News დაიჯესტი

თბილისში,კავკასიის ახალგაზრდების მიერ, პლატფორმა „ახალი თაობა მშვიდობისთვის“ დაფუძნდა

„ახალი თაობა მშვიდობისთვის“ ასე ჰქვია ახალ მუდმივ მოქმედ

პლატფორმას, რომელიც21 ივნისს,თბილისში,კავკასიის რეგიონის ახალგაზრდების მიერ ევროპელი ახალგაზრდების მონაწილეობით სასტუმრო „თბილისი მარიოტში“დაფუძნდა.

პლატფორმა ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2016 წლის, აპრილის იდეას – „თბილისი მშვიდობის ქალაქი.ფორუმზე შეკრებილმა ახალგაზრდებმა ისაუბრეს რეგიონის კონფლიქტებზე და მათი მოგვარების გზებზე. დასავლეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აღნიშნულის თაობაზე და ახალგაზრდებს გაუზიარეს კონფლიქტის მოგვარების დასავლური გამოცდილება. ორგანიზატორების მიერ არჩეულ იქნა 7 წევრიანი საორგანიზაციო ჯგუფი და ჯგუფის მდივანი.

ფორუმის მონაწილეებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ამა წლის პირველ მაისს, თბილისში საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი ახალგაზრდობის აქციას, ამა წლის პირველ მაისს, ფილარმონიის წინ გამართულ აქციას. აქცია განპირობებული იყო კავკასიაში არსებული კონფლიქტების სიჭარბით და მუდმივი დაძაბულობით.

ფორუმის ბოლოს, 100 მდე ახალგაზრდამ ხელი მოაწერა მანიფესტს, რომელიც მუდმივმოქმედი კომისიის ძირითად სამოქმედო გეგმას წარმოადგენს:

„ჩვენ, დოკუმენტებზე ხელმომწერი  ახალგაზრდები, გამოვხატავთ და ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ კავკასიის რეგიონსა და მთელს მსოფლიოში   მშვიდობის უზრუნველსაყოფად მიმდინარე პროცესებში.

ჩვენ გვაქვს სურვილი თავად გავხდეთ სამშვიდობო ქმედებებისა და ღონისძიებების ავტორები.

ჩვენი აქტიურობა ხელს შეუწყობს მშვიდობისა და ნდობის აღდგენის პროცესების გაძლიერებასა და განმტკიცებას.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ 2250 რეზოლუციაში ხაზგასმულია ახალგაზრდების განსაკუთრებული როლი კონფლიქტების მოგვარებისა და პრევენციის, დაპირისპირებული მხარეების შერიგებისა და მშვიდობის დამყარების საქმეში. ამ რეზოლუციით გაერო მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს აქტიურად ჩართონ ახალგაზრდობა კონფლიქტების მოგვარების გზების ძიებისა და განხორციელების საქმეში.ამ რეზოლუციის თანახმად აუცილებელია ახალგაზრდების შეხედულებებისა და ინიციატივების გათვალისწინება, რათა წარმატებით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმებების იმპლემენტაცია.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გავლენას ახდენს ვითარებაზე კავკასიაში, აქ მიმდინარე კონფლიქტები კი გლობალური პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენენ. გასული საუკუნეების 90-იანი წლების მძიმე გამოცდილება დღესაც კვალად გასდევს უამრავი ადამიანის ცხოვრების წესს ჩვენს რეგიონში. კავკასიელი ახალგაზრდების სამშვიდობო აქტიურობას განაპირობებს ის მძიმე ვითარება, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს. რეგიონის დღევანდელი ახალგაზრდობა, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდობის  ნაწილია, აცნობიერებს სამშვიდობო აქტივობების აუცილებლობას, როგორც საკუთარ რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში.

სწორედ მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობისთვის საბრძოლველად ერთიანდებიან თბილისის ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები. „ახალი თაობა – მშვიდობისათვის“, ეს არის რეგიონალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიო ახალგაზრდული სამშვიდობო მოძრაობის ნაწილად უნდა იქცეს.

ჩვენ, ფორუმის მონაწილეებს გვსურს შევქმნათ მყარი ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესი მშვიდობის დამყარების საქმეში.

ჩვენ გვაქვს უნარი ხელი შევუწყოთ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პროცესს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას შემოუერთდება რეგიონის ახალგაზრდობა, ისინი ვინც კავკასიის ქვეყნების ხვალინდელი, მშვიდობიანი ცხოვრება უნდა უზრუნველყონ.

ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ხმა შეუერთდეს  მშვიდობისათვის მებრძოლ საერთაშორისო ახალგაზრდობის ხმას, რათა შევცვალოთ  არსებული ვითარება და მსოფლიოში მშვიდობის დამყარების პროცესი შეუქცევადი გავხადოთ“.

ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP, UNAG, ავსტრიის განვითარების ფონდი – DHAD, ადენაუერის ფონდი)  და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის (აშშ-ს, საბერძნეთის, გერმანიის, სომხეთის) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფორუმმა დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში.

ღონისძიების შემდეგ გაიმართა ფორუმის მონაწილეების შეხვედრა საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრთან,მიხეილ ჩხენკელთან, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ოდიშარიასთან და ფრაქციის მდივან ნინო წილოსანთან. საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოისმინა ფორუმის მონაწილეთა ინიციატივები, უპასუხა ახალგაზრდების შეკითხვებს და სრული მხარდაჭერა აღუთქვა შემდგომ საქმიანობაში.

ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II -ს. უწმინდესმა დალოცა ფორუმის მონაწილეები და შემდეგი სამუშაო შეკრებისათვის საქართველოს საპატრიარქოს აჭარის რეზიდენცია შესთავაზა.

„ახალი თაობა მშვიდობისათვის“ შემდეგ შეკრებას და კონკრეტული ინიციატივების გაჟღერებას აგვისტოში გეგმავს.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close