ხდება საქართველოდან ემიგრაციის ნებართვის გაცემა

როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მუდმივად საცხოვრებლად მიდის საზღვარგარეთ, ესაჭიროება საქართველოს მოქალაქის პასპორტი და ემიგრაციის ნებართვა.

ემიგრაციის ნებართვის მისაღებად განცხადების წარდგენის უფლება აქვს საქართველოს სრულწლოვან, ქმედითუნარიან მოქალაქეს.

მათივე ცნობით, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი ემიგრაციაში მიდის თავის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად. ხოლო თუ ის მიემგზავრება უცხოეთში მყოფ თავის კანონიერ წარმომადგენელთან და აქვს ამ უკანასკნელის თანხმობა, ამ შემთხვევაში საზღვარგარეთ მიდის სრულწლოვან ქმედითუნარიან თანმხლებ პირთან ერთად.

დაინტერესებული პირი ემიგრაციის ნებართვის მისაღებად განცხადებას წარადგენს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ფილიალში.

ემიგრაციის ნებართვა ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში გაიცემა. ემიგრაციის ნებართვაზე განაცხადის გაკეთება ასევე შესაძლებელია დისტანციურად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ცნობით, განცხადებას ემიგრაციის ნებართვის გაცემის თაობაზე უნდა დაერთოს საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, 2 ფოტოსურათი, (ზომა 3×4), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რაც შეეხება ასაკს,  კომისიის განმარტებით, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისთვის (კაცებისთვის) – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევის ან სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ.

არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, კი დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლ(ებ)ის თანხმობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ემიგრაციის ნებართვის გაცემასთან ერთად საქართველოს მოქალაქის პასპორტში სვამს შტამპს აღნიშვნით: „მუდმივი გასვლა.”

ემიგრაციის ნებართვის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close