News დაიჯესტი

მირზა სუბელიანი დააკავეს

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის მამა, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სუბელიანი ბრალს აღიარებს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.

საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

მეზვრიშვილის თქმით, ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლი, რომლითაც ხორავას ქუჩის საქმეზე მთავარი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანია დაკავებული, ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4-წლამდე ითვალისწინებს.

მირზა სუბელიანი საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ მიიყვანეს. ბოლოს, ორი დღის წინ, 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, სუბელიანმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მის მიმართ ბრალის წარდგენას.

სისხლიანი გარჩევისას გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ სწორედ მირზა სუბელიანია გამოძიების მასალების გაყალბების მთავარი ფიგურანტი და მისი მთავარი მოთხოვნა აქციების დროს, ხელისუფლების მიმართ, სწორედ სუბელიანის დაკავება გახლდათ.

იმ დროს სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close