კატეგორიის გარეშე

„გააგებინეთ ოჯახებს და ახლობლებს, აქ როგორ ვწვალობთ“- ინტერვიუ თურქეთში მყოფ ქართველ ემიგრანტებთან

ავტორი: ჯემალ ღამბაშიძე

როგორც ცნობილია, საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა მოსახლეობის საყოველთაო დასაქმების მხრივ. უმუშევრობამ მიაღწია საკმაოდ დიდ მაჩვენებლებს და მიუხედავად მთავრობისა და შესაბამისი მინისტრების დაპირებებისა, აღნიშნული პრობლემა გადაუჭრელია. მოსახლეობა კი თავისი ძალებით ცდილობს თავი დაისაქმოს და როცა სამშობლოში სამუშაო ვერ ნახა, მიუხედავად დიდი სიძნელეებისა (უცხო გარემო, საბუთების არქონობა, უუფლებობა და სხვ.) საზღვარგარეთის ქვეყნებს მიაშურა სამუშაოს საძებნად.

რა თქმა უნდა, ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არიან, მაგრამ უმეტესწილად მუშაობენ თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში.

ჩვენ შევეცადეთ თურქეთში მომუშავე ქართველებისაგან გაგვეგო მათი პრობლემების შესახებ.

„გააგებინეთ ოჯახებს და ახლობლებს, აქ როგორ ვწვალობთ“,-ასე დაიწყო ინტერვიუ თურქეთში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა ნინო ლ-მ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მიზეზად ქვეყანაში არალეგარულად ყოფნა დაასახელა.

ქალბატონი მეუღლესთან ერთად უკვე მეექვსე წელია სტამბოლში ცხოვრობს. საქართველოში 2 შვილი ჰყავს-ელენე და გიორგი, რომლებსაც კასპში, 75 წლის მარტოხელა ბებო ზრდის.

როგორც ჩვენი რესპონდენტის საუბრიდან გაირკვა, თურქეთში საშუალო ხელფასი 900-დან 1000 ლირამდეა, რომელიც ქართულ 550-600 ლარს უტოლდება.

ხელფასი დაბალია, სამუშაო საკმაოდ მძიმე. აქ ემიგრანტების დასაქმება ძირითადად ე.წ. დამსაქმებლის დახმარებით ხდება, რომელსაც გარკვეული საკომისიო მიაქვს, რომელიც შეიძლება ერთი თვის ნამუშევარიც კი იყოს. სამუშაო საათებს რაც შეეხება, აქ მუშაობისთვის განკუთვნილი დრო 12 საათია (ეს მხოლოდ ოჯახებში მუშაობას არ ეხება, რადგან იქ 24 საათიანი მუშაობა უწევთ). „იზინი“ ანუ დასვენების დღე ძირითადად კვირაში ერთხელაა.

„ მეექვსე წელია, რაც აქ ვცხოვრობთ. ისე კასპიდან ვართ. იქ დედა და ჩემი ორი შვილი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. აქ სამსახური დამსაქმებლის დახმარებით დავიწყეთ, რომელმაც მე და ჩემი მეუღლის ერთი თვის ნამუშევარი წაიღო. ფეხსაცმლების ფაბრიკაში ძალიან რთული სამუშაო იყო.

-ქალბატონო ნინო, დამეთანხნებით, ყველა სამუშაო ძნელია.

– რა თქმა უნდა, ძნელია. ჩვენ აქ დაქირავებული მუშები ვართ, მაგრამ, პირველ რიგში, ადამიანები ვართ. მე ჩემი სამუშაო მევალებოდა ფაბრიკაში-ფეხსაცმლების კონტროლი და არა მთლიანი ფაბრიკის დალაგება. ისინი თვლიან, რადგან ფულს გიხდიან, მათი „მონა“ ხარ.

-ხელფასი რამდენი გქონდათ?

-800 ლირა, რომელიც დამსაქმებელმა აიღო. ჩვენ კი იძულებულნი გავხდით სხვა სამსახური მოგვეძებნა.

-ამჟამად სად მუშაობთ?

-ამჟამად შარვლების ფაბრიკაში. მე და ჩემი ქმრის ხელფასი დაახლოებით 2 200 ლირაა, აქედან ბინის ქირას 300 ლირას ვიხდით, კომუნალურებს, რაც შეეხება კვებას, ეკონომიურად ვჭამთ.

-საქართველოში რას საქმიანობდით?

-უმუშევრები ვიყავით, შვილო, სწორედ ამიტომ გავხდით იძულებლნი საქართველო დაგვეტოვებინა. ისე, პროფესიით მე ექთანი ვარ, მეუღლე კი-ინჟინერი.

-საქართველოს საკონსულოსთან თუ გაქვთ კონტაქტი?

-სიმართლე რომ გითხრათ, თურქეთში საქართველოს საკონსულო არც ვიცი სად მდებარეობს.

-საქართველოში დაბრუნებას როდი გეგმავთ?

-ვფიქრობ, ეს კითხვა წლები პასუხგაუცემელი დარჩება…..

ნატო-იზმირი

-თურქეთში უკვე მეათე წელია, რაც ვარ. ისე კახეთში ვცხოვრობ. სამწუხაროდ, ვალების გამო ქვეყნის დატოვება მომიწია და იძულებული გავხდი, ჩემი სამი ობოლი მარტო დამეტოვებინა… აქ დამსაქმებლის დახმარებით მოვხვდი. რა თქმა უნდა, ძნელია აქ, ოჯახიდან მოწყვეტილი რომ ხარ. ბევრი სამსახური გამოვიცვალე, იყო არაერთი დამცირება, თეთრად გათენებული ღამეები….. პროფესიით, იურისტი ვარ, თუმცა აქ ვარ, იზმირში ერთ-ერთ ოჯახში ბავშვებს ვუვლი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მონატრებული შვილების სითბოსა და სიყვარულს მათ ვუნაწილებ…. საქართველოში ვფიქრობ, კიდევ წლები არ დავბრუნდები…. -აცრემლებულმა რესპონდენტმა ინტერვიუ შეწყვიტა….

ლია ყ.-იზმირი

თურქეთში მე-8 წელია ვცხოვრობ. იზმირში მდებარე ერთ-ერთ „ლოკანტაში“ ანუ სასადილოში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ. ხელფასი ყოველდღიური 55 ლირა მაქვს, რომელიც საქართველოში 35 ლარია.

აქ დიდი ფუფუნება ნამდვილად არაა, ჭურჭლებს ხელით ვრეცხავ და ზოგჯერ ცივი წყლითაც.

საქართველოში მეუღლე და ოთხი შვილი მყავს. ოჯახში თითქმის ყველა უმუშევარია და მათი რჩენა მე მიწევს, თან ვალებიც მაქვს.

-ქალბატონო ლია, საქართველოში მყოფი ოჯახის წევრები რატომ არ მუშაობენ?

-შვილო, ჩემი მეუღლე პირველი ჯგუფის ინვალიდია. შვილებს რაც შეეხება, ორი მათგანი ჯერ სკოლაში სწავლობს, ორმა კი სამსახური ვერ იშოვა.

-ქალბატონო ლია, სამუშაოდ მაინცდამაინც თურქეთი რატომ გადაწყვიტეთ?

-ჩემმა მეზობელმა მირჩია და მისი დახმარებით ჩამოვედი, რადგან ის დამსაქმებელი იყო. ორი წელი ჩვეულებრივად სახლში, ანუ საქართველოში დავდიოდი. თუ იცით, მაშინ საქართველო-თურქეთის ვიზა ერთთვიანი იყო. სამწუხაროდ, უკვე მეექვსე წელია არ გადავსულვარ, რადგან დეპორტაცია მაქვს. ამჟამად ქვეყანაში არალეგარულად ვიმყოფები. ერთი თხოვნა მაქვს, მიაწვდინეთ საქართველოს მთავრობას, რომ ჩვენ, ემიგრანტები, ვარსებობთ.  ყველა მთავრობას მარტო არჩევნებზე ვახსენდებით.

რაც შეეხება საკონსულოს, პირადად მე არ ვიცი სად მდებარეობს, თუმცა ჩემს მეგობარს ძალიან დაეხმარნენ, როცა ის ოჯახიდან გამოაგდეს და არც ნამუშევარი თანხა მისცეს. შემდეგ საქმეში საკონსულო ჩაერია და, უფლის წყალობით, ყველაფერი მოგვარდა.

ნანი შ.-ანკარა

თურქეთში წლებია ვიმყოფები. აქ ოჯახში მოხუცს ვუვლი. ხელფასი 1600 ლირა მაქვს. პროფესიით ექთანი ვარ. საქართველოში, სამწუხაროდ, მარტო დედა და ერთი ძმა მყავს, რომლებიც გორში ცხოვრობენ.

რაც შეეხება სამუშაოს, ძნელია. აბა, აქ ფულს ისე არავინ მოგცემს. მართალია, მანდ ყველას ჰგონია,რომ საზღვარს ფეხს გადმოდგამ თუ არა, აქ ფულს დაგახვედრებენ. ეს ასე არაა, გთხოვთ, დააფასეთ ყველა ემიგრანტი…

ყველაფრის მიუხედავად, ქართველები ყოველ კვირას, დასვენების დღეს ვიკრიბებით, ერთმანეთს ჩვენს გულისტკივილს ვუზიარებთ და, რაც მთავარია, ჩვენს საყავრელ ენაზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ კუთხურადაც. რაც შეეხება მნიშვნელოვან დღესასწაულებს, ტრადიციულად ყოველთვის ერთად ვხვდებით ხოლმე. ნაწილობრივ შევეგუეთ ჩვენს ბედს….

ჩვენ შევეცადეთ ე.წ. დამსაქმებლებთან გასაუბრებას, თუმცა მათ უარი განაცხადეს, მიზეზად არარეგალური მუშაობა დაასახელეს.

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close