News დაიჯესტი

ნიკოლოზ მეტრეველი – საზოგადოებაში მოთმინების რესურსი იწურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორის ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, სახელმწიფოს უნდა მართავდნენ ინსტიტუციები და არა ერთი ან ორი კაცი.

ჩვენ არაერთხელ ვნახეთ და დავრწმუნდით, რომ სამი ძირითად ბურჯი, რაზედაც სახელმწიფო უნდა იდგეს, ამ ქვეყანაში სტაგნაციას განიცდის–სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ვერ გაიგებ, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ვინ ვის დაქვემდებარებაშია, ვინ ვის ნიშნავს და ხსნის… და ეს ხდება ძალიან მძიმე სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში. საზოგადოებაში მოთმინების რესურსი იწურება.

სახელმწიფოს მართვაში საკადრო პოლიტიკა ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და ზოგიერთ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევითი ხალხია ხელისუფლებაში. გროტესკული და დილეტანტი ადამიანები ინიშნებიან სხვადასხვა თანამდებობებზე და მათი ერთადაერთი ამოცანაა, რაც შეიძლება დიდხანს გაჩერდნენ თანამდებობებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ფული ჩაიდონ ჯიბეში.

მოცემულობა შემდეგია, დღეს უკვე როდესაც ქართული ოცნების მმართველობის მეექვსე წელია, ბუნებრივია, სხვა რეალობაა, თუ საზოგადოების დიდ ნაწილს, 2013 წელს არ მოწონდა ბევრი რამ, ადამიანები მაინც თავს იკავებდნენ, ფრთხილობდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ იყო საფრთხე წინა რეჟიმის მობრუნების.

დღეს, უკვე ის ნარატივი, რომ “ქართულ ოცნებას” თუ მწვავედ გავაკრიტიკებთ ისევ “ნაც. მოძრაობა” დაბრუნდება აღარ მუშაობს. დღეს მსგავსი უსუსური მცდელობაა ქართული ოცნების შესრულებით კონტრპროდუქტიულია.

უსუსური მცდელობააო ამბობთ და ეს უსუსური მცდელობა ჯერ ისევ ჭრის. თქვენ გეგულებათ ისეთი ძალა, რომელიც ქართულ ოცნებას ჩაანაცვლებს?

საზოგადოებაში სულ უფრო მყარდება აზრი, რომ ქვეყანაში სახელმწიფო და სოციალური მართვის სისტემა სერიოზული ხარვეზებით ფუნქციონირებს და შესაბამისად არაეფექტურია. მე და არა მარტო მე მიმაჩნია, რომ უკვე დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლებაში ადამიანები უნდა მოდიოდნენ არა ლოზუნგებით, არამედ მკაფიო და დროში გაწერილი განვითარების სტრატეგიული გეგმით. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ დღეს საქართველოში არცერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ისეთი საკადრო და ინტელექტუალური რესურსი, რომ ცალკე ერთად აღებულმა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა. შესაბამისად დღის წესრიგში დგება კოალიციური მთავრობის შექმნა. ამან არ უნდა შეგვაშინოს , მაგალითასათვის, ევროკავშირში არ არსებობს პრაქტიკულად არცერთი ქვეყანა, რომელსაც კოალიციური მთავრობები არ მართავენ.

ბევრი საუბარი მიდის და უკვე აშკარაა, რომ „ოცნება“ და ყოფილი ხელისუფლება მჭიდროდ თანამშომლობენ ერთმანეთთან, ისეთი ვარაუდიც ისმის, რომ შესაძლოა, მათთვის მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ეს რეალურად მიგაჩნიათ?

ეს ვარაუდი სამწუხარო რეალობაა, ჯერ კიდევ 2012 წლიდან. რაც დღევანდელი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – დანაშაულებრივის ტოლფას შეცდომადაა მიჩნეული ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის მხრიდან.

დღეს, სასამართლო და სამართალდამცავ სისტემაში არსებული სავალალო და მე ვიტყოდი კატასტროფული მდგომარეობა, ვფიქრობ ამის ნათელი დასტურია. მრავალ დანაშაულში ეჭვიტანილი და იმიჯშელახული მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, ეს არის დანაშაული. კი არ უნდა დანიშნო, უნდა გამოიძიო მათი უკანონო გადაწყვეტილებები და ვინც დასაჯელია, დასაჯო, ვინც გასაყრელია, გაყარო სასამართლო სისტემიდან. ხელისუფლების დანაშაულებრივი ლოიალობაა ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ სისტემაში არსებულ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

არავის სჯერა, რომ ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის არსებული ე.წ „კოაბიტაცია“ ან სამართლიონობას აღადგენს ან ქვეყანას წაიყვანს წინ. ამჟამად არსებული პოლიტიკური სიტუაცია მხოლოდ მანკიერი და არაეფექტური ორპარტიული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას ემსახურება.

და თუ მაინც მოხდა რაღაც მსგავსი, რა რეაქცია ექნება ხალხს, რომელიც ნაციონალებზე გამწარებულია, მაგრამ ვეღარც ოცნებას იტანს?

რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენებისათვის ხელისუფლების გადაბარებას: წინა რეჟიმის დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ვინმეს რომც გაუჩნდეს მსგავსი სურვილი ამას საზოგადოების ხმრიდან უმწვავესი რეაქცია მოყვება. ამ რეაქციის ლოგიკური შედეგი იქნება ორივე პოლიტიკური ძალის სრული გაქრობა.

კალაძემ გამოთქვა „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობის სურვილი, როგორ შეაფასებდით მის ამ ნაბიჯს?

თბილისსაც და საქართველოსაც ახალი იდეების, მაღალი კომპეტენციის, პატიოსანი ადამიანები სჭირდება. თუ მერს არ ახსოვს და ვერ ხედავს ნაციონალური მოძრაობის ამ ნაწილის მმართველობის შედეგებს, საზოგადოებას ეს კარგად ახსოვს. ამ ადამიანებს სამართლომ თუ არა, ჩვენმა მოქალაქეებმა განაჩენი უკვე გამოუტანეს. ძნელად წარმოსადგენია „ევროპულმა საქართველომ“ რა შეიძლება შესთავაზოს სასარგებლო და მისაღები ჩვენს დედაქალაქს.

უსუსურობას ახსენებთ და ხელისუფლება მრავალი მიმართულებით იჩენს უნიათობას. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ოკუპირებული რეგიონები. თქვენი აზრით, აღარ აინტერესებს საქართველოს აფხაზეთი და სამაჩაბლო?

ჩემს შეფასებებში ხელისუფლებასთან მიმართებაში კრიტიკული ვარ, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებაში ან თუნდაც ქართულ საზოგადოებაში, მცირე და მოღალატე ნაწილის გარდა, ყველას აწუხებს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ჩვენი დევნილი თანამემამულეთა მდგომარეობა. მთავრობამ რუსეთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია, საერთაშორისო თანამეგობრობაზე დაყრნდობით გაცილებით უფრო მკაცრი და პრინციპული უნდა გახადოს.

წყარო: ახალი თაობა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close